Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დასავლეთის პრესის გამოხმაურებიდან თქვენს


საქართველოსა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დასავლეთის პრესის გამოხმაურებიდან თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ “ნიუსუიკზე”

- ნიუ-იორკში გამომავალ ყოველკვირეულ ჟურნალზე, რომელიც ორ სტატიას უძღვნის საქართველოს თემას.

“დასავლეთი აქებს საქართველოს, როგორც დემოკრატიას. მაგრამ არის კი ის დემოკრატია?” - ასე ასათაურებს სტატიას მაიკლ ფრიდმენი, რომელსაც თავდაპირველად ციტატები მოჰყავს: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების სარა პეილინისა და ჯო ბაიდენის, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ მაკკეინის განცხადებები საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის შესახებ. თუმცა, განსხვავებული შეფასებებიც არსებობსო, წერს ფრიდმენი და მიუთითებს უფლებადამცავ ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” რეიტინგზე, რომლის მიხევდითაც საქართველო დემოკრატიულობის თვალსაზრისით იმავე ჯგუფშია მოხვედრილი, როგორც ვენესუელა და ნიგერია.

სტატიის ავტორს მოჰყავს ამერიკელ პოლიტოლოგ ლინკოლნ მიჩელის შეფასებაც, რომ საქართველოში დემოკრატია ზარალდება სახელმწიფოსა და პარტიის ზედმეტი სიახლოვის გამო, რომ მიუხედავად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიღწეული დიდი ეკონომიკური წინსვლისა, სასამართლო სისტემა სუსტია, აღმასრულებელი ხელისუფლება - ცენტრალიზებული.

ლინკოლნ მიჩელის შეფასებით, ვაშინგტონში ქართული დემოკრატიის ხარვეზებისადმი ტოლერანტობის მიზეზი, ნაწილობრივ ის არის, რომ სააკაშვილი - ახალგაზრდა, დასავლეთში განათლებამიღებული პრეზიდენტი - თავისუფლებისა და დემოკრატიის ენაზე ლაპარაკობს, ეს კი დადებით რეაქციას იწვევს ვაშინგტონში.

ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულებას ეხება ნიუსუიკში დაბეჭდილი მეორე სტატიაც მრავალისმეტყველი სათაურით “ რატომ უყვარს მაკკეინს მიშა”?

სტატია ვრცელია და მკითხველს აცნობს ამერიკელი სენატორისა და საქართველოს პრეზიდენტის უკვე მრავალწლიანი მეგობრობის ისტორიას - როგორ და რა გარემოებებში გაიცნეს ერთმანეთი 1995 წელს, როგორ განმტკიცდა მათი მეგობრობა 1997-ში თბილისში მაკკეინის ვიზიტის დროს და ა.შ.

სტატიის ავტორის, ოუენ მეთიუსის შეფასებით, მაკკეინი სააკაშვილში, გარკვეული თვალსაზრისით, საკუთარ თვისებებს, საკუთარ თავს ხედავს - “ემოციურ და არასტანდარტულ რეფორმისტს, თავისუფლებისთვის (...) მებრძოლს რუსულ დათვთან დაპირისპირებაში”. “ძნელია, სააკაშვილი არ მოგეწონოს. ის საინტერესო და გულწრფელი თანამოსაუბრეა, საოცრად გონებაგახსნილი. საკუთარ ხუმრობაზე იცინის. მაკკეინივით უადვილდება პრესასთან ურთიერთობა. საკუთარი მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის თბილისში ჩასულ რეპორტორიებს და მათ სპონტანურად ეპატიჟება ვახშამზე. როცა ლაპარაკობს იმაზე, რაც მისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია - თავისუფლების ღირებულებაზე, ან კომუნიზმის ბოროტებაზე - დამაჯერებელია, ყოველგვარი ზედაპირულობის ან დაზუთხული განცხადებების გარეშეო.” წერს ოუენ მეთიუსი, თუმცა მას კრიტიკული შეფასებებიც მოჰყავს - ოპოზიციის შეშფოთება, რომ სააკაშვილი დღეს ერთადერთი ადამიანია, ვინც საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს. სტატიაში დაწვრილებით არის ასახული გასული წლის ნოემბრის მოვლენებიც და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასება, რომ სააკაშვილს ვაშინგტონელი მეგობრების გამო იმედი ჰქონდა, რომ გადაურჩებოდა დასავლეთის კრიტიკას.

ყოველივე ამისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებით ჯონ მაკკეინის პოზიციის შესახებ ვკითხულობთ სტატიაში სათაურით “რატომ უყვარს მაკკეინს მიშა” რომელსაც ყოველკვირეული გამოცემა “ნიუსუიკი” ბეჭდავს.

დაბოლოს, გაზეთ “ფაინენშალ ტაიმსზე” შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. სტატიაში, რომელიც საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილების მდგომარეობას ასახავს, მოყვანილია ინფორმაცია, რომ 31 000 დევნილი “თვალსაწიერ მომავალში” ვერ შეძლებს შინ დაბრუნებას. ამ ადამიანებიდან 22 000 სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან არის, 8 000 - ე.წ. ბუფერულ ზონაში მოქცეული სოფლებიდან, 1000-მდე კაცი კი კოდორის ხეობიდან. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრეს-მდივან მელიტა სუნჯიჩის განმარტებით, ეს 31 000 ქართველი დევნილი ემატება წინა სეპარატისტული კონფლიქტების შედეგად ადგილნაცვალ პირებს - 223 000 კაცს. საერთო რაოდენობა კი, 254 000 - საქართველოს დაახლოებით 4,5-მილინიონიან მოსახლეობასთან მიმართებით - მსოფლიოს მასშტაბით დევნილთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

“ფაინენშალ ტაიმსი” არ შემოფარგლება სტატისტიკური მაჩვენებლებით და მკითხველს აცნობს ასევე რამდენიმე დევნილის ბედს: მათ შორის არის სოფელ კარალეთის მკვიდრის, 34 წლის ვიქტორ შაოშვილის ამბავი. ვიქტორს, ვიდრე თავს გაქცევით უშველიდა, მამა მოუკლეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა, მას სატვირთო ავტომანქანიდან ესროლეს. მაგრამ ვიქტორმა მაინც გადაწყვიტა შინ, კარალეთში დაბრუნება. ეშინია, განსაკუთრებით შვილების გამო, მაგრამ ამბობს, რომ სხვა გზა არა აქვს - “აბა, სხვაგან სად წავიდეთო?”.
XS
SM
MD
LG