Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ითვალისწინებს “საქართველოში სტაბილურობისა და დემოკრატიის აქტი 2008”?


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინ მოიწონეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეხება.

ეს არის დოკუმენტი სახელწოდებით “საქართველოში სტაბილურობისა და დემოკრატიის აქტი 2008”. მას შემოკლებულად უწოდებენ ასევე “STAND for Georgia Act” და ამ სახელწოდებაში სიტყვას STAND ორმაგი დატვირთვა აქვს: ის, ერთი მხრივ, “სტაბილურობისა და დემოკრატიის” აბრევიატურაა, მეორე მხრივ კი - მოცემულ კონტექსტში - მხარში ამოდგომას, მხარდაჭერასაც ნიშნავს. ამდენად, გუშინ მოწონებული კანონპროექტი “საქართველოს მხარდაჭერის აქტადაც” შეიძლება გადაითარგმნოს. დოკუმენტს ახლო მომავალში, სავარაუდოდ მომავალ კვირაში განიხილავენ წარმომადგენელთა პალატაში.

კანონპროექტის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულია პოლიტიკური განცხადებები - ნათქვამია, რომ აშშ გმობს აგვისტოში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო იერიშს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს; ნათქვამია ისიც, რომ აშშ გადაჭრით ემხრობა საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს მუშაობს ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მიზნის მისაღწევად.

კანონპროექტის პოლიტიკური განცხადებების ნაწილი სულ 6 პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის მოთხოვნა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში მორიგი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ცეცხლის შეწყვეტის უცხოელი მეთვალყურეების გარდა უნდა განთავსდნენ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებიც.

ამის შემდეგ კანონპროექტში ლაპარაკია საქართველოსადმი მხარდაჭერის მიზნებზე. უნდა ითქვას, რომ წარმოადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კანონპროექტის გუშინ დამტკიცებას წინ უძღოდა რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის შესახებ მოსმენა, რომელიც ამავე კომიტეტში გასულ კვირაში მოეწყო. მაშინ, მოსმენის დროს, წამოიჭრა შეკითხვა, როგორ შეეწყოს ხელი საქართველოს რაც შეიძლება მოკლე დროში აღდგენას რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. და აი, ამ შეკითხვას პასუხობს “საქართველოს მხარდაჭერის აქტი”, ითვალისწინებს რა ქართველი ხალხისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, მის მიმართ სოლიდარობის გამოხატავს. ამის შესახებ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ განცხადებაში წერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჰოუარდ ბერმანი. ის აცხადებს აგრეთვე, რომ კანონპროექტით სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის 1 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიზნებია, ჰუმანიტარული დახმარების გარდა, დახმარება ომით განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის, აგრეთვე ეკონომიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების საქმეში; მიზნებად არის დასახული ასევე საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო ურთიერთობის ხელშეწყობა.

თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ მიზნების მიღწევა კანონპროექტის ავტორებს - ბუნებრივია, დიდი თემაა და მათ აქ დაწვრილებით არ ჩამოვაყალიბებთ. მაგრამ ერთ-ერთ გეგმაზე შევაჩერებ ყურადღებას: საქართველოს მხარდაჭერის აქტით გათვალისწინებულია დაფინანსების გაზრდა ჩვენი რადიოს, რადიო “თავისუფლების” მაუწყებლობისთვისაც. თუ რატომ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჰაუარდ ბერმანი ასე განმარტავს: რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტმა გაზარდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ზუსტი და მიუკერძოებელი მაუწყებლობის საჭიროება.
XS
SM
MD
LG