Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობას განახლებული შემადგენლობით შეუდგება


საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალების კომისია განახლებული შემადგენლობით დამტკიცდა.

კომისიას ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს. მას ამჟამად საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია. ელენე თევდორაძე მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა კომისიას უკვე მეორე ვადით ჩაუდგა სათავეში, ცვლილება კი ძირითადად კომისიის იმ წევრებს შეეხოთ, რომლებიც კომისიაში წინა მოწვევის პარლამენტიდან იყვნენ წარდგენილნი.

საქართველოს პრეზიდენტთან მოქმედი „შეწყალების საკითხთა კომისიის“ შემადგენლობა 13 წევრით განისაზღვრება. კომისიის განახლების საკითხი უშუალოდ უკავშირდება ახალი პრეზიდენტის ან მოქმედი პრეზიდენტის ახალი ვადით არჩევას. პროცედურა ავტომატურად გულისხმობს ადმინისტრაციასთან არსებული კომისიების ხელახლა დამტკიცებას.ცვლილება, შესაბამისად, შეეხო შეწყალების კომისიასაც, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პრეზიდენტის სარეკომენდაციო ორგანოს წარმოადგენს. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, კომისიის ბირთვი ძირითადად ძველი შემადგენლობით დარჩა. არ შეცვლილა არც კომისიის დაკომპლექტების პრინციპი:

[ელენე თევდორაძის ხმა]“ეს ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის, რომ აუცილებლად ეროვნული უმცირესობებიდან უნდა იყოს ყოველთვის ვიღაცა, აუცილებლად ვიღაცა უნდა იყოს ოპოზიციიდან, აუცილებლად უნდა იყოს საზოგადო მოღვაწე, აუცილებლად ვინმე უნდა იყოს მედიიდან.ეს ის პრინციპია, რომელიც დარჩა. პიროვნებები შეიცვალნენ. მაგრამ რაც შეეხება იქ სახალხო დამცველს, ვინც არ უნდა შეიცვალოს, სახალხო დამცველის ადგილი ყოველთვის იქნება კომისიაში.“(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებების დამცველის, საქმიანობა, დიდწილად,პატიმართა პრობლემების ზედმიწევნით ცოდნასაც გულისხმობს. ამდენად, არავისთვის სადავო არ არის, რა მნიშვნელობა ენიჭება სოზარ სუბარის კომისიაში ყოფნას. მის გარდა, კომისიის წევრები არიან მეცნიერები დავით აფრასიძე და ზურაბ კიკნაძე, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მწერალი გივი შაჰნაზარი, გაზეთ ”24 საათის” რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი, დეპუტატები მურთაზ ზოდელავა, ნიკოლოზ რურუა, მარიკა ვერულაშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები.

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“ თავისთავად შეწყალება ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ის ან შეიწყალებს, ან არა, მაგრამ კომისიას აქვს ხოლმე ძალიან დიდი მნიშვნელობა. თვითონ კომისიის მუშაობა არის ნაკლებად გამჭვირვალე. თავისთავად ასე ცნობს კანონმდებლობა ამას. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ კომისიაში ვინც შევიდნენ, მართლაც რეალურად ორიენტირებულნი იყვნენ, რომ განტვირთვა მოხდეს ჩვენი საპატიმრო დაწესებულებების და ის პირები, რომელთაც მართლაც არ ეკუთვნით, ან არ არის საჭიროება საზოგადოებრივი იყვნენ საპატიმროებში, არ დარჩნენ.“(სტილი დაცულია)

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ პატიმართა მდგომარეობის ცოდნის მიმართულებით შეწყალების ახალი კომისია ერთგვაროვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა და კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში კომენტარის გაკეთება ძნელია. კონკრეტულ ადამიანებს რაც შეეხებათ, გაზეთ „24 საათის“ რედაქტორისთვის მოულოდნელი იყო კომისიის შემადგენლობაში აღმოჩენა, მაშინ როცა მედიის კვოტით გასული ძველი კომისიის წევრისთვის, გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორ ლაშა ტუღუშისთვის, კომისიის გარეთ დარჩენა აღმოჩნდა სიახლე:

[ლაშა ტუღუშის ხმა]“ არ მქონდა სურვილი? არ ვიცი, იცით?! ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს და გაზეთიდან გავიგე, რომ აღარა ვარ კომისიაში. ნამდვილად არ არის იქ ყოფნა იოლი, პასუხისმგებლობაა დიდი და მე მინდა, რომ წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს იმ საქმეში, რასაც ხელი მოჰკიდეს.“(სტილი დაცულია)

იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევთ შესაწყალებელი მსჯავრდებულების საქმეებზე მუშაობა, არის საპარლამენტო ოპოზიციის წევრი რომან მარსაგიშვილი. იგი არის ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის სახელით. დეპუტატი შეწყალების კომისიაში ფრაქცია „ძლიერი საქართველო–ქრისტიან-დემოკრატების” რიგებიდან მოხვდა. კომისიის წევრთა შორის არ არიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობა კი 4 პირითაა წარმოდგენილი. შეწყალების კომისიის პირველი სხდომა სექტემბრის ბოლომდე გაიმართება. 2008 წლის დასაწყისიდან დღემდე პრეზიდენტმა 500–მდე პატიმარი უკვე შეიწყალა.


XS
SM
MD
LG