Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს ეუთოს უარი - გამოგზავნოს მეტი სამხედრო დამკვირვებელი საქართველოში


რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა სამშვიდობო მისიას 1 ოქტომბრამდე ელოდებიან და მასზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ.

სწორედ ამ დღიდან უნდა დაიწყოს და 10 დღეში დაასრულოს რუსეთის არმიამ სამხედრო ძალის გაყვანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიიდან. ეს არის შემდგომი ნაბიჯი გეგმისა, რომელიც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის - პრეზიდენტის შუამავლობით 8 სექტემბერს შეთანხმდა. პარალელურად, რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის გამო, საქართველოს შემდგომ დახმარებას ვეღარ ახერხებს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ეუთოს ეგიდით საქართველოში ჯერ მხოლოდ 20 სამხედრო დამკვირვებელია გამოგზავნილი და მათი რიცხვის გაზრდას უახლოეს მომავალში აღარავინ მოელის. როგორ აფასებენ შექმნილ სიტუაციას თბილისში?

პოლიტოლოგებისთვის ნათელია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ამ ტერიტორიებზე კონფლიქტები აღარ არსებობს და რომ მშვიდობის გარანტი რეგიონში ამიერიდან თავად იქნება. რუსეთი ცდილობს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ სეპარატისტულ რეგიონებში აღარც მეთვალყურეები არიან საჭირო და აღარც საერთაშორისო საპოლიციო ძალები. მათ მასპინძლობაზე უარს აცხადებენ მოსკოვის მიერ წაქეზებული სეპარატისტებიც.

პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით, რუსეთი ერთგვარი თადარიგის დაჭერას ცდილობს: (არჩილ გეგეშიძის ხმა) ”მას უნდა, აბსოლუტურად სრული კონტროლი დაამყაროს ამ ტერიტორიებზე ისე, რომ დამკვირვებლის თვალის ქვეშ არ იყოს მისი საქმიანობა ამ ტერიტორიებზე. ამიტომ იგი იბრძვის კბილებით იმისათვის, რომ არ დაუშვას პრეცედენტი იქ ვინმეს შეშვების... იმიტომ რომ, დღეს თუ ეუთოს დამკვირვებლებზე განაცხადა თანხმობა, ხვალ ევროკავშირისაზე უნდა განაცხადოს თანხმობა... შემდგომ ამას მოჰყვება, ალბათ, საკითხი, რომ საერთოდ რუსები გავიდნენ იქიდან და მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლები ან საპოლიციო ძალები იყვნენ იქ და ეს იქნება მისი აბსოლუტურად სრული უკან დახევა იმის ფონზე, რაც მან სამხედრო ძალით მოიპოვა.” (სტილი დაცულია)
ეუთოს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის 20-დან 100-მდე გაზრდის ხელშეშლა რუსეთმა უკვე მოახერხა. აქვე შეგახსენებთ, რომ 20-კაციანი მისია ეუთომ საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოგზავნა და იქვე ითქვა, რომ ოდნავ მოგვიანებით მათ კიდევ 80 მეთვალყურე შეუერთდებოდა. გავრცელებული ცნობით, ეუთოს წევრ 56 ქვეყანას შორის ერთთვიანი მოლაპარაკებების ურთულეს პროცესში უხეშად აქტიურობდა რუსეთის მხარე და, კერძოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.

მოლაპარაკებები ძირითადად რუსეთის გამო რომ ჩაიშალა, 18 სექტემბერს, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას, დაადასტურა ეუთოს პრესმდივნის მოადგილემ ვირჟინი კულუდონმაც: (ვირჟინი კულუდონის ხმა) "მოლაპარაკების პროცესი ხანგრძლივი და ინტენსიური იყო. იყო მომენტები, როცა გარკვეულ ფორმულირებას საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ზოგი დებულება - რუსეთს ან ევროპის კავშირს არ აკმაყოფილებდა. მაგრამ ბოლოს, რამდენადაც ვიცი, პრობლემები რუსეთის ფედერაციისგან წამოვიდა."

შექმნილი სიტუაციის ფონზე რუსეთის ქმედება არ გაჰკვირვებია პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს. მისთვის ნათელია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის წევრიც რუსეთია და სადაც შეთანხმება კონსენსუსის გზით მიიღწევა, გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. გოგოლაშვილის აზრით, ეუთოს ქვეყნებმა სხვა ხერხს უნდა მიმართონ:
(კახა გოგოლაშვილის ხმა) ”ყოველთვის რჩება რაღაც რეზერვი იმისათვის, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა ცალკე, რაღაცნაირად, სხვა შესაძლებლობებით მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე და რაღაც წინადადებებზე დაითანხმონ. მაგრამ ამისთვის ეუთოს ფორუმი რაღა საჭირო არის, ხომ?! მაშინ ორმხრივ, ასე ვთქვათ, საფუძველზე ევროკავშირი და რუსეთი შეთანხმდებიან პირდაპირ რაღაც-რაღაც საკითხებზე... ჰოდა, აქ, რა თქმა უნდა, აი, ამ მხრივ გარკვეული კრიზისი ემუქრება ასეთ ორგანიზაციებს.” (სტილი დაცულია)

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ქმედებებით რუსეთი დასავლეთს კიდევ უფრო უვსებს მოთმინების ფიალას.

მოსკოვის ქმედებებზე ტელე-ინტერვიუში მოკლე და კონკრეტული მოსაზრება გამოხატა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა:
(თემურ იაკობაშვილის ხმა) ”ეს ყველაფერი ჯდება ერთ საერთო გეგმაში, რომელსაც ჰქვია - სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმის მე-4 მოტყუება.” (სტილი დაცულია)

სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმის მეოთხე მოტყუებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია თავად ნიკოლა სარკოზის, ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის, პრეზიდენტს, რომელიც ჯერ ისევ ელის აგვისტოში შეთანხმებული გეგმის განხორციელებას. გეგმის დეტალებზე, რომლებიც სექტემბერში გარკვეული მიმართულებებით დაკონკრეტდა, საკმაოდ ოპტიმისტურად ლაპარაკობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა, როცა ის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა.

10 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე, მოსკოვიდან და თბილისიდან ახლად წასული სოლანა იმედს გამოთქვამდა, რომ ევროკავშირი, რომელმაც სარკოზის მეთაურობით საოცარი ერთიანობა გამოავლინა, საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მან გარკვევით გაიმეორა, რომ რუსეთის არმიის შენაერთები უნდა დაუბრუნდნენ იმ პოზიციებს, რომლებიც მათ ომის დაწყებამდე ეკავათ და რომ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების პროცესს გულდასმით დააკვირდება ევროკავშირის დამკვირვებელთა 200-კაციანი მისია, რომლის სამოქმედო არეალი მხოლოდ ეგრეთ წოდებული ”ბუფერული ზონებით” არ შემოიფარგლება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა ”ნათელ მიზანს” უწოდებს მისიის მიერ მთელი საქართველოს ტერიტორიის ათვისებას, უშუალოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით.

მონიტორინგის შედეგები 15 აგვისტოს ჟენევაში, საქართველოს კრიზისისადმი მიძღვნილ საგანგებო თავყრილობაზე, განიხილება. იქვე იქნება საუბარი დევნილების დაბრუნებაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გარკვევით ითქვა, რომ დაბრუნების პროცესი იმ ადამიანებსაც ეხებათ, ვინც საკუთარი სახლ-კარიდან გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროს გამოდევნეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG