Accessibility links

logo-print

რა გამოხმაურებები მოჰყვა მოსკოვსა და თბილისში ”მარშალის ფონდში” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამოსვლას?


რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი თანამშრომლობასა და სრულ იზოლაციას შორის, - 18 სექტემბერს, ”მარშალის ფონდში” სიტყვით გამოსვლისას,



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიერ გაკეთებულმა ამ მკვეთრმა განცხადებამ რუსი პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია. სახელმწიფოს მდივნის შეფასებების კომენტირებისას არ დაიშურეს ისეთი გამონათქვამები, როგორიც იყო: ” ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”, ”კონდოლიზა რაისი არის ყველაზე წარუმატებელი სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების ისტორიაში” და ასე შემდეგ. მინდა გესაუბროთ იმ გამოხმაურებაზე, რომელიც მოჰყვა სახელმწიფო მდივნის გამოსვლას მოსკოვსა და თბილისში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკორმაკმა დაადასტურა, რომ ”მარშალის ფონდში” გამოსვლის წინ კონდოლიზა რაისს ჰქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან და მას ამ საუბარში აცნობა, რომ 18 სექტემბერს ”მარშალის ფონდში” რუსეთსა და საერთაშორისო სისტემაში რუსეთის როლზე ილაპარაკებდა.. ასეც მოხდა, თუმცა ”მარშალის ფონდში” თავისი გამოსვლა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ საქართველოზე საუბრით დაიწყო - იმის ხაზგასმით, რომ აგვისტოს თვეში რუსეთის ლიდერებმა დაარღვიეს საქართველოს სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყეს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, გადაკვეთეს რა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი. სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ეს იყო წინასწარ დეგეგმილი შეჭრა და აღნიშნა ისიც, რომ ოფიციალურ თბილისს შეეძლო უკეთესი პასუხი გაეცა რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე.

საქართველოზე რუსეთის თავდასხმის ფაქტმა მკვეთრად შელახა რუსეთის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოში რუსეთის ქმედებებმა რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია 1991 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დასცა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა წინ აღუდგება რუსეთის მცდელობებს ჩაითრიოს სუვერენული სახელმწიფოები და თავისუფალი ხალხები გავლენათა სფეროების არქაული წესით განაწილებაში, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა იმედით ელის მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - სახელმწიფო მდივანი თავის ვრცელ გამოსვლაში ასეთ განცხადებებს აკეთებდა რუსეთზე და საერთაშორისო თანამეგობრობაში მისი დღევანდელი და სამომავლო ადგილის შესახებ.

”რუსეთის ლიდერებმა უნდა შეიცვალონ მეცხრამეტე საუკუნის აზროვნება, რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი თანამშრომლობასა და თვითიზოლაციას შორის” - ეს იყო ”მარშალის ფონდში” გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მთავარი გზავნილი რუსეთის მიმართ.. და ცხადია, რომ ამ გზავნილმა მოსკოვში გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით მკვეთრი განცხადებები რუსმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს - აი, ასეთი:

[ ერთ-ერთი რუსი დეპუტატის ხმა] ” ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც გაბრაზდნენ და სიბრაზე გამოხატეს კიდეც სახელმწიფო დუმაში, მაგრამ მე მივეკუთნები იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აღმოსავლური სიბრძნით ხელმძღვანელობენ: ძაღლი ყეფს, ქარავანი თავის გზით მიდის.. ქალბატონი რაისი პენსიაზე გასვლისთვის უნდა მოემზადოს. ”

უფრო მეტად გაბრაზებულმა რუსმა დეპუტატებმა კონდოლიზა რაისს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე წარუმატებელი სახელმწიფო მდივანი უწოდეს.. ვლადიმირ ჟირინოვსკი კიდევ უფრო შორს წავიდა და ”მარშალის ფონდში” რაისის გამოსვლაზე საუბრისას რეჟიმის აგონია ახსენა:

[ვლადიმირ ჟირინოვსკის ხმა] ” ეს რეჟიმის აგონიაა, მათ დარჩათ 40 დღე. 40 დღის მერე ის აღარ იქნება სახელმწიფო მდივანი.. ის ხომ დამარცხდა, სააკაშვილმა მას ხომ იმედები გაუცრუა.”

ეს განცხადებები სწორედ იმის გამოხატულება იყო, რაზეც ”მარშალის ფონდში” შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საუბრობდა.. მან საკმაოდ საინტერესოდ გაიხსენა რუსეთის მიერ განვლილი გზა, მოყოლებული 90-იანი წლებიდან, როცა მოსკოვის არბატზე ქალები ლუკმა-პურის ფულის საშოვნელად სახლიდან გატანილ ნივთებს, თეფშებს და ჭიქებს ყიდდნენ, დღემდე, როცა, ისევ კონდოლიზა რაისის სიტყვებით, ”რუსეთში ფეხქვეშ ითელება პიროვნების უფლებები, ყველა მიმართულებით ყვავის კორუფცია და, ამასთან, პარანოიკული, აგრესიული ვნებები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრ რუსს გაუჩნდა სირცხვილისა და დეზორიენტაციის შეგრძნება, რაც ჩვენ, დასავლეთში, სათანადოდ არ შევაფასეთ”- თქვა კონდოლიზა რაისმა და იქვე განმარტა, რომ ეს შეგრძნება, იმპერიული რუსეთის პრესტიჟის დაცემით გამოწვეული უცნაური შეგრძნება, ვერანაირად ვერ გაამართლებს რუსეთის დღევანდელ ქმედებებს..

როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო მდივნის გამოსვლასთან დაკავშირებით რუს პოლიტიკოსებთან შედარებით თავშეკავებული განცხადებებით შემოიფარგლნენ დიპლომატები.. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ”გამოსვლას ყურადღებით ვსწავლობთ და შესაბამის დასკვნებსაც გავაკეთებთო. ”

მანამდე დასკვნები საქართველოში გააკეთეს.. ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა კონდოლიზა რაისის გამოსვლაში დაინახა ”მკვეთრი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი ამზადებდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და სწორედ ეს წინასწარ მომზადებული აგრესია განახორციელა აგვისტოში. კონდოლიზა რაისმა ძალიან სერიოზული ანალიზი მიაწოდა დასავლეთის წრეებს.. ის იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთის პოლიტიკაზე და სწორედ აქედან გამომდინარეობდა მისი სიღრმისეული ანალიზიო”, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა..

საქართველოს პოლიტიკური წრეებისთვის, ისევე როგორც მთელი საზოგადოებისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გამოსვლა იყო გამამხნევებელი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო არ არის მარტო ,, რომ საქართველო გადარჩა.”
XS
SM
MD
LG