Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობის პრობლემა რეალობასა და ოფიციალურ მოლაპარაკებებში


8 სექტემბერს მოსკოვში ხელმოწერილ რუსეთ-ევროკავშირის მემორანდუმში არაფერია ნათქვამი ზემო აფხაზეთზე, რომელსაც მთლიანად აფხაზური და რუსული სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

კოდორის ხეობა და იქ შექნილი ვითარება ერთგვარ საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა მას შემდეგ, რაც სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი რაიონი საქართველოს სამხედრო ფორმირებებმა 12 აგვისტოს უბრძოლველად დატოვეს. ეს კი საზოგადოებაში აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება შეეგუა ზემო აფხაზეთის დაკარგვას. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ასეთი მოსაზრება და რა ხდება ამჟამად კოდორის ხეობაში?

ზემო აფხაზეთი, სადაც 2 წლის განმავლობაში დიდი აღმშენებლობა იყო, 12 აგვისტოს შემდეგ გაუკაცრიელებულია. ხეობაში დარჩენილია მხოლოდ 30-მდე ადამიანი. დანგრეულია და გაძარცულია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის კოტეჯები და რეზიდენცია, რომელზეც აფხაზური დროშა ფრიალებს. ასე აღუწერა რადიო ”თავისუფლებას” ზემო აფხაზეთში შექმნილი ვითარება ერთ-ერთმა ქართველმა სასულიერო პირმა, რომელიც დღემდე იმყოფება ოკუპირებულ ხეობაში. აფხაზებმა კოდორის ხეობაში დანიშნეს ახალი გამგებელიც, აჟარელი ზაზა გურჩიანი, რომელიც, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის კახა აქიშბაიას თქმით, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ იძებნებოდა:

[კახა აქიშბაია] ”ამ პიროვნებას არ ვიცნობ, ვინაიდან როდესაც ჩვენ შევედით ხეობაში, მასზე გამოცხადებული იყო ძებნა. გავრცელებული ინფორმაციით, მან წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მაშინ, როდესაც ხეობაში ჩატარდა სპეცოპერაცია. შესაბამისად, ის ამ წლების განმავლობაში იყო მიმალული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დაინიშნა ე.წ გამგებლად. არ არის გამორიცხული, რომ ის აკონტროლებდეს რამდენიმე სოფელს. ასევე, ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ წარმომადგენლად დაინიშნა ვინმე ჭკადუა.”(სტილი დაცულია)

გადაუმოწმებელი ინფორმაციები არამხოლოდ კოდორის ხეობის ახალ მმართველებზე ვრცელდება. დღემდე ბევრი კითხვა ისმის იმის თაობაზე, თუ რატომ დატოვეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულმა ქვედანაყოფებმა, რომელთა საერთო რაოდენობა ზემო აფხაზეთში 8 აგვისტომდე, დაახლოებით, 600 კაცს შეადგენდა. ასევე მოარული ხმებით, ხეობაში დარჩა დიდი რაოდენობით საბრძოლო აღჭურვილობა და ტყვია-წამალი, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა ნადავლის სახით ხელთ იგდეს. სამხედრო ოპერაციის დეტალები არ იცის, თუმცა, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე კახა აქიშბაიამ უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, ზემო აფხაზეთის დაცლა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ხეობას ორი მიმართულებით შეუტიეს:


[კახა აქიშბაია] ”ამ ჯარების ერთი ნაწილი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ წავიდა ფოთის მიმართულებით და მეორე ნაწილი წავიდა ჯვარის მიმართულებით. ანუ მათ პრაქტიკულად გადაკეტეს ის ერთადერთი გზა, რომელიც მიდიოდა ხეობისკენ. ამით ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები მოექცნენ ალყაში. ხეობის დაცემა უკვე დროის საკითხი იყო. შეუძლებელი იყო ხეობის დაცვა და, ამავდროულად, უკვე ხელი იყო მოწერილი ცეცხლის შეწყვეტაზე. ამიტომ ეს იყო ორი ძირითადი ფაქტორი.” (სტილი დაცულია)


თითქმის მთელი თვეა, რაც საქართველოს ხელისუფლების ფორპოსტი აფხაზეთში, კოდორის ხეობა, საინფორმაციო ვაკუუმშია მოქცეული. საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ყველანაირი კონტროლი ხეობაზე, რომლის დასაკავებლად დე ფაქტო აფხაზეთი 15 წელი იბრძოდა. კოდორის ხეობა არ ფიგურირებს არც სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის შეთანხმებაში და არც 8 სექტემბრის მემორანდუმში, სადაც საუბარია რუსეთის ჯარების გაყვანაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა მალხაზ აქიშბაია, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში აუცილებლად აღდგება 6 აგვისტომდე არსებული ვითარება:

[კახა აქიშბაია] ”წელს უკვე იქნება მეორე ეტაპი, რომელიც დაიწყება 15 ოქტომბრიდან ჟენევაში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის დროს უკვე ძალიან მკაცრი და სამართლებრივი შეფასებები მიეცემა იმას, თუ რა მოხდა რუსეთის მხრიდან და, მათ შორის, ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში, თუ რა დარღვევებთან გვქონდა საქმე. ”(სტილი დაცულია)


ჯერჯერობით უცნობია, გამოჩნდებიან თუ არა ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კოდორის ხეობაში, სადაც მათი წინამორბედი გაეროს სამხედრო დამკვირვებლები ისედაც იშვიათად მორიგეობდნენ. ახალი შემოვლითი გზა ზუგდიდიდან აჟარამდე და ძველი, პირდაპირი, -აჟარიდან სოხუმამდე, - დღესდღეობით მთლიანად რუსი და აფხაზი სამხედროების მიერ კონტროლდება. სულ რაღაც 2 თვეში კი უღელტეხილები თოვლით დაიფარება და კოდორის ხეობა, კლიმატური პირობების გამოც, მოსწყდება დანარჩენ სამყაროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG