Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


”რეზონანსის” პირველი გვერდის სათაურია: ”ბურჯანაძეს საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ”.

”პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბოლო დროს სააკაშვილის კრიტიკით გამოირჩევა და საკუთარ პოზიციას ძირითადად უცხოურ მედიასთან აფიქსირებს”, - წერს გაზეთი. - ”რამდენიმე დღის წინ ”როიტერთან” საუბრისას განაცხადა, რომ იგი სააკაშვილს აფრთხილებდა, ომი არ დაეწყო. ”ფაინენშელ ტაიმსთან” ინტერვიუში კი თქვა, რომ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს სიმართლე უნდა უთხრას. ამის თაობაზე დეპუტატ პავლე კუბლაშვილს უთქვამს, რომ ბურჯანაძის ეს განცხადებები არ უნახავს, თუმცა, ფიქრობს, რომ ”დღეს ამ საკითხებზე ქალბატონ ბურჯანაძის მხრიდან საუბარი, უბრალოდ, უხერხულია, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მას უნდა ესმოდეს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და ყველა ასეთ განცხადებას რა ზიანის მოტანა შეუძლია არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის”, - ამბობს კუბლაშვილი. გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთის ინტერესებს შეგნებულად არ ატარებს, მაგრამ ასე კი გამოსდის: ”ახლა სწორედ რუსეთს აქვს იმის მცდელობა, რომ ეს ხელისუფლება დამნაშავედ გამოაცხადოს და ყველაფერი მას დააბრალოს. ამიტომ ასე ღიად რუსული თამაშის თამაშს არავის ვურჩევდი”. კიდევ ერთი დეპუტატი, გია ცაგარეიშვილი, აცხადებს: ”სააკაშვილით არ იწყება და არ მთავრდება საქართველო და იმისთვის, რომ სააკაშვილი არ იყოს, ქვეყანას პრობლემებს ნუ შევუქმნით.” ”რეზონანსს” ამ მიმოხილვაში კიდევ მივუბრუნდებით.

პარლამენტის ყოფილ სპიკერზე მხოლოდ ”რეზონანსი” არ წერს. ”საქართველოს რესპუბლიკა” მის შესახებ ამერიკელ პოლიტოლოგ ლინკოლნ მიტჩელს ეკითხება: ”რას ფიქრობთ ბურჯანაძის საპრეზიდენტო კარიერაზე?”. მიტჩელი უპასუხებს: ”საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება 2013 წლამდე, ხოლო ამ დროის მერე სააკაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ბურჯანაძე იმ ქართველთა რიცხვშია, რომელიც კარგი პრეზიდენტი შეიძლება იყოს. მართალი გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი, ბურჯანაძეს სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებით რა ჩანაფიქრები აქვს”, - ამბობს მიტჩელი, რომელსაც ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ვერსიის” მთავარი სათაურია ”ცხედრებს მაცივრებში ინახავდნენ”. ინკოგნიტო წყაროს გაზეთისთვის მიუწოდებია ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ბოლო შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულ ათასობით ჯარისკაცთა ცხედრებს ელექტროდეპოს ტერიტორიაზე ვაგონ-მაცივრებში ინახავს. ”ვერსიის” თანამშრომლები დაინტერესდნენ ამ ფაქტით და ელექტროდეპოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს გაესაუბრნენ, რომელმაც დაადასტურა მხოლოდ ის, რომ ცხედრები იქ მართლაც მიუსვენებიათ, ოღონდ არა ათასობით, არამედ 43 პირისა, და მას შემდეგ, რაც მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სათანადო ექსპერტიზა ჩაუტარდათ. რესპონდენტს უთქვამს ისიც, რომ დღეს ყველა მათგანი დაკრძალულია და რომ ყველა მათგანის საფლავს საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს. ”ვერსიასთან” საუბარში ცხედრების ვაგონ-მაცივრებში შენახვის შესახებ ინფორმაცია უარუყვია რკინიგზის პრესსამსახურის უფროსს ირმა სტეფნაძეს.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც დღეს პრესა უბრუნდება, ჯარისკაცების დეზერტირობაში ბრალდება გახლავთ. ”რეზონანსი” წერს, რომ ”სახალხო დამცველს მათი უფლებების დაცვას 34 ჯარისკაცი სთხოვს. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე დეზერტირობის მუხლით არის აღძრული. ომის შოკიდან გამოსულმა ხელისუფლებამ ძალიან მალე დეზერტირობის ბრალდებით საქმე საკმაოდ ბევრი სამხედრო მოსამსახურის მიმართ აღძრა”, - წერს ავტორი. ”რეზონანსს” თავისი მოსაზრება გაუზიარა სამხედრო ექსპერტმა გიორგი მელითაურმა: ”დეზერტირობის გამართლება ცოტა რთული საქმეა, მაგრამ როცა ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების მართვა მოშლილია, როცა დილის 5 საათზე მთავარსარდალი ბრძანებას გასცემს პოზიციების დატოვებაზე და ყველაფერი ქაოსურ ქმედებებში გადადის, სახელმწიფოს მხრიდან რიგით ჯარისკაცზე ჯოხის გადატეხა დანაშაულია.” ექსპერტი გიორგი თავდგირიძე კი ამბობს, რომ ”რაკი მეთაურსა და ჯარისკაცებს შორის კომუნიკაციები დარღვეული იყო, დეზერტირობაზე საუბარი ზედმეტია და ეს არის იურიდიული ძალადობა საკუთარი ჯარის წინააღმდეგ.”

ამავე თემაზე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე: ”საინტერესოა, რა უნდა ექნათ ჯარისკაცებს, რომლებსაც, როგორც გამოიკვეთა, ხელმძღვანელობა არ ჰყოლიათ. ტელევიზიით ვხედავდით, რომ ბრძანებებს სამოქალაქო პირები იძლეოდნენ. ჯარში სრული დემორალიზაცია იყო. არის ინფორმაციები, რომ ხელმძღვანელობა გამოიქცა და ჯარი უპატრონოდ დატოვა. ვკითხულობ, რა პასუხი უნდა მოეთხოვოს ასეთ პირობებში ჯარისკაცს, მაშინ როდესაც მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხები არ არის დაყენებული. ეს ბიჭები ომში ნამდვილად გულანთებულნი წავიდნენ და სჯეროდათ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ და არა ტერიტორიების ჩასაბარებლად. ამაზე კი პასუხი უნდა აგოს არა რიგითმა ჯარისკაცმა, არამედ უმაღლესმა ხელმძღვანელობამ საქართველოსი”, - უთხრა ნანა კაკაბაძემ ”ახალ თაობას”.
XS
SM
MD
LG