Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტსგარეთა ოპოზიცია ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ


საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ახალი ინიციატივების გაჟღერების შემდეგ, პარლამენტსგარეთა ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა კრიზისის დაძლევის ხედვა წარმოადგინა.

ამ საკითხზე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში უკვე არსებობს რამდენიმე დოკუმენტი. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შედგენილი ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პარტიების მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს შორის პრინციპული თანხვედრაა – ქვეყანაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისის განმუხტვის ძირითად საშუალებად ყველა პარტიას ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მიაჩნია. თუმცა ნაწილობრივ განსხვავებულია პირველი და მეორე რიგის ამოცანები, როგორც არჩევნების დანიშვნის წინაპირობა.

საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მემორანდუმი გაერთიანებული ოპოზიციის დოკუმენტია. თუმცა ეგრეთ წოდებული ”გაერთიანებული ოპოზიცია” ამ შემთხვევაში წარმოდგენილია გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატით, კონსერვატიული პარტიითა და ხალხის პარტიით. მემორანდუმის ხელმომწერთა შორისაა ასევე არასამთავრობო სექტორის 9 სუბიექტი. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მემორანდუმი ჯერჯერობით მხოლოდ დოკუმენტის შედგენის ინიციატორთა ხედვას ასახავს, იგი ღიაა მხარდამჭერებისათვის და საჭიროების შემთხვევაში შესწორებასაც დაექვემდებარება. ამ ეტაპზე კი იგი ოთხი მთავარი მოთხოვნისაგან შედგება.: მოიხსნას შეზღუდვები კერძო ტელეკომპანიების საკუთრებასა და მაუწყებლობაზე, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება, შეფასდეს საქართველოს მთავრობის საქმიანობა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პოსტებზე დანიშვნები საზოგადოების ნდობის საფუძველზე განხორციელდეს და, ბოლოს, მიღებულ იქნეს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს.

[კობა დავითაშვილის ხმა]“ ჩვენი მესიჯი დღეს არის მოწოდება ხელისუფლებისადმი: საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ შეიგნო ამაზე ლაპარაკის აუცილებლობა, მაგრამ რამდენად შეიგნო კონკრეტული ქმედებების აუცილებლობა, ამას საქმე გვაჩვენებს.“

ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის განმარტებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მემორანდუმმა პრინციპულად განსაზღვრა ის საფუძველი, რამაც ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მემორანდუმის ძირითად პუნქტებში, დოკუმენტის ხელის მომწერთა ერთი ნაწილის სურვილის მიუხედავად, არ ჩაიდო მოქმედი ხელისუფლების თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნა. მემორანდუმის ავტორებს ამაზე კონკრეტული პასუხი აქვთ: სანამ მედიის კონკურენტუნარიანობისა და თავისუფლების ხარისხი არ ამაღლდება და დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი არ შეიქმნება, მანამდე ხელისუფლების შეცვლა შედეგს არ მოიტანს. კონსერვატორი კახა კუკავა ამბობს:

[კახა კუკავას ხმა]“ ჩვენი ძირითადი განსხვავება რაც არის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები არ უნდა ჩაატაროს ლევან თარხნიშვილმა, იმიტომ რომ ეს იქნება არა სააკაშვილის გადადგომა, არამედ ეს იქნება სააკაშვილის რეანიმაცია რეალურად. ეკა ბესელიასა და ახალ მემარჯვენეებს გააჩნიათ განსხვავებული პოზიცია”. (სტილი დაცულია)

ახალმა მემარჯვენეებმა თავიანთი პოზიცია 9 სექტემბერს, პოლიტიკურ პარტიათაგან ერთ–ერთმა პირველებმა, გააჟღერეს:

[დავით გამყრელიძის ხმა]“ მიხეილ სააკაშვილს აღარა აქვს არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი. ის უნდა გადადგეს, ქვეყანაში დაიწყოს რეჟიმის ცვლილება, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, განთავისუფლდეს მედია და კონსტიტუციური ცვლილებებით ჩვენ რეალურად ფუნქციონირებადი დემოკრატია მივიღოთ ქვეყანაში.“(სტილი დაცულია)

ასეთია დავით გამყრელიძისა და ახალი მემარჯვენეების პოზიცია. 17 სექტემბერს ხელისუფლებას ხუთი მოთხოვნა წაუყენა „მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის.“ ამ მოთხოვნებშიც პირველ ადგილზე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა დგას. მას მოსდევს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება, შემდეგია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნა და ტელეკომპანიების ხელისუფლების ზეწოლისგან გათავისუფლება.

[ეკა ბესელიას ხმა]“ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას აკისრია პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“

მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას, აზრით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად გასატარებელ ღონისძიებათაგან ერთ–ერთი უმთავრესია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში არაუგვიანეს 2009 წლის გაზაფხულამდე უნდა გაიმართოს. იმავე ვადას ასახელებენ რესპუბლიკელები, თუმცა ისინი აქცენტს ძირითადად საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებენ. რესპუბლიკელთა გეგმის თანახმად, არჩევნები საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უნდა ჩატარდეს, ცვლილებებმა კი, თავის მხრივ, პრეზიდენტი და მთავრობა პარლამენტის ეფექტური კონტროლის ქვეშ უნდა მოაქციოს. ამას გარდა, რესპუბლიკური პარტიის გეგმის თანახმად, აუცილებელია არჩევნების სამართლიანობის ქმედითი საერთაშორისო გარანტიების შექმნა, ელექტრონულ მედიაზე სახელმწიფო კონტროლის გაუქმება, ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლის დაწესება და სხვ.

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია შეთანხმებული შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების გეგმის გარეშე. სხვა შემთხვევაში იქნება ქაოსი, იქნება მოქმედებები, რომელიც არაა შეთანხმებული ოპოზიციის მხრიდანაც და იქნება ხელისუფლების მხრიდან მცდელობა ცალ–ცალკე გაგვიმკლავდეს ყველას, ვისი მართალი აზრისაც მას ასე ეშინია.“ (სტილი დაცულია)

ამბობს რესპუბლიკელთა ლიდერი დავით უსუფაშვილი. ოპოზიციური პარტიების ეგრეთ წოდებული დიდი კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძეც. ყველანი ერთად კი თანხმდებიან, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოების საქმეში გარანტორების როლი საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იტვირთონ.
XS
SM
MD
LG