Accessibility links

logo-print

რა მიზანს ისახავს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა


საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს სესიაზე განიხილავს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გახდება,

ხოლო იუსტიციის მინისტრი, იმავდროულად, გენერალური პროკურორის ფუნქციებს შეითავსებს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ამ ცვლილებას მწავედ აკრიტიკებს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია. გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანების მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარებათ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”, რომლის წევრები აქტიურად მონაწილეობენ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომებში. რა მიზანს ისახავს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა და რას უწუნებენ პრეზიდენტის ინიციატივას ოპონენტები?

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მიზნად ისახავს სამართალდამცავი და იუსტიციის სისტემების გარდაქმნას იმ მოდელის მიხედვით, რომელიც გატარებულ ინსტიტუციონალურ რეფორმებსა და თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანით დაიხვეწება გენერალური პროკურატურის კონტროლის მექანიზმი:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „თუ პარლამენტი დღემდე პოლიტიკურ კონტროლს ახორციელებდა მხოლოდ დანიშვნის მექანიზმით, ცვლილების მიღების შემდეგ ეს კონტროლი განხორციელდება ისევე, როგორც მთავრობის ნებისმიერ წევრზე, პერმანენტულად იმ ვადის ფარგლებშიც კი, რომელშიც ადრე ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა გენერალურ პროკურორს.“(სტილი დაცულია)

პავლე კუბლაშვილის თქმით, გენერალური პროკურორი, ისევე როგორც სხვა მინისტრები, ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, თუმცა კონტროლის ამგვარი მექანიზმის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივანს ოთარ კახიძეს:

[ოთარ კახიძის ხმა] „მოცემული ცვლილების თანახმად, პარლამენტი აღარ ნიშნავს გენერალურ პროკურორს, მას ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საპარლამენტო შემხებლობა გენერალურ პროკურორთან იქნება მხოლოდ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს. მოგეხსენებათ, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, რომ ერთ მესამედამდე მთავრობის წევრთა როტაცია აწარმოოს ისე, რომ პარალმენტის თანხმობა არ მიიღოს, ანუ არსებობს შესაძლებლობა, როცა გენერალური პროკურორი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება პარლამენტის თანხმობის გარეშე.“(სტილი დაცულია)

ოპონენტების პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მსგავსი მოდელი, როცა გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე უწყებაა, წარმატებით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და პროკურატურის წინაშე დასახული ამოცანების ეფექტურად გადაჭრის წინაპირობას ქმნის. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კი, იურისტი კახა კუკავა, მიიჩნევს, რომ ეს არის სხვა ქვეყანაში მოქმედი სისტემის მექანიკური კოპირება. კახა კუკავას თქმით, ანგარიშგასაწევია ის, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში მოქმედებს ნამდვილი თვითმმართველობა:

[კახა კუკავას ხმა] „ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება ამერიკის მთელი პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა. იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება მხოლოდ ფედერალური ორგანოები. პარალელურად კი არსებობს შტატების, საგრაფოების და მუნიციპალიტეტების უზარმაზარი იუსტიციის სისტემა. ამიტომ იქ პრობლემა და საფრთხე იმისა, რომ იუსტიციის მინისტრის ხელში თავმოყრილი იქნება მთელი ქვეყნის ძალაუფლება, არ არსებობს. ჩვენთან კი მთავარი საფრთხე ისაა, რომ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ხელში თავმოყრილი იქნება მთელი ძალაუფლება და რაიმე დამაბალანსებელი ფაქტორი არ იარსებებს.“

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიცია. გია ცაგარეიშვილს ცვლილების ის ნაწილი არ მოსწონს, რომელიც პენიტენციურ სისტემას უკავშირდებ:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „პენიტენციური სისტემა უერთდება პრობაციის დეპარტამენტს და ცალკე უწყებად გამოდის და გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ემორჩილება უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, ვინ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს.“ (სტილი დაცულია)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კი განმარტავენ, რომ, კანონპროექტის თანახმად, გაერთიანების შედეგად მიღებული იუსტიციის სამინისტრო ერთდროულად ვერ შეითავსებს სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასჯელის აღსრულების ფუნქციებს, რის გამოც იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და პრობაციის ეროვნული სამსახურები, რომელთა ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის“, ხელმძღვანელს თანამდებობაზე მართლაც დანიშნავს და გაათავისუფლებს პრეზიდენტი. თუმცა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას აკლია სათანადო დასაბუთება.
[ოთარ კახიძის ხმა] „კონსტიტუციის ცვლილება ეს არის ქვეყნის ძირითადი კანონის ცვლილება და ამიტომ კანონპროექტს ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც მოქალაქემ, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს კანონმდებლის მიზანი, თუ რატომ ვახორციელებთ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებას.“
ოთარ კახიძის - ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივნის - თქმით, კანონპროექტის გამოწვლილვით შესწავლის მიუხედავად, მისთვისაც ბუნდოვანია კანონმდებლის მიზანი, ანუ ის, თუ რას ემსახურება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება.


XS
SM
MD
LG