Accessibility links

logo-print

გამეორდება თუ არა უკრაინის მოლოდინი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში?


ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ერთი მხრივ, საქართველოს მხარდაჭერას ცდილობს, მეორე მხრივ კი, არ სურს რუსეთთან ურთიერთობაში ყველა ხიდი დაწვას.

ეს იმ ფონზე, როცა საქართველო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის სასწრაფოდ მინიჭებას ითხოვს. ჩვენი რადიოს მიმომხილველი აჰტო ლობიაკასი ფიქრობს, რომ საქართველოსა და ნატოსთან ურთიერთობაში მისი ერთგვარი ”ტყუპისცალის”, უკრაინის, მოლოდინი (ახლო მომავალში მაინც) არ გამართლდება.

ნატოს ახლანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ წინსვლისა და უკან დახევის უცნაურ ნარევს წარმოადგენს. ალიანსის ზოგიერთი გავლენიანი წევრი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, დანარჩენები კი იწუნებენ ამ იდეას. თუკი ვაშინგტონი ღიად ემხრობა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მიცემას, გერმანია და საფრანგეთი, რომლებმაც აპრილის სამიტზე მხარი არ დაუჭირეს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას და საკითხის განხილვა დეკემბრისთვის გადადეს, დღეს ცდილობენ თავიანთი კარტი არავის აჩვენონ. თუმცა არაოფიციალურად ისინი მიანიშნებენ, რომ ახლანდელი ვითარება უარესია, ვიდრე აპრილში იყო. თბილისი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ნატოს მომავალ გადაწყვეტილებაზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 სექტემბერს ”ასოშიეიტედ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს მხრიდან ”სისუსტის მაჩვენებელი სიგნალი” შეიძლება ალიანსის დასასრულის დასაწყისად იქცეს: ”თუკი ნატო სიმხდალის გამო გზიდან გადაუხვევს, ეს დაუსრულებელ პროცესად იქცევა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობა წარმატებაა საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს სხდომა რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტამდე დაიგეგმა.

ეს არ გახლავთ საბჭოს პირველი სხდომა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ასეთი სხდომა 2000 წელს კიევში ჩატარდა. თუმცა მოსკოვში დღევანდელი შეკრება რუსეთზე განხორციელებულ აშკარა დარტყმად განიხილება. რუსეთის ელჩმა ნატოში დმიტრი როგოზინმა 11 სექტემბერს მოუწოდა ალიანსს გაეუქმებინა თბილისში დაგეგმილი საბჭოს სხდომა:

