Accessibility links

logo-print

ეკონომიკის ექსპერტი ანდერს ოსლუნდი: “პუტინმა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა”


8 აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა “უდიდესი სტრატეგიული შეცდომა” დაუშვა - წერს ცნობილი შვედი ეკონომისტი ანდერს ოსლუნდი

სტატიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გაზეთ “მოსკოუ ტაიმსში”. ოსლუნდი აღნიშნავს, რომ პუტინის მოქმედების შედეგად ნახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა რუსეთის საფონდო ბირჟის ღირებულება, შეჩერდა ყველა საშინაო რეფორმა და მთელი მსოფლიოსაგან იზოლაციაში მოექცა რუსეთი.

რას ეფუძნება გავლენიანი ექსპერტის შეფასება? ამ და სხვა შეკითხვებით მიმართა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ანდერს ოსლუნდს - ვაშინგტონში დაფუძნებული, პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარს.

დავიწყოთ პასუხით შეკითხვაზე, რას ეფუძნება შეფასება პუტინის უდიდესი სტრატეგიული შეცდომის შესახებ: ბუნებრივია, საქმე ეხება, ოსლუნდის სპეციალიზაციიდან გამომდინარე, საფინანსო- ეკონომიკურ ასპექტს.

[ოსლუნდის ხმა] “როცა იწყებ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, იმავდროულად იწყებ აგრესიულ საგარეო სავაჭრო პოლიტიკასაც. და ბლოკავ საშინაო-ეკონომიკურ რეფორმებს. მკვეთრად ზრდი პოლიტიკურ რისკებს საკუთარ ქვეყანაში. შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS) შეფასებით, პოლიტიკური რისკების მატება ნიშნავს იმას, რომ ფასიანი ქაღალდების კურსი საფონდო ბირჟაზე 20 პროცენტით მცირდება - ანუ, ლაპარაკია 300 მილიარდ დოლარზე, რომელიც საფონდო ბირჟას ჩამოეჭრა.”

მძიმე საფინანსო-ეკონომიკური შედეგები, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას რომ მოჰყვა, ანდერს ოსლუნდის აზრით, კიდევ უფრო მეტია.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური პროცესების შენელება რუსეთში მანამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოიკვეთა.

[ოსლუნდის ხმა] “საქმე ეხება ეკონომიკური ციკლის დასრულებას, ნავთობის ფასი ერთი მესამედით დაეცა, და რუსეთის ეკონომიკა გადახურების (მეტისმეტად სწრაფი ზრდის) შედეგებს განიცდის. ასე რომ, დადგა დრო, როცა რეფორმები მართლა აუცილებელია, პუტინმა კი მათ ზურგი შეაქცია.”

რუსეთში რომ საფინანსო კრიზისია, ეს პრეზიდენტმა მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა პუტინმაც აღიარეს. მედვედევმა მთავარ მიზეზად მოიყვანა საქართველოში ინტერვენცია, მაგრამ დასძინა - მაინც ღირდა საქართველოში შეჭრაო. გარდა ამისა, მედვედევმაც და პუტინმაც, ზოგად, საერთაშორისო საფინანსო კრიზისზე მიუთითეს.

რა არის ანდერს ოსლუნდის შეფასებით, რუსეთში ეკონომიკური დაღმასვლის გამომწვევი მთავარი მიზეზი? [ოსლუნდის ხმა] “რასაკვირველია, საქმე ეხება მრავალი ფაქტორის ძლიერ გავლენას. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის საფონდო ბირჟებზე ეკონომიკური დაღმსავლის ზოგადი მიზეზებია, პირველ რიგში, ეკონომიკური პროცესის შენელება - იგულისმხება მსოფლიო საფინანსო კრიზისიც; მეორე მიზეზია ნავთობის გაიაფება; მესამეა პუტინის შეტევა კომპანია “მეჩელზე”, რამაც მკვეთრად დააზარალა რუსეთის საფონდო ბირჟა; და მეოთხე - ომი საქართველოში. ეს არის რუსეთში საფინანსო კრიზისის გამომწვევი ოთხი პირდაპირი მიზეზი - თუ სწორედ საფინანსო ბირჟებს დავაკვირდებით”.

ინტერვიუში, რომელიც “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა ჰეზერ მაჰერმა ჩამოართვა ცნობილ შვედ ეკონომისტს, დავწრილებით არის ლაპარაკი აშშ-ში კომპანია “Lehmann Brothers”-ის გაკოტრებით გამოწვეულ და მთელი მსოფლიოსთვის (რუსეთის ჩათვლით) საგრძნობ კრიზისზეც, მაგრამ ამ დიდ თემაზე ახლა არ შევჩერდებით - მოგასმენინებთ ანდერს ოსლუნდის კიდევ ერთ მოსაზრებას რუსეთის ბოლოდროინდელ კურსზე: [ოსლუნდის ხმა] “რუსეთი საკუთარ თავს აქცევს პოლიტიკურ იზოლაციაში და ამას ცხადჰყოფს განსაკუთრებული უხეშობაც, რომლითაც პუტინი და ლავროვი ელაპარაკებიან ყველას. ეს კი, რასაკვირველია, ნიშნავს, რომ ხალხს ნაკლებად სურს მათთან საქმის დაჭერა. პუტინისა და ლავროვის ყოველი უხეში განცხადება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ რისკებს რუსეთისთვის. და რისკებს ზრდის ისიც, რომ რუსეთი იძლევა და იძლევა დაპირებებს, რომელთაც არ ასრულებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის სიტყვას ახლა ჩალის ფასი აქვს. და ეს, პირველ რიგში, რუსეთის პრობლემაა და არა ვინმე სხვისი”.

პერსპექტივა - შვედი ეკონომისტის შეფასებით - არასახარბიელოა... მალე იკლებს რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც - თუ რამდენად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცუდ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს პუტინის მთავრობა.
XS
SM
MD
LG