Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


გასული კვირის მანძილზე

საქართველოში და საქართველოს ირგვლივ უამრავი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა განვითარდა. ასეთი იყო, მაგალითად, თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომა, რომელმაც, თბილისის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის გარდა, პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა საქართველოს ნატოში ინტეგრირების გზაზე. საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოების სისტემაში გაერთიანების პერსპექტივებსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ისაუბრეს ლონდონშიც ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე. ამ თემებს შეეხო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, მოხსენება, რომელიც მან მარშალის ფონდში გააკეთა. გთავაზობთ ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვას.

გასული კვირა საქართველოში ნატოს საბჭოს წევრების ვიზიტით დაიწყო. 15 სექტემბერს თბილისს ჩრდილოატლნტიკური ალიანსის წევრი 26 ქვეყნის ელჩები და ალიანსის გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი ესტუმრა. საქართველოს დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება აგვისტოს მოვლენებამდე დაიგეგმა. ეს გადაწყვეტილება საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შემდეგაც არ შეცვლილა. აი, რა განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა თბილისში ნატოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ:

[იაპ დე ჰოოპ სხეფერი] ”კომპრომისების დაშვება არ შეიძლება და ჩვენ არასოდეს წავსულვართ კომპრომისზე. ნატო არის ფასეულობაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. არ შეიძლება ქვეყნებს უარი უთხრა, როდესაც სურთ ალიანსში გაწევრიანება. თუკი ქვეყანა აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მას უნდა შეეძლოს ალიანსში გაწევრიანება. სამოქმედო გეგმა არის ზუსტად იმ ტრაექტორიის ნაწილი, რომელმაც საქართველო ნატომდე უნდა მიიყვანოს. და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში საქართველოს პროგრესს პირველ შეფასებას მისცემენ ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება.”

თუმცა ბევრს როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება ხელს შეუშლის თბილისის სწრაფვას, რაც შეიძლება მალე გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტის გიორგი ბურდულის აზრით, ნატოს არა აქვს პასუხი იმაზე, თუ როგორ მოიქცეს, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს უპასუხებს.

[გიგა ბურდული] ”არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ნატოში გაწევრიანებულიყოს ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტური სიტუაცია აქვს - მით უმეტეს, მეზობელთან - და დაკარგული აქვს ტერიტორიები. ამიტომ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ თავად ნატოში კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს და როგორ შეიძლება ეს პრეცედენტი შეიქმნას. მე მგონი, რომ ისინი ფიქრობენ ამაზე, ძალიან ინტენსიურად ფიქრობენ ამაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, ალბათ, არა აქვთ მიღებული.”

ნატოს საბჭოს თბილისში ჩატარებული სხდომის შედეგები უფრო ოპტიმისტური დასკვნების საფუძველს აძლევს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს. მისი აზრით, ნატომ თბილისში ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

ალიანსი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის გზით. ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, თბილისში ნატოს საბჭოს გამართვა მხოლოდ პოლიტიკური პოზიციის დემონსტრირება როდი იყო, მას ჰქონდა პრაქტიკული შედეგიც. სწორედ ამ სხდომის პერიოდში მოეწერა ხელი ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შეთანხმებას და ამ ორგანოს პირველი სხდომაც გაიმართა.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ეს საბჭო გახლავთ კიდევ ერთი ინსტრუმენტი...”

საქართველოს პერსპექტივებსა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ფონზე ნატო-რუსეთის შემდგომ ურთიერთობებზე იმსჯელეს ლონდონში 18 სექტემბერს ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაზეც. მისი დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად წინ წავიდა ნატოს მიმართულებით. გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ეს ნიშნავს, რომ პროცესი ენერგიულად უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე იქნეს მიყვანილი, მიუხედავად ძალზე რთული ვითარებისაო, - დასძინა სხეფერმა.

ლონდონის შეხვედრაზე ნატოს სწრაფი რეაგირების რაზმის შექმნაზე იმსჯელეს, რაზმისა, რომლის ამოცანაც ალიანსის მოკავშირეების დახმარება იქნება. საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის, ირაკლი მენაღარიშვილის, კომენტარი:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა ] ”საუბარი არის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე...”

ლონდონის შეხვედრის წინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა "სკაი ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნატოს მთავარ მისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, პირველ რიგში, სამხედრო ალიანსია და, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებაზე უარი არ უნდა თქვას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი საქართველო ნატოს წევრი გახდება და რუსეთის მხრიდან კვლავ განიცდის აგრესიას, იმოქმედებს თუ არა ნატო წესდების მეხუთე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ძალის გამოყენებას მისი ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, გეიტსმა არაორაზროვნად დასძინა, დიახ, ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთო.

