Accessibility links

logo-print

უკრაინა: ”ნარინჯისფერი კოალიცია” ოფიციალურად დაიშალა


უკრაინაში ოფიციალურად დაიშალა ”ნარინჯისფერი კოალიცია”.



დასრულდა წარსულში მოკავშირეებად ცნობილი ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს პარტნიორობა და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კიდევ ერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.


უკრაინის პარლამენტის სპიკერმა არსენი იაცენიუკმა დეპუტატების გადაწყვეტილების გამოცხადებისას ”ნარინჯისფერი კოალიციის” დაშლის ცნობას ”მოსალოდნელი, მაგრამ ძალიან სევდიანი” ამბავი უწოდა.

თუმცა ცნობა სევდიანი ყველასთვის არ ყოფილა. პრორუსული რეგიონების პარტიის ლიდერი და კოალიციის ძველი მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი ახალ ამბავს კმაყოფილებით შეხვდა:

[იანუკოვიჩი]
”ვაგონი ჩამოდგა და ახლა ტალახშია ჩაფლული. ეს ეგრეთ წოდებული დემოკრატიული კოალიცია, რომელსაც სინამდვილეში არასოდეს უარსებია, ისევე გაქრა, როგორც ნამი მზის ქვეშ.”

კოალიციის დაშლა ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ რთულ პოლიტიკურ გზაზე, რომელიც უკრაინამ 2004 წლის ”ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ გაიარა.

რევოლუციამ ქვეყნის სათავეში ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს ქარიზმატული გუნდი მოიყვანა და, მართალია, ორი ლიდერის პროდასავლური პარტნიორობა ძალიან მალე გადაიქცა ინტენსიურ პოლიტიკურ დაპირისპირებად, იუშჩენკო და ტიმოშენკო უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მაინც განაგრძობდნენ ოფიციალურ თანამშრომლობას.

გაერთიანების უკანასკნელი მცდელობა მმართველი საპარლამენტო კოალიციით გამოიხატა, რომელშიც პრეზიდენტ იუშჩენკოს ”ჩვენი უკრაინა” და პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს ბლოკი შევიდნენ. მაგრამ კოალიციამ მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში იარსება და უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის ირგვლივ უთანხმოების გამო დაიშალა.

უთანხმოებას საფუძვლად ერთი მთავარი კითხვა უდევს: უკრაინა რუსეთის მოკავშირე უნდა იყოს თუ დასავლეთისა.

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრე იუშჩენკომ გასულ თვეში მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი, საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო. მისგან განსხვავებით, ტიმოშენკოს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს. ამის გამო იუშჩენკომ მას 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კრემლთან ალიანსშიც კი დასდო ბრალი.

ტიმოშენკო არ მალავს, რომ პრეზიდენტობის ამბიციები მართლაც აქვს. პოსტის შესანარჩუნებლად იუშჩენკოც იბრძოლებს. ვარშავაში განთავსებული საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის უკრაინის ექსპერტი ევგენიუს სმოლარი ამბობს, რომ საპარლამენტო კოალიციის დაშლა და წინასაარჩევნო ძალთა გადანაწილება ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეაფერხებს:

[სმოლარი]
”თუკი ამ ამბავს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის კონტექსტში განვიხილავთ, აშკარაა, რომ მომავალი 18 თვის განმავლობაში უკრაინა პოლიტიკურად პარალიზებული იქნება. ეს კი ძალიან ცუდი რამაა უკრაინისთვის და ევროკავშირსა და ნატოსთან უკრაინის თანამშრომლობისთვის.”




იუშჩენკოსა და სხვა პროდასავლელი პოლიტიკოსების აქტიურობის მიუხედავად, უკრაინის ქრონიკულმა პოლიტიკურმა პრობლემებმა და აღმოსავლეთ-დასავლეთის პრინციპით შიდა დაყოფამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი ევროპასთან ინტეგრაცია.

ევროკავშირისკენ უკრაინის სწრაფვამ მორიგი დარტყმა განიცადა გასულ კვირაში, 9 სექტემბერს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიევს უფრო მჭიდრო კავშირები შესთავაზეს, მაგრამ თავი შეიკავეს სამომავლო გაწევრიანების მკაფიო პირობის მიცემისგან.

რაც შეეხება ნატოს, საქართველოს მსგავსად, უკრაინამ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ვერ მიიღო აპრილში გამართულ სამიტზე. სამხედრო ალიანსს ორივე ქვეყნისთვის მაპის მინიჭების კიდევ ერთი შესაძლებლობა დეკემბერში დაგეგმილ სამიტზე ექნება, მაგრამ უკრაინის პოლიტიკური არეულობისა და საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის გამო მაპის მიღების გარანტია არც ერთ ქვეყანას არა აქვს.

უკრაინის პარლამენტს ახლა 30 დღე აქვს იმისათვის, რომ ან ახალი კოალიცია შექმნას, ან ახალი არჩევნები დანიშნოს. ზოგიერთი ანალიტიკოსი - მათ შორის სმოლარი - ფიქრობს, რომ იულია ტიმოშენკოს ბლოკი და იანუკოვიჩის რეგიონების პარტია პარტნიორები გახდებიან.

ამგვარი შეთანხმება ძალიან გაახარებს მოსკოვს, რომელსაც დასავლეთისკენ კიევის სწრაფვა აღიზიანებდა. თუმცა, სმოლარის აზრით, მოცემულ ვითარებაში უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა რუსეთს ნაკლებად უნდა დაბრალდეს; ანალიტიკოსის აზრით, დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, უწინარესად, თავად იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს აკისრიათ:





[სმოლარი]
”ქალბატონ ტიმოშენკოსა და პრეზიდენტ იუშჩენკოს ურთიერთობის ანალიზისას, როცა ხედავ მთელ ამ დაპირისპირებას თუ მტრულ დამოკიდებულებას, არა, რუსეთის ფაქტორი არ გჭირდება იმის აღსაქმელად, რომ სიტუაცია გამოუვალია. პარლამენტის მუშაობა ბლოკირებული იყო. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული სენტიმენტები ე.წ. ”ნარინჯისფერი რევოლუციის” პარტნიორების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ეს უნდა დავივიწყოთ.”



XS
SM
MD
LG