Accessibility links

რას ელიან NATO და საქართველო ერთმანეთისაგან


საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი სხდომა 15 სექტემბერს საქართველო-ნატოს კომისიის ინაუგურაციითა და ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერით აღინიშნა.

ერთობლივი კომისია, რომლის შექმნითაც ბრიუსელი რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა, ვალდებულებას იღებს სასწრაფოდ შეიკრიბოს საქართველოს თხოვნით, თუკი მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პირდაპირი საფრთხე დაემუქრება. ნატო ასევე ვალდებულებას იღებს განიხილოს საქართველოს დასახმარებლად ”ნდობის ფონდის” შექმნის საკითხი, თუკი საქართველო გააგრძელებს მის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და განაგრძობს დემოკრატიულ რეფორმებს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ყველა მიმართულებით.

უმთავრეს შეკითხვაზე, რაზეც ცხადი პასუხი უნდა გაეცა ჩრდილოატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომას, დადებითი პასუხი გაცემულია. მიუხედავად რუსეთთან დამანგრეველი სამხედრო დაპირისპირებისა, საქართველომ შეინარჩუნა ნატოში გაწევრიანების შანსი. ალიანსი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას და დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ყველა პუნქტი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის -პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას არა მხოლოდ ე.წ. ბუფერული ზონებიდან, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიიდან, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა 15 სექტემბერს ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერი] ”მე ვიმეორებ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ეს საქართველოს ტერიტორიებია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს მკაფიოდ დავგმეთ. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის 6 პუნქტიან გეგმას, რომელიც, 8 სექტემბრის შეთანხმებასთან ერთად, იძლევა შესაძლებლობას გამოვიდეთ ამ აბსოლუტურად მიუღებელი ვითარებიდან. ახლა თავად საქართველომ, რუსეთმა და ევროკავშირმა უნდა მოილაპარაკონ, თუ როგორ მოხდება ამ შეთანხმების იმპლემენტაცია, რადგან ასეთ შეთანხმებასთან ნატოს პირდაპირი კავშირი არა აქვს. მაგრამ ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე, ეს არის ალიანსის ერთიანი მტკიცე პოზიცია .”


როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, ალიანსი საქართველოს ვერ დაეხმარება ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ალიანსი შემდგომში შეეცდება არ დაუშვას სიტუაციის გამწვავება საქართველოში. 15 სექტემბერს ხელმოწერილი ნატო-საქართველოს კომისიის დებულების თანახმად, ალიანსი იღებს ვალდებულებას, სასწრაფოდ შეიკრიბოს საქართველოს თხოვნით, თუკი მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას პირდაპირი საფრთხე დაემუქრება. ნატო ასევე აღიარებს გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობას საქართველოსათვის ომის შემდგომი ზარალის ასანაზღაურებლად. ამისათვის შესაძლოა შემდგომში, ნებაყოფლობითი შემოწირულების საფუძველზე, შეიქმნას ე.წ. ნდობის ფონდი. რუსეთის აგრესიის შემდგომ ნატო-საქართველოს კომისიის შექმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ ”საქართველოს მხარდაჭერის ნათელი დადასტურება უწოდა”:

[კახა ლომაია] ”კომისია იმუშავებს ნატო-საქართველოს დაახლოებაზე. ეს არის ხელშესახები დემონსტრაცია იმისა, რომ არათუ ეს დაახლოება არ შენელებულა, როგორც ეს უნდოდათ აგრესორებს, არამედ მას დამატებითი იმპულსი მიეცა.”

დაახლოება ნატოსთან რომ არ შენელებულა, ამას თბილისში ხელმოწერილი კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტი, ნატო-საქართველოს ერთობლივი განცხადებაც მოწმობს. ალიანსის 26-ვე სახელმწიფოს ელჩები მოუწოდებენ საქართველოს, სწორედ ამ ძალიან რთულ ვითარებაში განაგრძოს რეფორმები ეკონომიკაში, სამხედრო მშენებლობაში, სასამართლო სისტემაში და, განსაკუთრებით, დემოკრატიის მშენებლობაში. ევროატლანტიკური საბჭო აღიარებს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დასკვნას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ოღონდ ყველა პროცედურისა და კრიტერიუმის დაცვის შემდეგ. ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, საქართველოსათვის არ იქნება დაშვებული გამონაკლისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას წლის ბოლოს ელოდება გამოცდის ჩაბარება, რათა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპი:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერი] ”კომპრომისების გაწევა არ შეიძლება და ჩვენ არასოდეს წავსულვართ კომპრომისზე. ნატო არის ფასეულობაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. არ შეიძლება ქვეყნებს უარი უთხრა, როდესაც სურთ ალიანსში გაწევრიანება. თუკი ქვეყანა ასრულებს კრიტერიუმებს, მას უნდა შეეძლოს ალიანსში გაწევრიანება. სამოქმედო გეგმა არის ზუსტად იმ ტრაექტორიის ნაწილი, რომელმაც საქართველო ნატომდე უნდა მიიყვანოს. და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში ჩაატარებენ საქართველოს პროგრესის პირველ შეფასებას ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება.”

მაგრამ იქნება თუ არა დეკემბრის შეფასება პირველი და უკანასკნელი ან მიიღებს თუ არა მაპს ქვეყანა, რომლის ერთი მესამედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამაზე ნატოს გენერალურ მდივანს აღარ უპასუხია. ”მე განვლილმა ხანგრძლივმა კარიერამ მასწავლა, რომ არ ვუპასუხო ასეთ შეკითხვებსო”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელსაც 16 სექტემბერს კიდევ ბევრი შეკითხვის მოსმენა მოუწევს როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან.
XS
SM
MD
LG