Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა საქართველოს ოკუპაციის დღეებში?


რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა მძიმე კვალი დაამჩნია საქართველოს ფლორასა და ფაუნას.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა, რომლის ჩაქრობა თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ბორჯომის ხეობაში წიწვოვანი ტყის ათასი ჰექტარი გაანადგურა. ასევე ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე შეიქმნა კოლხეთის ნაკრძალშიც, რომლის მახლობლად, ფოთის აკვატორიაში, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს საზღვაო ფლოტის კუთვნილი რვა მცურავი საშუალება ჩაძირეს. შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ზღვაში ჩაიღვარა დიდი რაოდენობის - დაახლოებით, 50 ტონა საწვავი. გაცილებით მეტი, 720 ტონა ნედლი ნავთობი, დაიღვარა გორის რაიონის სოფელ სკრაში, სადაც ოკუპანტების მიერ დადებულ ნაღმზე 12 ცისტერნისგან შემდგარი სარკინიგზო შემადგენლობა აფეთქდა. მინდა უფრო დაწვრილებით გიამბოთ იმის შესახებ, თუ რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა საქართველოს ოკუპაციის დღეებში და როგორ აპირებს ხელისუფლება ზარალის ანაზღაურებას.

აკადემიკოსი გია ნახუცრიშვილი ბოტანიკოსია. გამოცდილ, მრავლისმნახველ მეცნიერს გული სწყდება, რომ ბორჯომის ხეობის უნიკალური წიწვოვანი ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი არა უბედურ შემთხვევას ან დაუდევრობას, არამედ ადამიანის უგუნურებასა და სისასტიკეს შეეწირა:

[გია ნახუცრიშვილის ხმა] „ამ მოცულობის ზიანი, რა თქმა უნდა, დიდხანს გაჰყვება ჩვენს საზოგადოებას როგორც უმძიმესი შემთხვევა. ადამიანი რომ არსებობს, ეს მცენარის დამსახურებაა. მოგეხსენებათ, ჟანგბადის ერთადერთი წყარო არის მცენარე.“

ჟანგბადის ეს ერთადერთი წყარო, რომელზეც აკადემიკოსი გია ნახუცრიშვილი ლაპარაკობდა, ბორჯომის ხეობაში 23 დღის განმავლობაში იწვოდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ირაკლი ღვალაძის თქმით, რომ არა ოკუპანტები, ხანძრის ლოკალიზება გაცილებით ადრე მოხერხდებოდა.

[ირაკლი ღვალაძის ხმა] „მეხანძრეებმა ვერტმფრენები ვერ გამოიყენეს, იმიტომ რომ დაემუქრნენ ჩამოგდებით. გორში კი გზა იყო ჩაკეტილი და სახანძრო მანქანები ვერ ჩავიდნენ ამის გამო. რაც შეეხება ნივთმტკიცებას, რომ რუსმა სამხედროებმა გააჩინეს ხანძარი, არის რამდენიმე თვითმხილველის ჩვენება. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ხანძარი ჩაქრა, დავიწყეთ ნივთმტკიცებების აქტიური მოძიება.“

ირაკლი ღვალაძის თქმით, ბორჯომისა და ატენის ხეობებისგან განსხვავებით, ნივთმტკიცებები უკვე მოძიებულია ფოთში, სადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, საქართველოს კუთვნილი გემების ჩაძირვით, ზღვაში ორმოცდაათ ტონამდე საწვავი ჩაღვარეს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძე ამბობს, რომ ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურებისგან ძლიერმა ღელვამ იხსნა, თუმცა რუსი სამხედროების გამოისობით დღემდე ვერ ხერხდება კოლხეთის ნაკრძალში შესვლა და იქ შექმნილი ვითარების შესწავლა. ზაზა გამცემლიძის თქმით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფების მიზეზებისა და შედეგების დადგენაზე სპეციალური სამთავრობო კომისია მუშაობს:

[ზაზა გამცემლიძის ხმა] „იქ არიან მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე. მათ უნდა დადონ დოკუმენტი, რომელიც იქნება ერთგვარი ტექნიკური დავალება და ეს დავალება უნდა მისცენ რაიმე საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმას, რომელიც თვითონვე იპოვის იმ ადამიანებსა და ექსპერტებს, რომლებიც შეაფასებენ ამ დიდი დანაკლისის მოცულობას და ამას ანგარიშს გაუწევს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და არ იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ სუბიექტურად შევაფასეთ ეს ჩვენი ზარალი.“(სტილი დაცულია)

ზაზა გამცემლიძის თქმით, ავტორიტეტული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ გამოტანილი დასკვნა უთუოდ წაადგება საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, უჩივლოს და ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს რუსეთის მთავრობას. სარჩელის მომზადების ფაქტს ადასტურებს ირაკლი ღვალაძეც - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი:

[ირაკლი ღვალაძის ხმა] „სარჩელს მოამზადებს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენ კი მტკიცებულებების მოძიებით ვართ დაკავებული. სარჩელის შეტანა შეიძლება მოხდეს ან ჰააგაში, ან სტრასბურგში. შეიძლება სარჩელი შეიტანოს ფიზიკურმა პირმა სტრასბურგის სასამართლოში და მოითხოვოს იმ ზარალის ანაზღაურება, რაც მას ოკუპაციის დროს მიადგა. შეიძლება სარჩელი სახელმწიფომ შეიტანოს. ამას იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტს.“

თუმცა, ირაკლი ღვალაძის თქმით, ამ ეტაპზე სარჩელის მომზადებაზე მეტად საშურია ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოფხვრა, რაც, სპეციალისტების თქმით, სიფრთხილესა და ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თენგიზ ურუშაძე განმარტავს:

[თენგიზ ურუშაძის ხმა] „ნიადაგი თუ ისე გაუარესდა, რომ წყლის გატარების უნარი დაეკარგა, მაშინ წყალი წამოვა ზედაპირზე, რაც გამოიწვევს ეროზიას და ეს გამორეცხავს წყაროებს და, მათ შორის, ბორჯომის წყაროებსაც. ეს მომენტი არის ძალიან არსებითი და შესაბამისად გასათვალისწინებელი.“(სტილი დაცულია)


თენგიზ ურუშაძე და სხვა ქართველი მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ რუსეთის აგრესიამ საქართველოს ეკოსისტემას უდიდესი ზიანი მიაყენა. აკადემიკოსი გია ნახუცრიშვილიც ამბობს, რომ ნახანძრალი ას-ასორმოცდაათ წელიწადში აღდგება, თუმცა, მეცნიერის მტკიცებით, ეს უკვე სულ სხვა ტყე იქნება:

[გია ნახუცრიშვილის ხმა] „განადგურდა ფიჭვნარი ტყე, რომლის შექმნასაც დასჭირდა მილიონობით წელი. როდესაც ტყე ყალიბდება, იქ იქმნება განსაკუთრებული ურთიერთობები მცენარეებსა და გარემოს შორის. ეს ურთიერთობა დაირღვა. აი, ეს უკვე არის აუნაზღაურებელი დანაკლისი, აუნაზღაურებელი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG