Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმოხილვას დავიწყებთ გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში" გამოქვეყნებული სტატიით "კავკასიური გაკვეთილები", რომლის ავტორია გიუნტერ ნონენმახერი.



სტატიაში ვკითხულობთ: "ვისაც საერთაშორისო პოლიტიკაში მხოლოდ რეაგირება შეუძლია, უფრო სუსტ პოზიციაშია იმასთან შედარებით, ვინც ფაქტებს ქმნის. ასეთ ვითარებაში არიან დღეს ევროკავშირი და ნატო კავკასიაში."

ავტორი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით რუსეთი შეეცადა მაგალითი ეჩვენებინა სხვა მეზობლებისთვის და შეგვახსენებს, რომ "ის, რომ ამით პრეცედენტი უნდა შექმნილიყო არა მხოლოდ კავკასიისთვის, მათ შორის უკრაინისთვისაც, ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არაორაზროვნად ისაუბრა ამავე გაზეთის ფურცლებზე."

თუმცა ნონენმახერის აზრით, ყოველივე ამას ერთი დადებითი შედეგი მაინც მოჰყვა: "სამხრეთ ოსეთში საქართველოს ბედუკუღმართი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურამ ეს სიკეთე მაინც გამოიღო: ამიერიდან აღარავის შეიძლება ეპარებოდეს ეჭვი იმაში, თუ როგორ აპირებს რუსეთი თავის ინტერესების სფეროში წესრიგის დამყარებას."

ავტორის თქმით, ევროკავშირი, როგორც კრიზისების მენეჯერი, ჯერჯერობით ვერ ახერხებს ვითარების სრულად გაკონტროლებას. საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის მეთვალყურეებს არა აქვთ - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით - თავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე შესვლის უფლება.

"ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც ალიანსის ელჩებთან ერთად თბილისში ჩავიდა შეხვედრაზე, ეს სავსებით სწორად გააკრიტიკა. მაგრამ მან საკუთარი პერსპექტივიდან უნდა იცოდეს, რომ ვერბალური ბუნდოვანება დიპლომატიის იარაღია. ყოველ შემთხვევაში, არც საქართველოს მომავალი წევრობის თაობაზე აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს მიერ ფორმულირებული პოზიციაა სიცხადის მაგალითი."

გიუნტერ ნონენმახერის აზრით, მთავარი დასკვნა, რომლის გამოტანაც შეიძლება საქართველოში გათამაშებული მოვლენებიდან, არის ის, რომ რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა დასავლეთს.

"რუსეთმა დასავლეთს წარმოუდგინა აღმოსავლეთისკენ მისი გაფართოების საფასური. გაურკვეველია, ეს ერთნაირად ეხება თუ არა ნატოს და ევროკავშირს და რა დასკვნების გამოტანა შეიძლებოდა აქედან. მაგრამ კავკასიის კრიზისიდან ერთი გაკვეთილი მაინც შეიძლება ვისწავლოთ: დასავლეთი უნდა მოემზადოს, რომ მოსკოვთან ურთიერთობებში სრულიად ახალი ავდრების დრო შეიძლება დადგეს" - დაასკვნის გიუნტერ ნონენმახერი სტატიაში "კავკასიური გაკვეთილები", რომელიც "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგშია" გამოქვეყნებული.

დასავლეთმა "კავკასიური გაკვეთილი" ისწავლა, მაგრამ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისთვის? ეს კითხვა ლოგიკურად გამომდინარეობს ზემოთგანხილული სტატიიდან, მაგრამ მასში ამაზე უკვე აღარ არის საუბარი.

სამაგიეროდ, იმავე "ფრანკფურტერ ალგემაინეში" რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობების თავის ხედვას გვთავაზობს გერმანელი პოლიტიკოსი, ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების ფრაქციის წევრი ანდრეას შოკენჰოფი.

მისი აზრით, სრულიად მიუღებელია ასეთ ვითარებაში რუსეთის იზოლირება: "სერიოზული დარტყმა განიცადა რუსეთის შანსებმა მეტი პლურალიზმის, სამართლებრივი სახელმწიფოს და არა მხოლოდ ეკონომიკურ-ტექნიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი მოდერნიზაციის მიმართულებით. ეს რუსეთისთვის კონტრაპროდუქტიულია. მაგრამ ევროპას ხელს არ აძლევს, რომ ეს პროცესი დამუხრუჭდეს ანდა საერთოდ ჩავარდეს. რუსეთის მოდერნიზაცია საერთო საქმეა! ამ გარდაქმნაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ გამიზნული თანამშრომლობით. რუსეთს საამისოდ დასავლეთი ესაჭიროება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ისე უჭირავს თავი, თითქოს ამგვარი საჭიროება არ არსებობდეს."

გასაკვირი არ არის, რომ ამის შემდეგ შოკენჰოფი, უფრო რადიკალური ხმებისგან განსხვავებით, მხარს უჭერს რუსეთთან მჭიდრო პარტნიორობას. მისი აზრით, მოსკოვი მალე მიხვდება, რამდენად ესაჭიროება ეს პარტნიორობა.

"ამიტომაც თავი უნდა შევიკავოთ რუსეთის წინააღმდეგ არასწორი ნაბიჯებისგან, მაგალითად, დიდი რვიანიდან მისი გარიცხვისგან. ჩვენ გვესაჭიროება მის ფარგლებში დიალოგის წარმოება ისეთი გლობალური საკითხების გადასაჭრელად, როგორებიცაა, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ანდა კლიმატის ცვლილება. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის ხელის შეშლით კი საკუთარ თავს უფრო ვავნებდით, ვიდრე რუსეთს: ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთი დაექვემდებაროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს და უარი თქვას ამ ორგანიზაციისთვის მიუღებელ სუბვენციებზე."

სტატიის ბოლოს ჩამოთვლილია მთელი რიგი სფეროები, რომლებშიც რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა უპირველეს ყოვლისა დასავლეთის ინტერესებშია. მათ შორის მთავარი ადგილი ენერგეტიკას უჭირავს.

შეგახსენებთ, "ფრანკფურტერ ალგემაინეში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ანდრეას შოკენჰოფი გერმანიის ბუნდესტაგის მმართველი პარტიის ფრაქციის წევრი გახლავთ და მას რუსეთთან ურთიერთობების კოორდინაცია ევალება.
XS
SM
MD
LG