Accessibility links

logo-print

საქართველო სეპარატისტთა ლიდერების ქართული კანონით დასჯას აპირებს


საქართველოს ხელისუფლება აპირებს აღძრას სისხლის სამართლის საქმე თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების წინააღმდეგ.

ამ ინიციატივით პარლამენტის სხდომაზე პარასკევს საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოვიდა. საქართველოში ვარაუდობენ, რომ სეპარატისტთა ლიდერებზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, როდესაც თვითაღიარებულ რესპუბლიკებში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის საქმის გამოძიება დასრულდება. თუმცა დამნაშავედ მონათვლას სამხრეთელ ოსთა ლიდერ ედუარდ კოკოითისათვის ხელი არ შეუშლია, რომ 20 სექტემბერს ცხინვალში დამოუკიდებლობის დღე აღენიშნა.

სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი 20 სექტემბერს კიდევ ერთხელ მოექცა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში. თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა, რომლის წინააღმდეგაც ქართულმა სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს უმასპინძლა და დღის მეორე ნახევარში სამხედრო აღლუმიც ჩაიბარა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აღლუმში მონაწილეობდნენ ოსური სამხედრო ნაწილები და საბრძოლო ტექნიკა. საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, ცხინვალში ნაალაფევი ქართული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო დროშებიც გამოფინეს. ”18 წელია სამხრეთ ოსეთი ყოველდღიურად ამტკიცებს და აძლიერებს საკუთარ უფლებას, მოიპოვოს საკუთარი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”,- განაცხადა ცხინვალში ოსთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ. სეპარატისტთა ლიდერს არ უხსენებია გადამწვარი ქართული სოფლები დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ათიათასობით დევნილი მოსახლეობა და ეთნიკური წმენდა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება აპირებს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებზე საერთაშორისო დევნა გამოაცხადოს. თუმცა ამისათვის საჭიროა შიდა პროცედურის ბოლომდე მიყვანა, - უთხრა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია ”ჩვენ თითონის” ლიდერმა პაატა დავითაიამ რადიო ”თავისუფლებას”:

[პაატა დავითაია] ”რკინისებური” მუხლებია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არის უკანონო ფორმირებების შექმნა და ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულებების დადება. რა თქმა უნდა, ამას ემატება, ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, დანაშაული, ჩადენილი ადამიანურობის მიმართ. ამას სათანადო მტკიცებულობების მოპოვება ესაჭიროება. აქ არა მარტო ლიდერების კვალი იკვეთება, არამედ სხვა ლიდერების დანაშაულიც იკვეთება.”(სტილი დაცულია)

სეპარატისტთა ლიდერების დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა პარლამენტის ანტიკრიზისულმა საბჭომ 19 სექტემბერს დახურულ სხდომაზე მოისმინა. გენერალურმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ დეპუტატებს მოახსენა, რომ დაკითხულია 4 ათასზე მეტი ადამიანი, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება ედუარდ კოკოითისა და სერგეი ბაღაფშის რეჟიმების წინააღმდეგ. პაატა დავითაია ფიქრობს, რომ შიდა პროცედურები სწრაფად უნდა მივიდეს ბოლომდე და საქმე შემდგომი მსვლელობისათვის ასევე ოპერატიულად გადაეცეს ჰააგის სასამართლოს. ამ სიჩქარის მიზეზს კი პაატა დავითაია ასე განმარტავს:

[პაატა დავითაია] ” მინდა, რომ დაჩქარდეს ინტერპოლით ძებნა, იმიტომ რომ [დიდი თანხის] დაბანდებაზეა საუბარი აფხაზეთში. ეს ეხება იმ მაფიის თანხებს, რომელიც იყო კიპროსის ზონაში. ამ თანხების გადმოტანა ხდება და ამისთვის ემზადება აფხაზური და რუსული საბანკო სისტემა. აი, ეს ჩვენ უნდა შევაჩეროთ.”(სტილი დაცულია)

თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებზე ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც, ამასთანავე, ამბობს, რომ, განსხვავებით ედუარდ კოკოითისაგან, აფხაზთა ლიდერ სერგეი ბაღაფშს ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში ბრალი არ მიუძღვის:

[პაატა ზაქარეიშვილი] ”მე ვთვლი, რომ ეს არის აშკარად პოლიტიკური ნაბიჯი, რათა ეს ადამიანები არ ჩავიდნენ ჟენევაში მოლაპარაკებებზე, იმიტომ რომ რუსეთს უნდა, რომ ეს ხალხი ჩაიყვანოს და დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან სააკაშვილთან ერთად. ასეთი განზრახვა აქვთ და ჩვენი მხარე ცდილობს, რომ ეს არ დაუშვას. აბა, ამდენ ხანს რატომ არ გააკეთეს, თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია? განსაკუთრებით ბაღაფშს არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რაც გახდა პრეზდენტი. არავითარი სისხლის სამართლის საქმე მასზე ვერ იქნება, იმიტომ რომ არც ომში მიუღია მონაწილეობა და ისეთი არაფერი არ გაუკეთებია.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეში იკვეთება ასევე ბრალეულობა რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, ვისი ბრძანებითაც დაიწყო სამხედრო აგრესია, დაიბობმა დასახლებული პუნქტები, დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდა საქართველოს კუთვნილი ქონება. თუმცა, თავის მხრივ, ომის დაწყებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების გამო ჰააგის სასამართლოში საქართველოს მიმართ ჩივილს აპირებს რუსეთის ფედერაცია, რომლის საგამოძიებო ორგანოებს მიღებული აქვთ კრემლის დავალება, მოიპოვონ მტკიცებულობები იმაზე, რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო.
XS
SM
MD
LG