Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია ანტიკრიზისული მემორანდუმის მუხლებს არასამთავრობო სექტორთანაც აჯერებს


15 სექტემბერს გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყანაში კრიზისის დაძლევის სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს.

დოკუმენტი პოლიტიკურ პარტიათა ქარტიის ალტერნატივად განიხილება და, წინასწარი ინფორმაციით, ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მედიის თავისუფლება და საარჩევნო კოდექსის შეცვლა. გაერთიანებული ოპოზიციის ანტიკრიზისული გეგმის გარშემო პარლამენტსგარეშე ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები გრძელდება, 12 სექტემბერს კი დისკუსიაში არასამთავრობო სექტორიც ჩაერთო.

გაერთიანებული ოპოზიციის ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტებში საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისათვის აუცილებელ საკითხებს ხედავს. ამ მოსაზრებით, იგი ეთანხმება დოკუმენტის შექმნას და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგი განახლდება. სოზარ სუბარი ერთ–ერთი იყო იმ მრავალრიცხოვან აუდიტორიაში, რომელიც საგანგებოდ შეიკრიბა ანტიკრიზისულ გეგმაზე სასაუბროდ.

[სოზარ სუბარის ხმა]“ ჩვენს ქვეყანას მომავალი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში იქნება დემოკრატია და თუკი ქვეყანაში იქნება ერთობა. ოღონდ არა ერთობა ვინმეს ირგვლივ, არა ერთობა რომელიმე ჯგუფის ირგვლივ, არამედ ერთობა ღირებულებების ირგვლივ და ღირებულებები არის, რამაც უნდა გააერთიანოს ქვეყანა.“(სტილი დაცულია)

ღირებულებები, უფრო კი სოზარ სუბარის მიერ მოხმობილი ღირებულებებიდან გამომდინარე კონკრეტული ამოცანები, რომელთაც გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო პარლამენტსგარეთა ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებას სთავაზობს, სამ ძირითად პუნქტში იყრის თავს: სიტყვის თავისუფლებისთვის დამატებითი გარანტიების შექმნა, საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება და რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა]“აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, რაზედაც პასუხისმგებლობას ჯერ ვერ ვხედავთ ხელისუფლებისაგან. ამაზე უკვე შეჯერებული ვართ და, ალბათ, შემდეგ კვირაში გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებებს.“

აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. სახალხო დამცველის ოფისში გამართულ თავყრილობაზე კი ეროვნულმა საბჭომ განსახილველად,შეიძლება ითქვას, ანტიკრიზისული დოკუმენტის ორი პროექტი წარადგინა.

[ნანა კაკაბაძის ხმა]“ ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი იყო ის, რომ ერთში პირდაპირ ეწერა სააკაშვილის გადადგომა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, რა თქმა უნდა. მეორეში იგივე მოთხოვნები იყო, ოღონდ სააკაშვილის გადადგომაზე იყო მხოლოდ პრეამბულაში ლაპარაკი.“(სტილი დაცულია)

გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაციის „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ, რომელიც პირადად დოკუმენტის იმ პროექტს ემხრობა, რომელშიც პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეა საუბარი. ნანა კაკაბაძის ამ რადიკალური მიდგომისგან განსხვავებულ პოზიციაზეა ”კონსტიტუციის 42–ე მუხლის” თავმჯდომარე მანანა კობახიძე. მისი განმარტებით, არასამთავრობო სექტორი თავისი რეგლამენტით შეზღუდულია და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩაერევა:

[მანანა კობახიძის ხმა]“ჩემი მიზანი არ არის ხელისუფლების ცვლილებებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ენჯეო ვარ. პოლიტიკური მიზანი არა მაქვს. ჩემი მიზანია უკეთესად იყოს ადამიანის უფლებები და იყოს ქვეყანაში დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები. კი ბატონო, აი, ამაში რაში დავეხმარო, მაშინ უფრო კონკრეტულად უნდა მითხრან.“(სტილი დაცულია)

ამბობს მანანა კობახიძე და მაგალითისთვის თავადვე ასახელებს კონკრეტულ საკითხს: იგი მზადაა ოპოზიციასთან ითანამშრომლოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტის მომზადებაში, საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის შემუშავებაში, ზოგადად სამართლებრივ კონსულტაციებში და ასე შემდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა მარტო პარტიების საქმე არ არის და კრიზისის პირობებში პოზიცია სამოქალაქო სექტორმაც უნდა გამოხატოს. კახა კუკავა ამბობს:

[კახა კუკავას ხმა]“კლასიკური დემოკრატიის ქვეყნებში პოლიტიკური პარტიები იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ კონსულტაციები უნდა მიმდინარეობდეს ყველა საკითხზე სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამიტომ მათი პოზიცია და ზოგადად საზოგადოების პოზიცია ჩვენთვის არის გადამწყვეტი.“

კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ ანტიკრიზისულ გეგმას გაერთიანებული ოპოზიცია 15 სექტემბერს გამოაქვეყნებს.




XS
SM
MD
LG