Accessibility links

ომი, რომელიც საქართველოს დაუკარგეს


საქართველოს ხელისუფლება აპირებს მხოლოდ საპარლამენტო კომისიას უპასუხოს

ყველა იმ მწვავე შეკითხვაზე, რაც 7 აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებსა და ომის წარმოების დროს დაშვებულ შეცდომებს ეხება. ერთ-ერთი მათგანია ომში მყოფი ქვეყნის საინფორმაციო პოლიტიკა - უფრო ზუსტად, ამ პოლიტიკის სრული უქონლობა, რის გამოც 5 დღიან სამხედრო მოქმედებებს და უთანასწორო ბრძოლებს ცხინვალთან ქართველმა ჟუნალისტებმა უკვე უწოდეს ომი, რომელიც საქართველოს დაუკარგეს. რა არის ამის, ანუ ”ომის დაკარგვის”, მიზეზი?

საქართველოს ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ 5 დღიან ომში რუსეთთან ქართველმა ჯარისკაცებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს - გაანადგურეს 58-ე არმიის 2000-მდე ჯარისკაცი, საზენიტო დანადგარებით ჩამოყარეს 20-მდე მფრინავი საშუალება, ხოლო არტილერიით განადგურდა რუსეთის 100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა. მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკია, რომელსაც შესაძლოა ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი ენდოს, ომის ისტორია კი ზეპირსიტყვიერებაზე ვერ აიგება. არადა, ქართულ ტელევიზიებს არა აქვთ არც ცხინვალის აღების, არც განადგურებული რუსული კოლონებისა და არც ბრძოლის ამსახველი კადრები. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტ თენგიზ გოგოტიშვილს დღემდე პროტესტის გრძნობა აქვს იმის გამო, რომ ვერ მოიპოვა ბრძოლების ამსახველი მასალა:

[თენგიზ გოგოტიშვილი] ”ჩვენს ტელეეკრანებზე ძალიან ცოტა იყო ბრძოლის ვიდეომასალა. ამ დროს ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით, შემძვრალები იყვნენ ტელევიზორებში და ელოდებოდნენ, ოღონდ კი ვინმეს ახალი რაიმე ეთქვა. ელოდებოდნენ კადრებს, თუ როგორ ისვრის ტანკი, როგორ ისვრის ქვემეხი, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები... რომ ქვეყანა არსებობს, იბრძვის და უწევს წინააღმდეგობას ოკუპაციას. თორემ ძირითადი ინფორმაცია, რაც იმ დღეებში ვრცელდებოდა, იყო ჭორები.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება რომ ცუდად მოემზადა ომისათვის, ამაზე გორში არსებული გაერთიანებული პრესცენტრის მუშაობაც მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იყო გამოცხადებული, გორში ტელეკომპანია ”თრიალეთში” განლაგებული გაერთიანებული პრესცენტრის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ პარლამენტის დეპუტატები, სამოქალაქო პირები და არა სამხედროები, რომლებსაც პროფესიულ ენაზე შეეძლოთ აეხსნათ და, საჭიროების შემთხვევაში, ეჩვენებინათ კიდევაც ჟურნალისტებისათვის საბრძოლო ოპერაციის მსვლელობა, თანაც ისე, რომ არც ომში მყოფი სახელმწიფოს ინტერესები დაზარალებულიყოო, - ამბობს სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

[ირაკლი ალადაშვილი] ”ნახეთ, რამდენი კადრი დაიკარგა, იგივე არტილერია როგორ იბრძოდა, იგივე ტანკისტები როგორ შედიოდნენ, გამნაღმველები როგორ მუშაობდნენ. იყო ძალიან ბევრი ფაქტი, რომლებსაც დღეს, როცა შედარებით ვლაგდებით, ამ ფაქტებს თუ დავალაგებდით და კაი ანალიზს გავუკეთებდით, აღმოჩნდებოდა, ჩვენმა ბიჭებმა როგორ გმირულად იბრძოლეს და რა პროფესიონალურად ჩაატარეს ესა თუ ის პატარა ოპერაცია.” (სტილი დაცულია)


როდესაც ჟურნალისტებისთვის არ არის ორგანიზებული ბრძოლის ეპიზოდების გაშუქება, მაშინ რეპორტიორები თანმხლები პირების გარეშე იწყებენ კადრზე ნადირობას. 5 დღიანი ომის დროს ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები, რომლებსაც არავინ არ ატყობინებდა ფრონტზე მომხდარი ცვლილებების შესახებ, ხშირად რისკავდნენ, რათა მოეპოვებინათ ბრძოლების ამსახველი ვიდეო და ფოტოკადრები. ჟურნალისტების გადაადგილებაზე არ იყო დაწესებული არანაირი შეზღუდვა, მათ არავინ სთხოვდა ჯავშანჟილეტებს, არავინ ეუბნებოდა, თუ რისი გადაღება შეიძლებოდა და რისი - არა. ირაკლი ალადაშვილის თქმით, ასეთი უსისტემო მუშაობის დროს, გამოუცდელი ჟურნალისტების დაუდევრობით, პირდაპირ ეთერში დიდი დოზით ხვდებოდა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციები:

[ირაკლი ალადაშვილი] ”გახსოვს, მეღვრეკისში რომ ვიდექით, ერთ-ერთმა ქართულმა არხმა, - ზუსტად მაშინ, როცა ჩვენი კოლონა შედიოდა (საბრძოლო მანქანა და ერთი ტანკიც იყო)- ისე დააყენა კამერა, რომ მასში მოხვდა როგორც მეღვრეკისის აბრა, ასევე ის გზა, საიდანაც ჩვენები მიდიოდნენ ცხინვალის მიმართულებით.” (სტილი დაცულია)

როდესაც არ არსებობს ისტორია და სურათი, მაშინ ჟურნალისტები იმეორებენ იმას, რასაც ოფიციალური პირები უამბობენ. მაგრამ ამ ომის უცნაურობა ისიც იყო, რომ ოფიციალური პირები ზოგჯერ სხვადასხვა ინფორმაციას იძლეოდნენ. მე თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ მიმტკიცებდა 8 აგვისტოს დილით გორში მყოფი ერთ-ერთი ქართველი მოხელე, ქართული ჯარი ცხინვალს აკონტროლებსო, მაშინ როცა ჯარი ცხინვალიდან უკვე გამოსული იყო. კიდევ ერთი პიარ-მიგნება გახლდათ ტერმინი ”გადაჯგუფება”, რითაც ხელისუფლება ფუთავდა ქართული ჯარის უკანდახევას. ჟურნალისტები მაშინაც ვლაპარაკობდით გადაჯგუფებაზე, როდესაც ცხინვალის ირგვლივ არსებული ყველა სიმაღლე დაკარგული იყო. 5 დღიანი ომის საინფორმაციო თავისებურებათა ანალიზისას, მედიამკვლევარი ნინია კაკაბაძე საკმაოდ მწვავე შეფასებებს აძლევს ქართველი ჟურნალისტების მუშაობას:

[ნინია კაკაბაძე] ”მე მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტები გვიცხადებდნენ და ასახავდნენ მხოლოდ იმას, რაც უკვე იყო შეთანმხებული მმართველ გუნდთან, რომელიც მთლიანად აწარმოებდა საინფორმაციო პოლიტიკას, და იყო კადრები, ძალიან ლიმიტირებულად მოწოდებული. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის იყო ის, რომ საშიშროების შესახებ მოსახლეობა არ იყო წინასწარ გაფრთხილებული.”(სტილი დაცულია)

5 დღიანი ქართულ-რუსული ომის კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ ეს იყო პირველი ომი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის დროსაც ქართველ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი საკუთარ თავს აიგივებდა სამშობლოსთან, ხედავდა მხოლოდ თავისი ქვეყნის სიმართლეს და, როგორც ერთ-ერთი ჩემი თანამოსაუბრე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ის ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი ამბობს, არც ცდილობდა ყოფილიყო ობიექტური.:

[თენგიზ გოგოტიშვილი] ”თუ ჟუნალისტიკის პრინციპებიდან ვილაპარაკებთ, მე ვიყავი მხარე იმ სიუჟეტებში და არანაირად არ ვიყავი ობიექტური ჟურნალისტი. არც კი მიცდია, არც კი მომსვლია თავში აზრად ამ ორი კვირის განმავლობაში, რომ უნდა ვყოფილიყავი ობიექტური. პირიქით, მთელი ჩემი ენერგია მიმართული იყო იქით, რომ ვყოფილიყავი მაქსიმალურად სუბიექტური.”

ეს ომის რეციდივი, რომლის დროსაც ბევრმა ქართველმა ტელე-ჟურნალისტმა უარი თქვა ობიექტურობაზე, ინერციით დღემდე გრძელდება საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოებაც, როგორც მედიამკვლევარი ნინია კაკაბაძე ამბობს, კიდევ უფრო მეტად განიცდის საინფორმაციო შიმშილს:

[ნინია კაკაბაძე] ”ისევე როგორც ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც სახელმწიფო მანქანამ და მასთან ერთად მისმა ვიზუალურმა შემსრულებელმა, სატელევიზიო მედიამ, შეასრულა და დღემდე ასრულებს ფუნქციას პროპაგანდისტისა, რომელიც მუდმივად დეკლარირებს იმ მოსაზრებებს და ინფორმაციას, რომელიც ადამიანთა ჯგუფის ერთი ნაწილისათვის არის აუცილებელი.”(სტილი დაცულია)

XS
SM
MD
LG