Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკოციდის გამო საქართველო რუსეთს გაეროსა და საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს


რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შესახებ დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტებისა და საქართველოს სახელმწიფო კომისიის შუალედური დასკვნა

სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, ეკოციდის მოწყობის ბრალდებით. გარემოსდამცავი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არასაკმარის აქტიურობას იჩენს. მინდა გაუწყოთ, რა ეტაპზეა სარჩელის მზადების პროცესი და რა წინააღმდეგობებს აწყდება ის.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებული ეკოლოგიური ზარალის გამო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ეკოციდის მუხლით. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეკოციდი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ეკოციდის დანაშაულის ჩადენა უვადო პატიმრობით ისჯება.თუ ვის ელოდება ეს სასჯელი, გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუდგენია.

რაც შეეხება საერთაშორისო სარჩელს, ის ჯერ მზად არ არის, მაგრამ აქედანვე ცნობილია ვისგან მოითხოვს საქართველო ეკოციდის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სასამართლოში შეუძლია.

მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველო გაეროში ჩივილს აგვიანებს, რადგან არ ჩქარობს მიერთებას იმ კონვენციასთან, რომელიც ეკოციდის საკითხებს არეგულირებს:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „ამ კონვენციის საშუალებით დაჩაგრულ მხარეს შეუძლია სარჩელი შეიტანოს გაეროში და გაერო 1 თვის განმავლობაში აყალიბებს საერთაშორისო ექსპერტების კომიტეტს, რომელიც არკვევს ამ ფაქტებს, დებს დოკუმენტებს და აძლევს მსვლელობას. გარდა ამისა, ამ კონვენციის საფუძველზე საქართველოს შეუძლია სარჩელი შეიტანოს გაეროს უშიშროების საბჭოში.“(სტილი დაცულია)

გაეროს კონვენციასთან მიერთების შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციის თაობაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე ამბობს:

[ირაკლი ღვალაძის ხმა] „ამ კონვენციის ფარგლებში რომ ვიდაოთ და საქართველო გვიან რომ შეუერთდეს კონვენციას, ფაქტიურად, უკუქცევის ძალა არ ექნება და, როგორც იურისტები ამბობენ, მაგ კუთხით წასვლა არ იქნება მომგებიანი. ჩვენ ვაპირებთ მოვამზადოთ შეფასება ზიანიდან გამომდინარე და სარჩელი შევიტანოთ სტრასბურგში.“(სტილი დაცულია)

მანამდე კი სახელმწიფო კომისიამ ეკოციდის შედეგად მიყენებული ზარალი უნდა შეაფასოს, რაც საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, რადგან საქართველოში მსგავსი საქმიანობის გამოცდილება არავის გააჩნია. სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მათ შორის - ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, სახელმწიფო კომისია უფრო ინტენსიურად უნდა მუშაობდეს:

[ირაკლი მაჭარაშვილის ხმა] „რამდენიმე წინადადება მივაწოდეთ, როგორ უნდა იმუშაოს კომისიამ, რომ უნდა შეიქმნას თემატური ჯგუფები. ამის შემდეგ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აკეთებს ეს კომისია.“(სტილი დაცულია)

კომისიის მუშაობის გააქტიურებას მოითხოვს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძეც. სახელმწიფო კომისიის მუშაობის მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ირაკლი ღვალაძეს. მისი განცხადებით, უკვე მეხუთე სხდომა ჩატარდა და გარკვეული დასკვნებიც მომზადდა:

[ირაკლი ღვალაძის ხმა] „კომისიის მუშაობას რაც შეეხება, წინასწარი მონაცემები და მონახაზები უკვე გაკეთდა და ჩვენ საბოლოო დასკვნა გვექნება ორ კვირაში, უცხოელი ექსპერტების დასკვნა კი - ერთ თვეში.“

მანამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეკოციდის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ემზადება. მიმდინარეობს ადგილობრივი ჯიშის ნერგების გამოყვანა, დაბინძურებული მიწის ფენის მოხსნა, ხოლო ჩაძირული გემების ამოღების შემდეგ ზღვის გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყება.
XS
SM
MD
LG