[როგოზინის ხმა]
”ვთხოვთ ნატოს თავი შეიკავოს საქართველოში მაღალი დონის ვიზიტებისგან, რადგან ასეთ ვიზიტებს საქართველოს ხელმძღვანელობა წარმოაჩენს როგორც სრულ პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას პირადად სააკაშვილის მიმართ.”
რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნაც. კომისია ზედამხედველობას გაუწევს ბუქარესტში წამოწყებულ პროცესს და 19 აგვისტოს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ განცხადებაში ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარებას. 19 აგვისტოსვე ნატომ გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს საქართველოს ნებისმიერი თხოვნა დახმარების შესახებ. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხედრო სფეროს აღდგენაში დახმარებასაც დაჰპირდნენ. თუმცა საქართველოს მხურვალე მხარდამჭერი შეერთებული შტატები ყოველმხრივ გაურბის ღიად დაჰპირდეს თბილისს სამხედრო ტექნიკით დახმარებას.
ნატოს ლიდერები ირწმუნებიან, რომ მაპის საკითხზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული დეკემბრამდე და ამ გადაწყვეტილებაზე ვერც ერთი გარე მოთამაშე (რუსეთი - უპირველეს ყოვლისა) ვერ მოახდენს ზეგავლენას.
საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აგვისტოს განცხადება სწორედ მაპის თემით სრულდება: ”კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას 2008 წლის აპრილში ბუქარესტში სახელმწიფოთა მეთაურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ - მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის შესახებ - და კვლავაც განვაგრძობთ საქართველოსთან ინტენსიურ თანამშრომლობას იმისათვის, რომ დეკემბერში განვიხილოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე საქართველოს განაცხადი იმ დროისთვის არსებულ მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით.”
ეს, რაც შეეხებოდა ნატოს ოფიციალურ, ღია პოზიციას. კულისებში კი, როგორც ჩანს, მიმდინარეობს ფრთხილი მსჯელობა. კერძოდ, გერმანია თვლის, რომ, მაპის მიღებამდე, საქართველო და უკრაინა უნდა შეესაბამებოდნენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ვინაიდან ნატოს მაპისთვის ოფიციალური სტანდარტი არ გააჩნია, ეს სავარაუდო კრიტერიუმები თავად წევრობის კრიტერიუმებამდე დადის, რომელთა მიღწევაშიც მაპი უნდა დაეხმაროს ქვეყანას. ეს კრიტერიუმები, როგორც წესი, მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, საშინაო და საგარეო ტერიტორიული უთანხმოების მოგვარების საჭიროებას და ქვეყნის უნარს - წვლილი შეიტანო ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სავარაუდოდ, საქართველოს მდგომარეობა ამ საზომებით ახლა უარესია, ვიდრე აგვისტომდე იყო. ბრიუსელში სკეპტიკოსები ამბობენ, რომ მხოლოდ ღია, საჯარო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეუძლია გადაფაროს ხარვეზები ”ობიექტური” კრიტერიუმების შესრულებაში. თუმცა ეს, მეორე მხრივ, იქნება აღიარება იმისა, რომ ნატოს გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ფარული მოტივების ზეგავლენის საგანი.
ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის საკითხთაგან, რომელზეც ნატოს ყველა წევრი თანხმდება, არის ის, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭება-არმინიჭების საკითხი ერთად გადაწყდება. ცალკე უკრაინისთვის თანხმობის მიცემა საქართველოს სრულიად დაუცველ მდგომარეობაში დატოვებდა.
თბილისში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, მაპის მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში, ბევრი განიხილავდა და დღესაც განიხილავს როგორც რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთებას იმისთვის, რასაც, აგვისტოდან მოყოლებული, საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს. 12 სექტემბერს მოსკოვში, ”ვალდაის” საერთაშორისო კლუბში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ასეთი რამ განაცხადა:

[ნაწყვეტი მედვედევის გამოსვლის სტენოგრამიდან]
”მოდით ჩავუფიქრდეთ, რა იქნებოდა, საქართველოს გაწევრიანების გეგმა რომ ჰქონოდა. შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ერთი წამითაც არ დავეჭვდებოდი მიმეღო იგივე გადაწყვეტილება, რაც მივიღე, - ერთი წამითაც, რადგან მოტივები უცვლელი იქნებოდა. რა შედეგები მოჰყვებოდა ამას? შედეგები შეიძლება უფრო რთული ყოფილიყო. დიახ, გაწევრიანების გეგმა ეს საბოლოო წევრობა არ არის და თავდასხმა ან სამხედრო მოქმედებები ამა თუ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ მოიყვანდა მოქმედებაში ცნობილ მუხლს, თუმცა შედეგები იქნებოდა უფრო რთული. მერე რა, ნატოსთვის ეს უკეთესი იქნებოდა? უკეთ იგრძნობდნენ თავს სახელმწიფოები, რომლებისგანაც ეს ბლოკი შედგება? ამიტომ მე და ჩემს კოლეგებს არ მოგვწონს ეს ვითარება, ის უსამართლოა რუსეთთან მიმართებით. მეტსაც გეტყვით, ერთ დროს ის, უბრალოდ, დამამცირებელი იყო რუსეთისთვის. ამის მოთმენას ვეღარ შევძლებთ. ეს ჩვენთვის ძალიან რთული არჩევანია, მაგრამ ამის მოთმენას ვეღარ შევძლებთ და ეს საეჭვო არ უნდა იყოს.”
XS
SM
MD
LG