Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


დღეს გამოსული ქართული ბეჭდური მედიის განსჯის ერთ–ერთი მთავარი საგანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომა, რომელიც 15–16 სექტემბერს იმართება საქართველოს დედაქალაქში.

„ნატო საქართველოში–მზადება დეკემბრის სამიტისათვის“ – ამ სათაურით გაზეთ „მთელ კვირაში“ დაბეჭდილ პუბლიკაციაში წაიკითხავთ, რომ ნატოს საბჭოს თბილისში გამართვის უმთავრესი მიზანი საქართველოს მხარდაჭერაა. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო განავრცობს გაზეთი „ვერსია“, რომლის სტუმარი, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში არჩილ გეგეშიძე, კერძოდ, შენიშნავს: „ ჩვენ ჩვენს ტერიტორიებზე,აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, უარი არასოდეს უნდა ვთქვათ. რუსეთისა და ზოგიერთი ოდიოზური ქვეყნების გარდა, არც ნატო და არც ევროპა ამ რეგიონების დამოუკიდებლობას ან რუსეთის ფედერაციაში შესაძლო ინტეგრაციას არ აღიარებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ყველა საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს, რაც ნიშნავს, რომ ნატო თუკი ჩვენ მაპს მოგვანიჭებს, მოგვანიჭებს ამ ტერიტორიების ჩათვლით.“
გაზეთ „ასავალ–დასავალში“ საქართველოში მიმდინარე პროცესებს - მათ შორის, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს - ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აძლევს შეფასებას. მისი აზრით, უახლოესი თხუთმეტ–ოცწლიანი პერსპექტივით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის როგორც ძალით, ასევე მშვიდობიანი გზით დაბრუნების შანსი დაკარგულია. „ ჯერ ყველაფერი უნდა გამომზეურდეს, ყველაფერი უნდა გახდეს ნათელი, გასარკვევია ვინ და რომელ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს მთელს ამ ავანტიურაზე. ბუნებრივია, როდესაც რუსები შენივე თანხმობით იმყოფებიან შენივე ქვეყნის ორ რეგიონში, როდესაც 2500 საუკეთესო ოფიცერი და ჯარისკაცი გყავს ქვეყნის გარეთ, ერაყში და კიდევ სხვაგან, როდესაც 58–ე არმიას ერთი კვირით ადრე აქვს სამხედრო სწავლებები დამთავრებული კავკასიონის იქითა მხარეს, როდესაც ორი დღისა და ორი ღამის განმავლობაში მიზანმიმართულად გესვრიან და პროვოცირებას გიკეთებენ, ამ სიტუაციაში რომ სამხედრო კონფრონტაციაზე მიდიხარ, სულელი ხარ და მეტი არაფერი.“ გაზეთ „ასავალ–დასავალის“ თანახმად, თავდაცვის ექს–მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში გეგმავს. კიდევ ერთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, ამჯერად ნატოში რუსეთის წარმომადგენელთან დმიტრი როგოზინთან გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ბეჭდავს. კითხვას, რამდენად რეალურია საქართველომ დეკემბერში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამოქმედო გეგმა მიიღოს, რუსი პოლიტიკოსი უპასუხებს: „ თქვენმა ლიდერმა ძალიან შეაშინა დასავლეთი და ევროკავშირი. ამ ომმა საქართველო გადააგდო გაურკვეველ და არაპროგნოზირებად რეალობაში. ამ სამხედრო ავანტიურის პირდაპირი პასუხი იქნება ის, რომ მაპს საქართველო, ალბათ, ვერ მიიღებს.“ ამბობს დმიტრი როგოზინი და რუსეთ–ნატოს ურთიერთობის მომავლის განსაზღვრისას ვარაუდობს, რომ ცივი არა, მაგრამ გრილი ომი გარდაუვალია.
„კოკოითი პრეზიდენტი აღარ იქნება“– სტატია, რომელსაც გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს, სამხრეთ ოსეთის მომავალი მოწყობის საკითხს უკავშირდება. განსჯის საგანი კი ედუარდ კოკოითის მიერ 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადებაა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამგვარი განზრახვა კატეგორიულად უარყო, თუმცა, ამ უარყოფის მიუხედავად, ექსპერტები და პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ედუარდ კოკოითის სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ შემთხვევით არ წამოსცდენია. ”ახალი თაობა” მკითხველს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული კავკასიური კვლევების ცენტრის წარმომადგენლის, ნიკოლაი სილაევის, მოსაზრებას სთავაზობს. „ რუსეთს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ამიტომაც უმჯობესია, ისინი ამ საკითხზე ახლავე დაფიქრდნენ. იმის რეალური პირობები, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყოს, არ არსებობს. ეკონომიკური ბაზა ძალიან სუსტია. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ტერიტორია არც სატრანზიტო დერეფნად გამოდგება. ეს ყველაფერი კი იმას ამტკიცებს, რომ აქ რეალურ სუვერენიტეტზე საუბარი ვერ იქნება“, - ამბობს რუსი ექსპერტი.
XS
SM
MD
LG