Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის ჟურნალისტები კვლავაც ცდილობენ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხები


პრესის ჟურნალისტები კვლავაც ცდილობენ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხები მიიღონ თავიანთი რესპონდენტებისგან.

”მთელი კვირის” ავტორები პირველ გვერდზე საჭიროდ მიიჩნევენ განმარტონ, რომ საქართველოს ნატომდე მხოლოდ დემოკრატია მიიყვანს. ”პრეზიდენტ სააკაშვილის საპარლამენტო და სატელევიზიო განცხადებებისა, სამწუხაროდ, არათუ ბრიუსელსა და მოსკოვს, თვით ვაშინგტონსაც აღარ სჯერა. ევროპა კი მასთან დაკავშირებით არასოდეს ყოფილა ილუზიებში.”

”მთელი კვირა” ასრულებს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ვრცელი სტატიის გამოქვეყნებას, სათაურით ”როგორ სპობდა ნაბიჯ-ნაბიჯ ”ვარდების” ხელისუფლება ქართულ-აფხაზური არაფორმალური შეხვედრების პროცესს”. ზაქარეიშვილი წერს, რომ, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც თუკი არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ, ბოლო წუთას გაურკვეველი მიზეზით უარს ამბობდნენ მასში მონაწილეობაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ”პრინციპული თანხმობა განაცხადა აფხაზეთის მხარის შეხვედრაში მონაწილეობაზე”. შეხვედრა, რომელიც, ავტორის თანახმად, მიმდინარე წლის 28-30 ივლისისთვის ლონდონში უნდა გამართულიყო, მისმა ორგანიზატორმა დასავლურმა ორგანიზაციამ განუსაზღვრელი დროით გადადო იმის გამო, რომ ქართულ მხარესთან კონსულტაციები შეხვედრაში ჩართვის თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა.

მკითხველის ინტერესს უთუოდ დაიმსახურებს ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილთან. ”შეკითხვას ვსვამ და ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს იმ ამერიკელი ექსპერტების და მრჩეველთა ჯგუფების მიმართ - რა ხასიათის ომისთვის ამზადებდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს?! განსაზღვრო მოსალოდნელი ომის ხასიათი, რომლის წინაშე საქართველო შესაძლებელია აღმოჩნდეს, ამის პროგნოზირება იმდენად ადვილი იყო, რომ საერთოდ ეჭვი მიჩნდება მათ კვალიფიკაციაში”, - ამბობს გია ყარყარაშვილი ვრცელ ინტერვიუში, რომელსაც ”მთელი კვირა” ბეჭდავს. ყარყარაშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს მოვლენების შედარება აფხაზეთის ომთან იმ სახით, როგორც ეს ხდება, არ შეიძლება: ”ეს უმადურობა და დაუნახაობა უნდა შეწყდეს. ჯერ მარტო გამოთქმაა შეურაცხმყოფელი - ეს 1993 წლის ჯარი არ გეგონოთო. რა იცი შენ, 1993 წლის ჯარში რა ხდებოდა?”

”კვირის ქრონიკა” ომს გადარჩენილი და ტყვეობიდან თავდაღწეული ადამიანების მონათხრობის გამოქვეყნებას იწყებს. წაიკითხავთ კარალეთის, ერედვის, ტყვიავის, ცხინვალის, ავნევისა თუ გორის მცხოვრებთა მონათხრობს ომის დღეებზე.

”კვირის ქრონიკაში” დღეს არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება, თუმცა ერთ-ერთი მაინც განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას. გაზეთის რესპონდენტი ჰყვება, როგორ დაეხმარა საქართველოში აწ უკვე კარგად ცნობილ გენერალ ბორისოვს თავის დროზე სამსახურის შოვნაში და ჰყვება იმაზეც, თუ რატომ არ დაიბომბა ბათუმი და არ გაიძარცვა სტალინის სახლ-მუზეუმი. ეს რესპოონდენტი გახლავთ ლეონარდო დევდარიანი - გაზეთის თანახმად, ”ქართულ და რუსულ პოლიტიკურ თუ სამხედრო ისტებლიშმენტში ცნობილი და გავლენიანი ქართველი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმელი (აფხაზეთის ომის დროს სოხუმის კომენდანტის მოადგილე) და 1994-1998 წლებში საქართველოს სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში”. დევდარიანის მონათხრობის თანახმად,1998 წელს, თურმე, მისი თხოვნით, რუსეთის გენშტაბის უფროსს გენერალ კვაშინს იმ დროს უმუშევარი, საპენსიოდ გამზადებული გენერალი ბორისოვი ბათუმის მე-12 ბაზის უფროსად დაუნიშნავს. თურმე, სწორედ ბორისოვის სენტიმენტების ბრალი ყოფილა, რომ ბათუმის ტერმინალის დაბომბვა არ განხორციელდა. დევდარიანის თხოვნით კი, ბორისოვს სტალინის სახლ-მუზეუმთან დაცვა დაუყენებია. ლეონარდო დევდარიანი ”კვირის ქრონიკას” გამოსავლის საკუთარ ვერსიასაც სთავაზობს: ”ფარული დიპლომატია და ნატოზე, როგორც სამხედრო ორგანიზაციაზე, უარის თქმა!” - ამბობს ის და დასძენს: ”საქართველომ ნატოზე, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, უარი არ უნდა თქვას, მაგრამ სამხედრო ალიანსს თავი უნდა გავანებოთ!” - ამბობს ლეონარდო დევდარიანი, რომელსაც ”კვირის ქრონიკა” ესაუბრა.

