Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადაიფიქრა ყაზახეთის კომპანიამ ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება


ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიამ „ყაზმუნაი გაზმა“ ბათუმში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება გადაიფიქრა.

გაურკვეველი ვადით გადაიდო უფრო დიდი მასშტაბის ნავთობტერმინალისა და ქარხნის მშენებლობის ყაზახური პროექტი თურქეთის ქალაქ ჯეიჰანში. ექსპერტების აზრით, ყაზახეთმა კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული „ნავთობპოლიტიკა“ შეცვალა. რა არის ამის მიზეზი და რატომ ჩაიშალა საქართველოში ერთ მილიარდ დოლარად შეფასებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი?

ამ დღეებში რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემები იუწყებოდნენ, რომ ბათუმში ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტი ჩაიშალა. ბევრი ამ გადაწყვეტილებას ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის, „ყაზმუნაი გაზის“, ნავთობპოლიტიკის შეცვლას უკავშირებს, ნაწილი კი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ამ ვითარებაში სიცხადის შეტანის მიზნით, რადიო „თავისუფლების“ ყაზახურმა სამსახურმა ოფიციალური განმარტება სთხოვა „ყაზმუნაი გაზის“ საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს არჟაან ტაკაჩაკოვს.

[არჟაან ტაკაჩაკოვის ხმა] „ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის იდეაზე ჩვენ უარი ვთქვით ჯერ კიდევ გასულ წელს. იქ გარკვეული ტექნიკური პირობების გამო პროექტი არამიმზიდველი აღმოჩნდა. ამიტომ ნავთობქარხანას ჩვენ ბათუმში არ ავაშენებთ. იქ ტექნიკური პრობლემები იყო ადგილმდებარეობასა და საქართველოს მხარის ზოგიერთ პირობასთან დაკავშირებით. ამიტომ ”ყაზმუნაი გაზმა” გადაწყვიტა, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია და ამიტომ მთლიანად უარი ვთქვით.“

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის შეძენილი მიწის ფართობი და მანძილი დასახლებული პუნქტებიდან ამ ტერიტორიამდე. კერძოდ, მანძილის სიმცირე საშუალებას არ იძლეოდა დაცული ყოფილიყო საქართველოს მხარისგან მოთხოვნილი სტანდარტები. შეუძლებელი აღმოჩნდა ქარხნის ასაშენებლად შეძენილი ტერიტორიის გაფართოებაც, რადგან ის მთებითაა გარშემორტყმული. ამ მიზეზების გამო ყაზახეთმა უარი თქვა ბათუმში ერთ მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული პროექტის განხორციელებაზე. პროექტის ჩავარდნის სხვა მიზეზებზე საუბრობს ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი გია ხუხაშვილი.

[გია ხუხაშვილის ხმა] „თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ პროექტის განხორციელებას...“

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ”ყაზმუნაი გაზმა” კომპანია „გრინოუკისგან“ 2006 წელს შეიძინა და ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტში ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების მზადყოფნაც გამოაცხადა. ყაზახეთმა ამავე კომპანიისგან გამოისყიდა ბათუმის პორტის აქციებიც.
სწორედ ბათუმის პორტის მეშვეობით ხორციელდება ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირება ევროპის ბაზრებზე.

მიუხედავად ამისა, ყაზახეთისთვის ჯერჯერობით ეკონომიკურად მიუღებელი აღმოჩნდა ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი. ამ დროისთვის ყაზახეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია. მას საქართველოს ეკონომიკაში დაბანდებული აქვს დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი.

კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული ყაზახეთის ნავთობპოლიტიკა რომ უცვლელი რჩება, ამაზე მიანიშნებს „ყაზმუნაი გაზის“ წარმომადგენელი.

ჯეიჰანის ნავთობტერმინალის პროექტის ბედზე საუბრისას არჟაან ტაკაჩაკოვმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გრძელდება და რომ ყაზახეთი კვლავაც დაინტერესებულია ამ პროექტის განხორციელებით.

XS
SM
MD
LG