Accessibility links

logo-print

პარლამენტმა პირველი მოსმენით გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას დაუჭირა მხარი


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გახდება, ხოლო იუსტიციის მინისტრი, იმავდროულად, გენერალური პროკურორის ფუნქციას შეითავსებს. გარდა ამისა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. რა მიზანს ისახავს საკონსტიტუციო ცვლილებები და რატომ იწუნებენ მას ოპოზიციის წარმომადგენლები?

„კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა. გიორგი ხუროშვილის თქმით, პროკურატურა, რომელიც აღარაა სასამართლო ხელისუფლების ნაწილი, ცვლილების შემდეგ კუთვნილ ადგილს მთავრობის რიგებში დაიკავებს:

[გიორგი ხუროშვილის ხმა] „ძირითადად ცვლილება განპირობებულია იმ ამოცანების ეფექტური შესრულების კუთხით, რომელიც დღეს დგას საქართველოს პროკურატურის წინაშე, და მივიჩნევთ, რომ მისი ადგილი არის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში.“(სტილი დაცულია)

გიორგი ხუროშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იქნა ინიცირებული, თუმცა, ვიდრე დეპუტატები პირველი მოსმენით უყრიდნენ კენჭს, კანონპროექტის ავ-კარგზე არაერთხელ იმსჯელა საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიამ, რომლის მუშაობას ყურადღებით აკვირდებოდა 12 სექტემბრის სხდომის თავმჯდომარე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, აპრობირებულია აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მიგვაჩნია, რომ ამით მოხდება სისტემის მოდერნიზაცია. დღეს ხელისუფლება არც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და არც საკანონმდებლოსი და მუდმივად იყო კითხვები - სად არის პროკურატურა? ამ ნაბიჯით პროკურატურას ვაქცევთ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად და უფრო მეტი საკანონმდებლო კონტროლი იქნება. მოგეხსენებათ, მთავრობა არის პარლამენტთან ანგარიშვალდებული და, შესაბამისად, მეტი საპარლამენტო კონტროლი იქნება.“(სტილი დაცულია)

მიხეილ მაჭავარიანისგან განსხვავებით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივანს ოთარ კახიძეს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიის მუშაობაში:

[ოთარ კახიძის ხმა] „მოცემული ცვლილების თანახმად, პარლამენტი აღარ ნიშნავს გენერალურ პროკურორს, მას ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საპარლამენტო შემხებლობა გენერალურ პროკურორთან იქნება მხოლოდ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს. მოგეხსენებათ, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, რომ ერთ მესამედამდე მთავრობის წევრთა როტაცია აწარმოოს ისე, რომ პარლამენტის თანხმობა არ მიიღოს, ანუ არსებობს შესაძლებლობა, როცა გენერალური პროკურორი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება პარლამენტის თანხმობის გარეშე.“(სტილი დაცულია)

ოპონენტების პასუხად, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებით გათვალისწინებული მოდელი წარმატებით მოქმედებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და პროკურატურის წინაშე დასახული ამოცანების ეფექტურად გადაჭრის წინაპირობას ქმნის. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კი, იურისტი კახა კუკავა, მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სხვა ქვეყანაში მოქმედი სისტემის მექანიკურ კოპირებას. კახა კუკავას თქმით, ანგარიშგასაწევია ის, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში მოქმედებს ნამდვილი თვითმმართველობა:

[კახა კუკავას ხმა] „ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება ამერიკის მთელი პროკურატურა და სამართალდამცავი სისტემა. იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება მხოლოდ ფედერალური ორგანოები. პარალელურად კი არსებობს შტატების, საგრაფოების და მუნიციპალიტეტების უზარმაზარი იუსტიციის სისტემა. ამიტომ იქ პრობლემა და საფრთხე იმისა, რომ იუსტიციის მინისტრის ხელში თავმოყრილი იქნება მთელი ქვეყნის ძალაუფლება, არ არსებობს. ჩვენთან კი მთავარი საფრთხე ისაა, რომ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ხელში თავმოყრილი იქნება მთელი ძალაუფლება და რაიმე დამაბალანსებელი ფაქტორი არ იარსებებს.“ (სტილი დაცულია)

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი, გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის გარდა, ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის ზურაბ დეკანოიძის განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ექსპერტიზის ბიურო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დამოუკიდებელ სამსახურებად ჩამოყალიბდება:

[ზურაბ დეკანოიძის ხმა] „პროკურატურა არის საჯარო ბრალდების ორგანო, ხოლო სასჯელაღსრულება აღასრულებს იმ სასჯელს, რომელსაც სასამართლო პროკურატურის მუშაობის საფუძველზე გამოიტანს და ამიტომ, ბუნებრივია, ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება შეექმნას იუსტიციის მინისტრს, რომელიც იქნება ორივე მხარის უფროსი ზედამხედველი. იგივე შეიძლება ითქვას ექსპერტიზის სამსახურის შესახებ. მოგეხსენებათ, ექსპერტი არის დამოუკიდებელი, ობიექტური და ნეიტრალური პირი,
რომელსაც არ შეიძლება შეხება ჰქონდეს პროცესის რომელიმე მხარესთან იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა იყოს დაინტერესებული არც ზემდგომი და არც სხვა რომელიმე ორგანოს წინაშე.“(სტილი დაცულია)

ზურაბ დეკანოიძის განმარტებით, შესაძლოა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ასევე გამოვიდეს სახაზინო ადვოკატის სამსახური, თუმცა ამის შესახებ დეპუტატები კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას იმსჯელებენ. რაც შეეხება პირველი მოსმენის შედეგებს:

[სხდომის თავმჯდომარის ხმა] „ახლა კენჭი უნდა ვუყაროთ პროკურატურასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას. გთხოვთ მოემზადოთ. 104 მომხრე, 8 წინააღმდეგი...“

ამგვარი შედეგის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტეტები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება სიკეთის მომტანი ვერ იქნება. დეპუტატ გია ცაგარეიშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებების გაერთიანების გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს არ ტოვებს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „ალბათ, გახსოვთ, ოთხი წლის წინ უკვე გაერთიანდა სამართალდამცავი სტრუქტურები, რამაც ქვეყანას მოუტანა უბედურება.. ვგულისხმობ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანებას. არა მგონია, ამ ხელისუფლების ხელში სისტემა ზუსტად ისე ამუშავდეს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის ეჭვმიტანილი ადამიანის მკვლელობაში.“



XS
SM
MD
LG