”კვირის პალიტრა” საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვას. გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია აღნიშნავს: ”ყველა ნაბიჯი, გადადგმული საზოგადოების კონსოლიდაციისა და ოპოზიციასთან აქტიური თანამშრომლობისკენ, მხოლოდ სიკეთის მომტანია. თუ ოპოზიცია მთავრობაშიც მიიღებს თანამდებობებს, მივესალმები. კოალიციურ მთავრობაზე მართლაც ვმსჯელობთ. დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას”, - ამბობს ლომაია. იმავე ”კვირის პალიტრაში” სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მის ამ გამონათქვამს: ”რა დროს მინიშნებებია?! სასწრაფოდ გადაწყვეტილებებია მისაღები. ჩვენისთანა ვითარება ინგლისსაც ჰქონია, საფრანგეთსაც და გერმანიასაც. ხელისუფლებამ მათი გამოცდილება უნდა შეისწავლოს, როგორ გამოვიდნენ ისინი კრიზისიდან”. იქვე წაიკითხავთ ინტერვიუს დავით გამყრელიძესთან. ის შექმნილ ვითარებას აანალიზებს და მიაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა წავიდეს: ”სააკაშვილს არ აქვს არანაირი რესურსი ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოსაყვანად. კიდევ რამდენ ხანს იქნება სარკოზი ფოსტალიონი თბილისსა და მოსკოვს შორის? ჩვენ გვჭირდება კომუნიკაცია მტერთანაც, რათა პროცესების პროგნოზირება და მართვა შევძლოთ”, - აცხადებს დავით გამყრელიძე, რომელიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის დაკარგვის საშიშროებასაც ხედავს: ”ნუთუ არაფერს ნიშნავს თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში? დღეს თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ალტერნატიულ სატრანზიტო გზებს ეძებენ, რადგან არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ჩვენი ფათერაკიანი პრეზიდენტი.”

გამყრელიძესა და სხვა ოპოზიციონერებზე ”ასავალ-დასავალი” წერს: ”ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა სწორედ ექს-სპიკერის გარშემო შეკრა წრე და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გუშინდელი რადიკალები, რომლებიც ბურჯანაძის გვარ-სახელს შვიდივე ბრუნვაში ახსენებდნენ, არც დეიდა ნინოს კალთის ქვეშ შეყუჟვაზე იტყვიან უარს.”

”სხვათა შორის, გარე ოპოზიციასაც შეუძლია ჩვენთან თანამშრომლობა”, - ამბობს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე დეპუტატი გია თორთლაძე. - ”თუ მოსვლის სურვილი არ ექნებათ, თავიანთი მოსაზრებები წერილობით გამოგვიგზავნონ და საჭიროებისამებრ აუცილებლად გავითვალისწინებთ. სათანამშრომლოდ ყველას ვიწვევთ”, - აცხადებს თორთლაძე ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”ვერსია” ესაუბრა პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილსაც: ”მივესალმებოდი იმ ჟურნალისტს, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს დაუსვამდა კითხვას - დამთავრდა თუ არა ომი საქართველოში?! არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს საქართველოში საომარი ოპერაციებისთვის არ ემზადებიან, რადგან ჩვენი მმართველი პარტიის იდეოლოგთა წრეში დაწვრილებით განიხილება სამხედრო ოპერაციის რა ფორმა არ შეიძლება ჩაითვალოს სარკოზის დოკუმენტის დარღვევად”, - ამბობს ცისკარიშვილი.

ამერიკელ პოლიტოლოგ დევიდ სმიტს კი დასავლურ პრესაში დამკვიდრებული აზრი, რომ, მიუხედავად რუსეთის არაპორპორციული და სასტიკი თავდასხმისა, მას ამის საბაბი, გარკვეულწილად, საქართველომ მისცა - არ მოსწონს. ”ეს მოსაზრება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან იგი საშუალებას აძლევს დასავლელ ლიდერებს - იზოზინონ გაანალიზებისა და მსჯელობისას, ნაცვლად იმისა, რომ რუსულ პრობლემას პირდაპირ თვალებში შეხედონ”, - წერს ”24 საათში” დევიდ სმიტი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG