Accessibility links

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


მიმდინარე კვირის დასაწყისში რადიო ”ჰერეთმა” მსმენელს სასიხარულო ამბავი ამცნო: გაზეთების მსოფლიო ასოციაციამ ყოველწლიური პრიზით გაზეთი „კახეთის ხმა“ დააჯილდოვა.

„ახალგაზრდა მკითხველთა პროგრამის“კონკურსში, „კახეთის ხმის“ გარდა, მსოფლიოს 11 წამყვანი და მსხვილტირაჟიანი გაზეთი მონაწილეობდა. 2007 წელს კონკურსის გამარჯვებულთა შორის „ნიუ-იორკ თაიმსიც“ იყო. წელს კი პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული გამოცემა ეუფლება ამ საპატიო პრიზს, რომლის ფულადი ჯილდო 1500 ევროა.

რადიო ”ჰერეთი” რეგიონალურ მედიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლის შესახებ იუწყება: აჭარის, კახეთისა და იმერეთის რეგიონების მედიასაშუალებათა მენეჯერები, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, 29 ოქტომბერს – სტაჟირების მიზნით – ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ქალაქ სიეტლში გაემგზავრებიან. პროგრამის მონაწილეები მოინახულებენ ტელევიზიებს, მედიაასოციაციებს, რადიოსადგურებს, გაზეთების რედაქციებს და მედიაგანვითარებაზე მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გაზეთი „კახეთის ხმა“ და რადიო ”ჰერეთი” აქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ წლევანდელი რთვლისთვის რვამილიონიანი სუბსიდია გამოყო. ქარხნისთვის ჩაბარებულ თითოეულ კილოგრამ რქაწითელზე სახელმწიფო დამატებით 15 თეთრს, ხოლო საფერავზე – 25 თეთრს გადაიხდის.

„კახეთის ხმა“ ბეჭდავს ინტერვიუს გურჯაანის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელთან, ლალი გაბიტაშვილთან. მისი ინფორმაციით, წელს მისაღებ გამოცდებზე ტესტების ფორმატი შეიცვლება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გაბიტაშვილი საუბრობს მეთორმეტე კლასში სასწავლო პროცესის სპეციფიკაზე, როდესაც მესამე ტრიმესტრში მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე ჩააბარებენ.

გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, რომელმაც პირველი ნომერი გამოსცა ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ბეჭდავს მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ომის დღეებში ახალციხისა და ახალქალაქის მოსახლეობა. ნიშანდობლივია, რომ ახალციხელ რესპონდენტებს ომის დამწყებ მხარედ რუსეთი მიაჩნიათ, ახალქალაქელ რესპონდენტებს კი – საქართველო.

გაზეთი ”ბათუმელები“ ბეჭდავს ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას წერილს, სათაურით: „ფოთი – რუსული ბომბების სამიზნე“. სტატიის მიხედვით, რუსი ჯარისკაცები ქალაქ ფოთში ორ – სტრატეგიულად მნიშვნელოვან – წერტილში არიან განლაგებულნი: მათ ქალაქის შემოსასვლელ ხიდთან პატარა ტერიტორია უკავიათ, თუმცა სწორედ ამ ტერიტორიიდან არის შესაძლებელი ფოთის პორტში შესული და იქიდან გამოსული ყველა ტვირთის კონტროლი. რუსი ჯარისკაცები არიან აგრეთვე ნაბადას უბანში, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს და სადაც ახალი, არსებულზე თითქმის ოთხჯერ დიდი სიმძლავრის, პორტის აშენებაა დაგეგმილი. სტატიის მიხედვით, ფოთის მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს და ხელისუფლებას ხალხის დასაცავად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

გაზეთი ”ბათუმელები“ აქვეყნებს ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დიდი ხნით დაკარგულად მიიჩნევს: „ეს, იცით, რას ჰგავს? ექიმმა ხელი რომ უნდა მოგაჭრას, მაგრამ არ გეუბნება; შენ კი გგონია, რომ ხელი შეიძლება გადაგირჩეს. გაგიკეთებენ ნარკოზს და რომ გაიღვიძებ, ხელი აღარ გექნება.“ აქვე გამოქვეყნებულია ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილთან, რომელიც ქართული მხარის მიერ ბრძოლის დროს დაშვებულ სამხედრო და პოლიტიკურ შეცდომებზე საკმაოდ ღიად საუბრობს.

გაზეთი ”ბათუმელები“ საქართველოში ჩამოყალიბებული რთული და მრავალწახნაგა ვითარების გაანალიზებას ნომრიდან ნომრამდე სისტემურად ცდილობს და თანმიმდევრულად იმკვიდრებს ქართული მედიის ერთ–ერთი ლიდერის პოზიციას.
XS
SM
MD
LG