Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლოში დასრულდა ქართველების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საგანგებო მოსმენა


ნიდერლანდის სამეფოს ქალაქ ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა 3-დღიანი საგანგებო მოსმენა, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს მოთხოვნა წინასწარი ღონისძიების დაწესების შესახებ.

მოთხოვნის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველების რუსეთის მიერ დისკრიმინაციის სასწრაფო შეჩერება. საქართველოს მხარის მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია არ მოერიდა სიცრუესა და ფაქტების გაყალბებას, თუმცა საქართველოს ჰააგის სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გამართული 3-დღიანი საგანგებო მოსმენის შედეგები დაახლოებით 2 კვირაში გამოქვეყნდება. სწორედ იმ დროისთვის გახდება ცნობილი, იზიარებს თუ არა ჰააგის სასამართლო საქართველოს ბრალდებას, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების ეთნოწმენდას ახორციელებს. თუკი პასუხი დადებითი იქნება, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის ფედერაციას, ეთნოწმენდის სასწრაფოდ შესაჩერებლად, საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, წინასწარ ღონისძიებას დაუწესებს.

8-10 სექტემბერს გამართულ საგანგებო მოსმენაზე საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს სიტყვა 2-2-ჯერ დაეთმოთ. საქართველოს მხარე, რომლის ინტერესებსაც მსოფლიოში ცნობილი ადვოკატები იცავენ, ცდილობდა დაემტკიცებინა ის, რაც რუსეთის ხელით მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება - ეთნიკურ ქართველთა ფიზიკური განადგურება, საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნა, დაზარალება, მძევლად აყვანა და უკანონოდ დაკავება. რუსეთის დელეგაცია ბრალდებებს არ ცნობს და თავის გამართლებას სიცრუით ცდილობს. ჰააგაში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ რუსებისგან სხდომაზე ბევრი ასეთი ტყუილი მოისმინა:

(ნიკა გვარამიას ხმა) ”მაგალითად, ითქვა, რომ ახალგორის რაიონი მთლიანად კონტროლდება საქართველოს პოლიციის მიერ, რაც, სამწუხაროდ, ასე არ არის. ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ ფაქტია... მაგალითად ის, რომ ენგურის ხიდი არის მუდმივად ღია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შესვლა და დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. ეს დიდი ხანია უკვე ასე არ არის, ათწლეულებია... ფაქტების მოწოდებაში რუსული მხარე ნამდვილად სცოდავდა, თან სცოდავდა ძალიან ღია ტყუილებით და მარტივად გადამოწმებადი ტყუილებით, საბედნიეროდ... და მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი გადამოწმდება და ძალიან მარტივად დადასტურდება, რომ სიცრუეა.” (სტილი დაცულია)

ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოს წინაშე რუსეთის დელეგაციის მიერ ნათქვამი ტყუილების ნუსხას რამდენიმე დეტალს უმატებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში მაია ფანჯიკიძე. რუსებმა ქართველებისთვის სიყვარულის ახსნის ხერხიც სცადეს:

(მაია ფანჯიკიძის ხმა) ”რუსეთის დელეგაციამ გამოაცხადა, რომ რუსებს ძალიან უყვართ ქართველები... ასიათასობით ქართველი ცხოვრობს რუსეთში და მათ აბსოლუტურად არანაირად არ ავიწროებენ და არიან საუკეთესო პირობებში. ეს ზოგად ფორმულირებას რაც შეეხება... გარდა ამისა, მათ იმაზეც ილაპარაკეს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიტანა ყველა დაზარალებულისთვის ხდება მათი დახმარებით და ისინი ამას ხელს არ უშლიან... ის, რომ ისინი გადიან ბუფერული ზონებიდან, ასრულებენ ყველა იმ შეთანხმებას, რაც დადებულია... და, აი, მსგავსი ტყუილი ძალიან ბევრი მოვისმინეთ.” (სტილი დაცულია)

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული გაეროს უშიშროების საბჭოზე. ანუ თუკი რუსეთი, დამარცხების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მისი ერთგვარი იძულების უფლება, გაეროს წესდების მიხედვით, მხოლოდ უშიშროების საბჭოს ექნება. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის, ვეტოს უფლებით, რუსეთიც არის, ცხადია, რომ საკითხს ვეტო არ ასცდება. თუმცა ეს პრობლემად სულაც არ მიაჩნია იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას, რომლის აზრითაც, უმთავრესი ამოცანაა რუსეთის ქმედებათა გაშიშვლება:

(ნიკა გვარამიას ხმა) ”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე დავასაბუთოთ და დავადასტუროთ და გადაწყვეტილება იყოს ისეთი, როგორიც გვინდა ჩვენ. შემდგომში უკვე ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი გადადგამს, ბუნებრივია, იმოქმედებს მასზე... სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, და რუსეთის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს. ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იქნება მკაფიო ჩანაწერი ეთნიკური წმენდის შესახებ, რომელიც განახორციელა რუსეთმა და ამ ვითარებაში რაიმეს შესრულება-არშესრულება უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. ეს იქნება სამართლებრივი შეფასება, რომელიც ძალიან მძიმედ დააწვება რუსეთს, როგორც სახელმწიფოს.” (სტილი დაცულია)

როგორც ვთქვით, წინასწარი ღონისძიების დაწესებასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაახლოებით 2 კვირაში გახდება ცნობილი. ასევე 2 კვირის შემდეგ ნაწილობრივ გაირკვევა იმ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხიც, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში 12 აგვისტოს შეიტანა. სარჩელის მიზანია დაამტკიცოს რუსეთის მიერ სეპარატისტების წახალისება და ქართველების ეთნიკური წმენდა რუსების მიერ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG