Accessibility links

logo-print

”სად გააქრეს რუსებმა დაჭრილი ქართველი ტყვეები” - ”რეზონანსი” ინტერესდება


”სად გააქრეს რუსებმა დაჭრილი ქართველი ტყვეები” - ”რეზონანსი” ინტერესდება ამით. გაზეთი წერს, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები დღემდე რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის წევრ გია თორთლაძეს ”რეზონანსის” კორესპონდენტისთვის განუცხადებია, რომ, კომისიის ინფორმაციით, ”ვლადიკავკაზში ოთხი ტყვე იმყოფებოდა, მაგრამ შეიძლება იყოს მეტიც. ჯარისკაცები ჩვეულებრივ საავადმყოფოებში იყვნენ, შემდგომ კი მოხდა მათი სამხედრო ჰოსპიტალებში გადაყვანა”, - ამბობს თორთლაძე და აზუსტებს: ”ერთი ჯარისკაცი იყო ბესლანში და სამი კი ვლადიკავკაზში. მათი გადაყვანის შემდგომ ვერ ვაზუსტებთ მათ მდგომარეობას”. გია თორთლაძის გარდა, ”რეზონანსმა” კომენტარი სთხოვა სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს. ის ამბობს: ”ჩვენი ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში იმდენ ტყუილს გვეუბნება და იმდენ არასწორ ინფორმაციას აქვეყნებს, რომ ძნელია ტყუილის მართლისგან გარჩევა. ეჭვები იმ ადამიანებსაც უჩნდებათ, ვისაც უშუალოდ ამ ინფორმაციასთან შეხება ჰქონდა. მე არ შემიძლია რაიმე დავადასტურო ან უარვყო, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 11 ჯარისკაცია”, - ეუბნება ”რეზონანსს” გიორგი თავდგირიძე.

”რატომ ასაიდუმლოებს ლომაია გარდაცვლილთა სიებს?” - ეს უკვე ”ალიას” სათაური გახლავთ. გაზეთი დაინტერესდა საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ვინაობით, რადგან მათი სიის გამოქვეყნება გადაწყვიტა. ამისთვის ”ალიას” კორესპონდენტი უშიშროების საბჭოს მდივანს დაუკავშირდა. ლომაიას პასუხი ასეთი გახლდათ: ”სიებს ჯერ ვერავის გადავცემთ, რადგან ვაპირებთ გავხსნათ მემორიალი, რომელზედაც ყველა გვარი იქნება ამოტვიფრული ამ ადამიანების სახელების უკვდავსაყოფად. კონკრეტულად სად იქნება ეს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს”, - ამბობს ლომაია. ”ალია” სვამს კითხვას: ”საკვირველია, თუ არსებობს სიები, რატომ მალავს მას ყველა სახელმწიფო უწყება და რა მნიშვნელობა აქვს, ორი კვირით ადრე გამოქვეყნდება ის თუ გვიან?” - კითხვას ავტორი თავადვე უპასუხებს: ”წესით, დასამალი არაფერი უნდა იყოს, ერთის გარდა - შესაძლოა, ამ სიებში ვინმემ საკუთარი ახლობელი ვერ აღმოაჩინოს და გაიშიფროს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ხელოვნურადაა შემცირებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობას მალავენ”, - წერს ”ალია”.

დღევანდელ პრესაში ასახულია როგორც ოპოზიციის განწყობა პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის ორი დღის წინანდელი გამოსვლის მიმართ, ისე თავად ოპოზიციური პარტიების ერთმანეთის პოზიციებისადმი დამოკიდებულება.

”საქართველოს რესპუბლიკას” პრეზიდენტის გამოსვლაზე თავის მოსაზრებებს უზიარებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე არაერთ კითხვას სვამს: ”დებატები გვჭირდებაო... მაშინ მიპასუხონ, რატომ წყდება და ქრება დებატები ტელეეკრანიდან მაშინ, როცა ვიღაცის სკამს საფრთხე დაემუქრება?.. ანდა პარტიების დაფინანსება ავიღოთ. თუ ეკუთვნოდათ, რატომ შევუწყვიტეთ დაფინანსება პარტიებს ორი თვის წინათ, ხოლო თუ არ ეკუთვნოდათ, რატომღა უნდა მივცეთ ეს დაფინანსება?” - ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა პრეზიდენტს საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად სჭირდება. რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი კი ამბობს: ”ამ ეტაპზე საჭიროა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ნორმალური, ლეგიტიმური პარლამენტის არჩევა. ასევე უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. თუ ამ ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარება სურს, მთავარი ეს არის”, - განუცხადა დავით ზურაბიშვილმა ”საქართველოს რესპუბლიკას”.