[გეიტსის ხმა]

მისი თქმით, ნატოს წევრებს შორის შეშფოთებას იწვევს, პირველ რიგში, ზეწოლა და შეურაცხყოფა და არა რუსეთის მხრიდან რეალური სამხედრო მოქმედებების საფრთხე.

რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები და საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი თემა მარშალის ფონდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მოხსენებით გამოსვლისას. მისი მოხსენება პირდაპირ საქართველოზე საუბრით დაიწყო:

[რაისის ხმა] "რუსეთის იერიშმა საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ დაადასტურა, რაც აქამდეც ვიცოდით: რომ შეიძლებოდა რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა თავისი პატარა მეზობლის დასასჯელად გამოეყენებინა. მაგრამ საქართველო გადარჩა. მისი დემოკრატია განმტკიცდება, მისი ეკონომიკა აღდგენილ იქნება, მისი დამოუკიდებლობა ხელახლა გამყარდება, მისი სამხედრო ძალები დროთა განმავლობაში ქმედითობას დაიბრუნებს - და ჩვენ იმედით ველით იმ დღეს, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით იქნება აღდგენილი."

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აგვისტოს თვეში რუსეთის ლიდერებმა დაარღვიეს საქართველოს სუვერენობა და ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყეს სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, გადაკვეთეს რა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი. კონდოლიზა რაისმა თქვა, რომ ეს იყო წინასწარ დეგეგმილი შეჭრა. მისი აზრით, ”რუსეთის ლიდერებმა უნდა შეიცვალონ მეცხრამეტე საუკუნის აზროვნება, რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი თანამშრომლობასა და თვითიზოლაციას შორის” - ეს იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მთავარი გზავნილი რუსეთის მიმართ.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის ბოროტების იმპერიად ჩამოყალიბების თავიდან აცილებას ცდილობს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა ] ”თუ რუსეთი არჩეული გზით სვლას გააგრძელებს...”

რუსეთი რომ ჯერჯერობით არ ცდილობს არჩევანი საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ გააკეთოს, ამაზე მეტყველებს საქართველოში ეუთოს სამხედრო მონიტორების მივლინების დაბლოკვა. გასულ კვირაში ეუთოს ხელმძღვანელობამ პროცესში მონაწილე მხარეებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ვენაში მოლაპარაკებების გაგრძელებას ამ ეტაპზე აზრი არა აქვს.

როგორც ცნობილია, ეუთო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და რუსეთის ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში დამკვირვებელთა მისიის განხორციელების შესაფერხებლად. ეუთო საქართველოში დამატებით 80 შეუიარაღებელი სამხედრო მეთვალყურის გაგზავნას გეგმავდა.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების წარგზავნისთვის მხარდაჭერის ნაცვლად, მოსკოვმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ორ-ორი სამხედრო ბაზის შექმნა გადაწყვიტა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, რუსეთის ეს ნაბიჯი პოლიტიკურ პრობლემებს შექმნის საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

ამ კონფლიქტების მოგვარების გზებსა და, საერთოდ, რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

მანამდე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში თავისი ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის დაწყება გამოაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ამ რეფორმების მიზანია მივიღოთ უფრო ძლიერი პარლამენტი...“

მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებების დაწყების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას უტყუარი მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, რომ ომის ინიციატორი რუსეთი იყო.

აქვე აღვნიშნავ, რომ გასულ კვირაში უცხოური გამოცემები სავსე იყო სტატიებითა და სტენოგრაფიული ჩანაწერებით, რომლებიც ჯერ კიდევ 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შემოსვლას ადასტურებენ.

სააკაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიციაც გამოეხმაურა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ კითხვები არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი, მაგრამ არის სხვა, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი, კითხვები:

[გიორგი თარგამაძის ხმა] „მათ შორის გვაქვს კითხვები, რომლებიც დაისმება ამ კომისიის მუშაობის დროს...“

ოპოზიციის ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდება პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭო, რომლის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მისი ერთი ნაწილი ახალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, მეორე ნაწილი კი მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

გასული კვირის მიწურულს ოფიციალურმა თბილისმა გადაწყვიტა სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრას ქართველთა გენოციდის, ეთნოწმენდისა და სხვა დანაშაულებათა გამო. ამის საფუძველზე სეპარატისტი ლიდერები ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდებიან.

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, ათასობით მოქალაქე დაზარალდა და უსახლკაროდ დარჩა. მათ დასახმარებლად გასული კვირის ბოლოს თბილისში ცნობილმა კანადელმა მომღერალმა ბრაიან ადამსმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა. მან თბილისში მშვიდობისთვის იმღერა.

[კონცერტის ხმა]

ბრაიან ადამსმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის სახსრებით რუსეთის სამხედრო აგრესიისაგან დაზარალებულ გორის რაიონში სკოლის აშენება გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG