Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთს პრესის მიმოხილვა


პრესის მიმოხილვას დავიწყებთ "ინტერნეიშნლ ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნებული სტატიით "აშკარა დაუსჯელობა რუსეთის მიერ დაწესებულ ე.წ. უსაფრთხოების ზონებში".


როგორც სათაურიდანაც ჩანს, სტატია ეხება მდგომარეობას იმ ზონებში, რომლებშიც რუსეთმა საზავო შეთანხმებით ივალდებულა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სტატიის ავტორის, ლორენს შითსის თანახმად, რომელმაც საქართველოს ეს ე.წ. უსაფრთხოების ზონები მოინახულა, ამის სანაცვლოდ რუსეთი ამ ზონებში ქართული მოსახლეობის ტერორიზებისთვის იყენებს ჩეჩენ მებრძოლებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გადააბრალებს ქართველების ეთნიკურ წმენდას მაშინ, როცა ეს რაზმები რუსეთის არმიის შემადგენლობაში შედიან.

"საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით და "გადამწვარი მიწის" პოლიტიკით მოსკოვი ღიად არღვევს გასულ თვეში თბილისთან ხელმოწერილ საზავო შეთანხმებას, რომელიც მისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს...

... ჯერჯერობით ოკუპანტებზე არ მომხდარა საქართველოს მხრიდან პარტიზანული თავდასხმები. მაგრამ რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ჯარები საქართველოში, მით უფრო იზრდება ახალი სამხედრო მოქმედებების წამოწყების საფრთხე. იქნებ სწორედ ამის იმედი აქვს მოსკოვს, რათა გაამართლოს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მადესტაბილიზებელი ყოფნა."

"ფაინენშლ ტაიმსი" აქვეყნებს სტატიას სათაურით "პუტინის ფასი". მასში საუბარია ზარალზე, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა განიცდის მოსკოვის აგრესიული პოლიტიკური ნაბიჯების სანაცვლოდ.

ეს პროცესი არ დაწყებულა რუსეთის სისხლიანი ომით საქართველოში. სტატიის ავტორი შეგვახსენებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა მუქარის ტონით ისაუბრა ბიზნესის წარმომადგენლებზე და ყველას შეახსენა, რომ რუსეთში ძალა და არა კანონის უზენაესობა მართავს ქვეყანას.

და ეს მაშინ, როცა, ავტორის აზრით, "რეალობა გახლავთ ის, რომ ეკონომიკა ერთადერთ სვეტზე, ენერგიაზეა დამყარებული. მისი ბანკები და საფინასო ბაზრები მოუწესრიგებელი და არაეფექტიანია. ამ ვითარებას ართულებს მთავრობა, რომლის ეკონომიკური კომპეტენცია არასაკმარისია."

რაც შეეხება მთავრობის კომპეტენციას, "ფაინენშლ ტაიმსის" თანახმად, პუტინმა, რომლის კომპეტენციაშიც შედის ახლა ეკონომიკა, არა მხოლოდ დიდი ბიზნესი შეაშინა, არამედ დააფრთხო რიგითი რუსებიც, რომლებსაც უთხრა, რომ მზარდი ინფლაცია არ არის მისი პრობლემა და ცენტრალურ ბანკს გადააბარა პასუხისმგებლობა.

ბრიტანეთის გაზეთის აზრით, რვაწლიანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ პუტინი მზად არ არის დაღმასვლასთან გამკლავებისთვის.

"საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალის დემონსტრირება ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს აქცია სწორი იყო. შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების ქონა მსოფლიო საფინანსო ბაზრებს კიდევ უფრო ძნელად მისაწვდომს გახდის მისთვის. დასავლელი ინსესტორები რუსეთიდან კაპიტალდაბანდებებს არ გაიტანენ, მაგრამ რისკისთვის უფრო მაღალ გადასახადებს მოითხოვენ. რუსეთს ეს შეიძლება კავკასიის პატარა ქვეყნის ოკუპირებაზე ბევრად მეტი დაუჯდეს."

საქართველოში ინტერვენციის საფასურზეა ლაპარაკი "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში" გამოქვეყნებულ სტატიაში "მეტი ძალაუფლება, ნაკლები ინვესტიციები".

ავტორი, მიხაელ ლუდვიგი არკვევს, რა მიზნებს ისახავდა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა და რა შესაძლო საფასურის გადახდა მოუწევს მას. მისი თქმით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის დაბრკოლების შექმნა.

"შეძლო თუ არა მოსკოვმა ამ ომით ნატოში საქართველოს გაწევრიანების თავიდან აცილება ან დიდი ხნით გაჭიანურება მაინც, ნათელი არ არის. სამაგიეროდ ნათელია, რომ მოსკოვს თავისი მოქმედებისთვის პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს თავის პარტნიორებთან ურთიერთობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და ჩინეთთან ურთიერთობების ფარგლებში."

მიხაელ ლუდვიგის თქმით, "უცხო სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის ტანკები საბჭოთა დროს გვახსენებს და ამან შესაძლოა ევროპის კავშირის პოლიტიკური ერთიანობა გააძლიეროს. მაგრამ მოსკოვში ცოტა ვინმე თუ ფიქრობს, რომ დასავლეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს ხანგრძლივი პერსპექტივით რაიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. მათი აზრით, ძალზე დიდია ურთიერთდამოკიდებულება"

ავტორი საუბრობს უზარმაზარ ეკონომიკურ და ფინანსურ ზარალზე, რაც მოჰყვა უკანასკნელ ხანებში რუსეთიდან ინვესტიციების გადინებას და დასძენს:

"ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი წინასწარვე მზად იყო ეს საფასური გადაეხადა კავკასიაში წარმოებული ომის პოლიტიკის სანაცვლოდ. მალე გამოჩნდება, გაამართლა თუ არა რუსეთის გაანგარიშებამ."
XS
SM
MD
LG