Accessibility links

logo-print

ქართული სადაზვერვო მტკიცებულებები, თუ ვინ დაიწყო ომი, დაგვიანებული და სადავოა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულმა ფარულმა სატელეფონო ჩანაწერმა დიდი გამოხმაურება პოვა დასავლეთის მედიაში.

ორი ოსი მესაზღვრის სატელეფონო საუბარი როკის გვირაბთან რუსული ტანკების გადაადგილების თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია იმის ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ომი სამხრეთ ოსეთში სწორედ რუსეთმა გააჩაღა. მაგრამ ექსპერტები როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ისე საქართველოში ფიქრობენ, რომ ეს მტკიცებულება ანგარიშგასაწევია, მაგრამ არასაკმარისი.


სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასავლურ მედიას რამდენიმე დღის წინ გადასცა, ასახავს ორი ოსი მესაზღვრის საუბარს 7 აგვისტოს. პირველი საუბარი გვიან ღამით, დაახლოებით 4 საათზე, შედგა. რიგითი მესაზღვრე მობილური ტელეფონით მოახსენებს თავის უფროსს, რომ ”მათ, ანუ რუსებმა, გამოიყვანეს ჯავშანტექნიკა და რომ როკის გვირაბი გადავსებულია”. მოგვიანებით მესაზღვრე აზუსტებს, რომ ეს ჯავშანტექნიკაა - ტანკები, ჯავშანმანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები. გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორები საქართველოს ამ მტკიცებულებას ანგარიშგასაწევს უწოდებენ, თუმცა მიუთითებენ, რომ იგი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც დასავლეთის სახელმწიფოებში, ისე თავად რუსეთში. იგივე სურათია საქართველოშიც. მხოლოდ ოსი მესაზღვრეების სატელეფონო ჩანაწერით საბოლოო დასკვნის გამოტანას ერიდება გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, თუმცა მისთვის სატელეფონო ჩანაწერი სარწმუნოა:

[ლაშა ტუღუში] ”თუ დადასტურდა, რომ ერთი დღით, ორი დღით ადრე, ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, შემოვიდა უცხო ქვეყნის ჯარი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, ჩემთვის ცხადია, თუ ვინ არის აგრესორი.”

სატელეფონო საუბრის ჩანაწერების გამოქვეყნებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ”ჰიუმან რაიტს უოჩს” გადასცა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ გამოიყენა რუსეთთან ომის დროს კასეტური საარტილერიო ჭურვები, ოღონდ როკის გვირაბთან, ძარას გზაზე, სადაც რუსეთის ჯავშანკოლონები მოძრაობდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სახელს არ ჰმატებს ქვეყნის პრესტიჟს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ადეკვატური და პატიოსანი პასუხები გასცეს დასავლეთის ქვეყნების შეკითხვებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა -ახალი ინიციატივების” თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფლება იძულებული იქნებოდა ძალის გამოყენებით შეეჩერებინა, ტანკების გადაადგილება თავის ტერიტორიაზე:

[კოკი იონათამიშვილი] ”როდესაც საქართველო-რუსეთის შემთხვევაში არ არსებობდა ისეთი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემოდიოდა ამდენი ტექნიკა, ეს უკვე ნიშნავდა პირდაპირ აგრესიას და ჩვენ შეიძლება მიგვეღო ის, რომ ეს ტანკები ცხინვალში კი არ გაჩერებულიყვნენ, არამედ ჩამოსულიყვნენ უფრო აქეთ.” (სტილი დაცულია)

თუმცა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ნივთმტკიცებად გამოდგებოდა მაშინ, თუკი საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე იტყოდა, რომ ცეცხლის გახსნა მას რუსული აგრესიის შესაჩერებლად დასჭირდა. პრობლემა ის კი არაა, რუსები როდის შემოვიდნენ, არამედ პრობლემა ისაა, რომ ქართველები წამოეგნენ რუსეთის პროვოკაციას და ახლა იძულებული არიან თავი იმართლონო, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” პაატა ზაქარეიშვილმა.

[პაატა ზაქარეიშვილი] ”ეს რომ ყოფილიყო პასუხი რუსების შემოსვლაზე, მაშინ საღამოს, როცა გენერალი ყურაშვილი გამოვიდა და თქვა, ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაო, - იტყოდა, ჩვენ ვპასუხობთ რუსების შემოსვლას გვირაბშიო. ხმა არ ამოუღია. თქვა, რომ ოსებმა ცეცხლი გახსნეს. პლუს ამას, მეთიუ ბრაიზა ჩაერთო (”რუსთავი 2”-ს) ვაშინგტონიდან 7-ში საღამოს - მან კარგად იცის რა ხდება. საშინელება ხდება. მას შეატყობინეს ყველაფერი - და ამბობს, რომ ოსურმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს და ქართული მხარე იძულებული იყო ცეცხლი გაეხსნა. და მოუწოდებს ორივე მხარეს შეწყვიტონ ცეცხლი. [მეთიუ ბრაიზა] ხმას არ იღებს იმაზე, რომ როკის გვირაბიდან გამოვიდნენ რუსული ტანკები.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება დასავლეთის მედიას, გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსის” წყაროები ამერიკის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ ქართული სპეციალისტების მიერ მოსმენილი საუბრები იმსახურებენ ყურადღებას, მაგრამ არ შეიძლება ისინი მიჩნეულ იქნეს უეჭვო მტკიცებულებად. რაც შეეხება რუსეთის მხარეს, საგარეო უწყებამ არასერიოზული უწოდა საქართველოს მტკიცებულებებს. ანდრეი ნესტერენკომ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პრესას უთხრა, ეს მხოლოდ სამშვიდობო ძალების კუთვნილი ტექნიკის გადაადგილება იყო, რაც ”ნატოს თანამგზავრების მონაცემებთან შედარებით იოლად შეიძლება გადამოწმდესო”.
XS
SM
MD
LG