Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე ნავთობის ფასის ცვლილება


ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასი დღითი დღე მცირდება.

მიმდინარე კვირაში ერთი ბარელი „შავი ოქროს“ ღირებულება 100 დოლარს ქვემოთ ჩავიდა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ ერთი ბარელი ნავთობის ფასი რეკორდულად მაღალი იყო - 147 აშშ დოლარი. ნავთობის ფასის ვარდნას მტკივნეულად განიცდიან ”შავი ოქროს” მომპოვებელი ქვეყნები. მათ შორისაა რუსეთიც, რომლის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი დიდწილადაა დამოკიდებული ენერგომატარებლების ფასზე. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ნავთობის საბაზრო ღირებულების შეცვლა რუსეთის ეკონომიკაზე.

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე თითქმის ყოველდღე იაფდება ერთი ბარელი „შავი ოქრო“. ერთი დღის წინ ”შავი ოქროს” ფასი 95 დოლარამდეც კი დაეცა. ერთი თვის მანძილზე ნავთობის ღირებულების 30 პროცენტით შემცირებამ მომპოვებელი ქვეყნები შეაშფოთა და გასულ დღეებში ნავთობის კარტელმა „ოპეკმა“ ”შავი ოქროს” ყოველდღიური მოპოვების ნახევარი მილიონი ბარელით შემცირება გადაწყვიტა. ”ოპეკის” პრეზიდენტის ჩაკიბ ხელილის კომენტარი:

[ჩაკიბ ხელილის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ ფასი მაინც გააგრძელებს შემცირებას, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ მომხმარებლები დაზარალდებიან, რადგან ახლა შეიმჩნევა ნავთობის ჭარბი მოპოვება და ამას ეთანხმება ყველა.“

ექსპერტების ნაწილი არ ეთანხმება ”ოპეკის” ასეთ შეფასებას, თუმცა მისი გადაწყვეტილება რომ ნავთობის ფასის მომატებას ვერ გამოიწვევს და ის მხოლოდ ფასის სტაბილიზაციის მცდელობაა, ამას ბევრი ადასტურებს. ენერგეტიკის ექსპერტის თემურ გოჩიტაშვილის აზრით, მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ღირებულების შემცირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] „დოლარი მყარდება მნიშვნელოვნად და ნავთობით ვაჭრობა დოლარზეა. შედარებით მკაცრი პოზიცია უკავია ამერიკას. სპეკულაციასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი დაიწყეს და ამერიკამ გამოაცხადა, რომ განზრახვა აქვს დაიწყოს თავისი რესურსების ათვისება. მაგანაც იმოქმედა. ”ოპეკი” ცდილობს, რომ დააბალანსოს ეს - დრამატული ვარდნა შეაჩეროს. 100 დოლარი ჯერ კიდევ დიდია. მე მგონი, 80-85 დოლარზე უნდა დაბალანსდეს.“(სტილი დაცულია)

ნავთობის ფასის ვარდნამ ”ოპეკის” წევრებთან ერთად რუსეთის ფედერაციაც შეაშფოთა, რადგან მისი ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ენერგომატარებლების ღირებულებაზე. შესაბამისად, რუსეთის საფონდო ბირჟაზე კვლავაც გრძელდება რუსეთის ძირითადი ინდექსების დაცემა, რაც საქართველოს მიმართ სამხედრო კამპანიის შედეგიცაა. რუსი ექსპერტებიც კი აღიარებენ, რომ ბოლო პერიოდში ვარდნა პანიკურ ხასიათს ატარებს. ვარდნას განაგრძობს რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსიც. ვარდნის ტემპის შესამცირებლად რუსეთის ცენტრალური ბანკი თითქმის ყოველდღიურად 4 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს, რაც ქვეყნის სავალუტო მარაგებს დღითი დღე ამცირებს.
ამ ტენდენციებს კიდევ უფრო ამძაფრებს ნავთობის ფასის იმ ნიშნულთან მიახლოება, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტია აგებული - დაახლოებით 90 აშშ დოლარი.

საქართველოს ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, რუსეთის აგრესიულობა პირდაპირ დამოკიდებულია ნავთობის ფასის ზრდაზე:

[ვანო მთვრალაშვილის ხმა] „როგორც კი ნავთობზე ფასებმა მაღალ ნიშნულებს მიაღწია, რუსეთის პოლიტიკა არა მარტო საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ უფრო აგრესიული გახდა. ჩვენ ნავთობზე დაბალ ფასს თუ შევაფასებთ, როგორც ფაქტს, ეს რუსეთის წახალისებას შემდგომი აგრესიისაკენ მნიშვნელოვნად ამცირებს.“(სტილი დაცულია)

ვანო მთვრალაშვილის აზრით, ამ პოლიტიკური სარგებლის გარდა, საქართველო ნავთობის ფასის შემცირებით ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებს. უახლოეს დღეებში საქართველოში ნავთობპროდუქტების: ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის ღირებულების თანდათანობით შემცირებას მოელიან.
XS
SM
MD
LG