Accessibility links

logo-print

11 სექტემბრის მე-7 წლისთავი


შვიდი წლის წინ მოიერიშეებმა, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, "ალ-ყაიდის" მიერ იყვნენ მომზადებული, შეერთებულ შტატებში გაიტაცეს ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი

და ისინი გამოიყენეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმების მოსაწყობად ამერიკის ტერიტორიაზე. დაიღუპა 3000-მდე ადამიანი ასამდე ქვეყნიდან. დღეს ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიის შტატში ოფიციალურმა პირებმა და დაღუპულთა ნათესავებმა 11 სექტემბრის მსხვერპლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

ნიუ იორკში, იქ, სადაც შვიდი წლის წინ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ტყუპი კოშკები იდგა, ახალგაზრდების გუნდმა ამერიკის ჰიმნი შეასრულა. შემდეგ ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა შეაჯამა ცერემონია.

[ბლუმბერგის ხმა] "დღეს მეშვიდე წლისთავს აღვნიშნავთ იმ დღისა, როცა ჩვენი სამყარო დაინგრა. ის მარად იცოცხლებს ჩვენს გულებსა და ჩვენს ისტორიაში. ესაა ტრაგედია, რომელიც გვაერთიანებს საერთო მეხსიერებით და საერთო ისტორიით. დღეს დილით ვბრუნდებით, როგორც ნიუ იორკელები, ამერიკელები და მსოფლიოს მოქალაქეები, და ვიხსენებთ 95 ქვეყნის წარმომადგენელ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებმაც იმ დღეს ერთად დაკარგეს სიცოცხლე."

ადგილობრივი დროით დილის 8 საათსა და 46 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როცა შვიდი წლის წინათ პირველი თვითმფრინავი დაეჯახა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრს, ბლუმბერგმა წუთიერი დუმილისკენ მოუხმო დამსწრეთ.

შემდეგ დაღუპულთა ნავესავებმა, მეგობრებმა და რიგითმა ნიუ იორკელებმა წაიკითხეს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრში დაღუპული 2751 ადამიანის სახელები.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ მეუღლეებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა მემორიალურ ცერემონიაში, რომელსაც ასევე ესწრებოდა ასობით ადამიანი - პრეზიდენტის რეზიდენციის თანამშრომლები, სამხედროები, დიპლომატები და კონგრესის ლიდერები.

ამის შემდეგ ბუში და ჩეინი მეუღლეებითურთ გაემგზავრნენ პენტაგონში, სადაც გაიმართა 11 სექტემბერს დაღუპული 184 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია.

იქ გამოსულთა შორის იყო დონალდ რამსფელდი, რომელიც შვიდი წლის წინანდელი მოვლენების დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი იყო. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო ბუშმა "ტერორიზმის წინააღმდეგ ომი".

[რამსფელდის ხმა] "ეს მემორიალური ღონისძიება მოგვითხრობს დედამიწაზე მათი უკანასკნელი საშინელი წუთების შესახებ. როცა დაინგრა ოჯახები, როცა ამერიკის ძლიერების სიმბოლოს ჭრილობა მიაყენეს და როცა ჩვენი ხალხი - როგორც ამერიკელი პოეტი ამბობს - წყვდიადს მიუახლოვდა. დღეს კიდევ ერთხელ ვდებთ სიტყვას, რომ არასოდეს დავივიწყებთ, როგორ დაიწყო ეს ხაგრძლივი ბრძოლა და რომ არასოდეს დავივიწყებთ იმათ, ვინც პირველი დაეცა."

შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა ისაუბრა ორ ომზე ავღანეთსა და ერაყში, რომლებიც მოჰყვა 11 სექტემბრის ტერაქტებს:

[ბუშის ხმა] "11 სექტემბრის შემდეგ ჩვენი ჯარები უცხოეთში ებრძოდნენ ტერორისტებს, რათა აქ სახლში არ გვქონოდა მათგან საფრთხე. ყველა გული მამაკაცისა და ქალის, ყველას წყალობით, ვინც იღწვის იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ, ჩვენს მიწაზე თავდასხმა აღარ მომხდარა ამ 2557 დღის მანძილზე."

შედარებით მოკრძალებული ცერემონია გაიმართა შენკსვილში, პენსილვანიის შტატში, სადაც შვიდი წლის წინ მოიერიშეთა მიერ გატაცებული მეოთხე თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც ვარაუდობენ, ეს თვითმფრინავი, რომელშიც 40 მგზავრი იმყოფებოდა, თეთრი სახლის წინააღმდეგ იერიშისთვის იყო გამიზნული. ფიქრობენ, რომ მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს გამტაცებლებს და თვითმფრინავი შეგნებულად ჩამოაგდეს დაუსახლებელ ადგილას.

პენსილვანიის ცერემონიას დაესწრო შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკკეინი. მისმა მეტოქემ, დემოკრატმა კანდიდატმა ბარაკ ობამამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გაიხსენა შემწყნარებლობა და ქველმოქმედება, რომელიც ამერიკელებმა გამოიჩინეს 11 სექტემბრის იერიშების შემდეგ.
XS
SM
MD
LG