Accessibility links

logo-print

საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გამოიწვია


საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიამ „ყაზმუნაიგაზმა“ ბათუმში 1 მილიარდი აშშ დოლარის პროექტის დაწყება შეაჩერა

(ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყაზახეთის კომპანიას ბათუმში ევროპული სტანდარტის შესაბამისი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა აეშენებინა), ხოლო ისრაელის მთავრობამ საქართველოში ვიზიტების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც იარაღის შესყიდვების პროცესში მონაწილეობენ. საქართველოს მიმართ ინვესტორთა ინტერესისა და უცხოური ინვესტიციების შემცირების ვარაუდს გამოთქვამენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც.

საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზმა“ შავ ზღვაზე საკუთარ პოლიტიკას გადახედა და ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გადაიფიქრა. ამ ინფორმაციის წყარო „ყაზმუნაიგაზის“ თანამშრომელია, რომელიც ვინაობის გამხელას მოერიდა. მან განაცხადა, რომ ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შეჩერება არასაკმარისი ფართობის გამო გადაწყდა. ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ ზღვიდან და დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, რასაც სტანდარტები მოითხოვს, მშენებლობის დაწყება შეუძლებელია, რადგან ამის საშუალებას მთიანი რელიეფი არ იძლევა.

ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ბათუმში ერთმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება ჯერ კიდევ 2006 წელს გადაწყვიტა. პროექტის შეჩერების შესახებ კი მხოლოდ საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის განხორციელების შემდეგ გახდა ცნობილი. იგივე ანონიმური წყარო იტყობინება, „ყაზმუნაიგაზმა“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა თურქეთის საპორტო ქალაქშიც გადაიფიქრაო.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ყაზახეთის ხელისუფლებაც. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ყაზმუნაი გაზის“ მიერ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ გაყიდვის შესახებაც.

მანამდე ცნობილი გახდა ისიც, რომ აზერბაიჯანმა ერთი თვით გადასწია თბილისის მახლობლად ნავთობტერმინალის მშენებლობის დაწყება. ინვესტორების ასეთი გადაწყვეტილების კომენტირება ვთხოვე ეკონომიკის ექსპერტს ნიკო მჭედლიშვილს.

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] „მიუხედავად იმისა, რომ შედარებით დასტაბილურდა ვითარება საქართველოში, ინვესტორებს მაინც აქვთ შიში. ეს არსებობს და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ სიფრთხილესთან გვაქვს საქმე. ფრთხილობენ, თავს იკავებენ, რათა ნახონ როგორ განვითარდება სიტუაცია საქართველოში.“ (სტილი დაცულია)

მიუხედავად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე უარის თქმისა, კვლავაც ყაზახეთის საკუთრებაში რჩება ბათუმის პორტი, რომელიც მან კომპანია „გრინოუკისგან“ შეიძინა. ყაზახეთი კვლავაც აპირებს ბათუმის პორტიდან ნავთობის ექსპორტის გაგრძელებას.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე დიდი ენერგეტიკული პროექტის, „ნაბუკოს“, განხორციელების იმედსაც ინარჩუნებს. ამ იმედის საფუძველს ისიც იძლევა, რომ, აზერბაიჯანის განცხადებით, მას არ დაუკარგავს ინტერესი „ნაბუკოს“ პროექტის მიმართ. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად 750 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გაუხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის კომენტარი:

[ლადო გურგენიძის ხმა] „ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი იმისაკენ, რომ არათუ შენარჩუნდეს ინვესტორების რწმენა და ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი, არამედ გამძაფრდეს და გაიზარდოს კიდეც.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ გადაწყვეტილებისა და საერთაშორისო ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მიმართ ინტერესის შენარჩუნების შესახებ რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა გამოაცხადა. მათ შორის „რაკ ინვესტმენტ აუტორიტიმ“, რომელიც ფოთის პორტის 51 პროცენტის მფლობელია და რომელიც საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ საქართველოში ახალი ინვესტიციაც გამოჩნდა, ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიის, „დოჰენი გრუპის“, სახით. ეს კომპანია ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მშენებლობის ინვესტირებას განახორციელებს.

საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე გავლენას ახდენს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ინდექსებიც. თანახმად ახლახან მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული მოხსენებისა - „ბიზნესის წარმოება 2009“, საქართველომ წინა მაჩვენებელი გააუმჯობესა და მეთვრამეტე ადგილიდან მეთხუთმეტეზე გადაინაცვლა.
XS
SM
MD
LG