”დღეს არსებობს ორი გზა. ერთია რადიკალური - სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქციების მოწყობა. ვერ ვიტყვი, რომ ეს გზა შეუძლებელია, მაგრამ ეს გზა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის”, - ამბობს კობა დავითაშვილი, რომელთან ვრცელ ინტერვიუსაც ”ალია” აქვეყნებს. დავითაშვილი დასძენს: ”თუკი სააკაშვილისა და პუტინის რეჟიმი არსებითად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მაშინ დასავლეთისგან მინიმუმ ნეიტრალიტეტს მივიღებთ, რაც, ცხადია, დამღუპველი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კონცეფცია ძალიან ცხადია. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას დემოკრატიის თვალსაზრისით რეალური რეფორმები დაიწყოს”, - ამბობს დავითაშვილი.

მისგან განსხვავებით, ეკა ბესელია, ერთ-ერთი ლიდერი მოძრაობისა ”ერთიანი საქართველოსთვის”, აცხადებს: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის გადადგომის საკითხი დღესვე უნდა დადგეს ქვეყანაში. ეს არის პირველი სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც აგვისტოს მოვლენები მოხდა. მაგრამ, ჩვენს მეგობარ პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ დღეს ეს საკითხი არ უნდა დადგეს და უნდა ვიფიქროთ სხვა ტიპის რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას მიიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე.” - ეკა ბესელიას მოსაზრებებს ”ახალი თაობა” აქვეყნებს.

”კალოშებიდან - პრემიერობამდე, პრემიერობიდან - მილიონერობამდე, მილიონერობიდან - ოპოზიციონერობამდე, ანუ რატომ ამოიდგა ენა ზურაბ ნოღაიდელმა?” – ”ჯორჯიან ტაიმსი” წერს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე: ”გაოპოზიციონერებული ნოღაიდელი ახლა ლადო გურგენიძეს აკრიტიკებს გამალებით. სათავისოდ ენერგიული, სახელმწიფოებრივად კი - უმწეო და უსუსური გურგენიძე უდავოდ გასაკრიტიკებელია, მაგრამ ზურაბი ჯერ კიდევ კახი კალაძის ზურგს იყო ამოფარებული და ”მანი, მანი, მანის” მღეროდა, როცა ”ჯორჯიან ტაიმსი” გურგენიძეს სერიოზულ ბრალდებებს უყენებედა. სად იყო აქამდე ზურაბ ნოღაიდელი? ჯერ იყო და ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიჰყიდა. ახლა გაჰყვირის, მაშინ რუსეთი საშიში არ იყოო. როდის არ იყო რუსეთი საქართველოსთვის საშიში? მაშინ, როცა ნოღაიდელს მილიონები ჰქონდა ასახვეტი?” - კითხულობს ”ჯორჯიან ტაიმსი”.

ნოღაიდელის რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუს ”ყველა სიახლის” ფურცლებიდან ეხმაურება უშიშროების საბჭოს მდივანი: ”ბატონი ზურაბ ნოღაიდელის ინტერვიუში ლაპარაკი იყო ეკონომიკურ პრობლემებზე. ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მთავრობას. ჩემთვის საინტერესოა მისი მოსაზრება. თუმცა საზოგადოებაში მის მიმართაც ჩნდება კითხვები”, - ამბობს ლომაია.

”ყველა სიახლეში” დღეს ქვეყნდება ინტერვიუ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან: ”ხელისუფლება ცვედანია. თავად ვერაფერს გახდება. სიმართლე გითხრათ, სულ წართმეულის დაბრუნების შესაძლებლობაზე ვფიქრობ და გამოსავალს ვერაფრით მივაგენი. რუსეთის იმპერიას ნებაყოფლობით რამე არავისთვის მიუცია. უომრად, ანუ ომში დამარცხების გარეშე, არც ჩვენ დაგვიბრუნებს რასმე. რაც შეეხება ევროპისა და ამერიკის ჩვენს სასარგებლო მოღვაწეობას, საქმე მესამე მსოფლიო ომამდე მივა - ბირთვულ ომამდე - და ჩვენი კეთილისმსურველები საფლავში ვერ ჩაგვყვებიან. დიპლომატიური კულმინაციის დადგომისთანავე მათთვის დამაკმაყოფილებელ ფორმას მიმართავენ, განზე გადგებიან და ”ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე”. ერთადერთი იმის იმედიღა მაქვს, რომ ”რაღა არ ხდება მზისა ქვეშე” და იქნებ კიდევ ერთხელ გაგვიღიმოს ბედმა და პრობლემები მოულოდნელმა გამოსავალმა გადაწყვიტოს ჩვენს სასარგებლოდ”, - ასე უპასუხებს ”ყველა სიახლის” ჟურნალისტის ერთ-ერთ შეკითხვას ჭაბუა ამირეჯიბი.
XS
SM
MD
LG