Accessibility links

logo-print

პაკისტანი: სასტუმროში მომხდარი აფეთქება ართულებს ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებას


პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შაბათს ისლამაბადში, სასტუმრო ”მერიოტში”, მომხდარი თავდასხმა, რომელსაც, სულ მცირე, 53 ადამიანი ემსხვერპლა,

თალიბანთან ან ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ექსტრემისტების მოწყობილი იყო. პაკისტანის პრეზიდენტის ასიფ ალი ზარდარისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრის მოახლოების პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ პაკისტანის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ორ ამერიკულ სამხედრო ვერტმფრენს, რომლებმაც პაკისტანის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ავღანეთის მოსაზღვრე ნაკლებგანვითარებულ რეგიონში.

ამ ეტაპისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ უკისრია პასუხისმგებლობა შაბათს ისლამაბადში, სასტუმრო ”მერიოტში”, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ სატვირთო მანქანით მოწყობილ აფეთქებაზე, რომელსაც, სულ მცირე, 53 ადამიანის სიკვდილი და 270-ის დაჭრა მოჰყვა.

როგორც ირკვევა, პაკისტანის სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები აფეთქებას მხოლოდ იმის გამო გადაურჩნენ, რომ სასტუმრო ”მერიოტში” დანიშნული სადილი ბოლო მომენტში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში გადაიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები ალ-ყაიდასა და თალიბანთან იყვნენ კავშირში.

პარალელურად, ისმის ვარაუდი, რომ თავდასხმა ახალი, აქამდე უცნობი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. პაკისტანის ქალაქ პეშავარში მცხოვრებმა ანალიტიკოსმა ხალიდ აზიზმა ჩვენს რადიოსთან საუბარში ეს ვარაუდი ამგვარად დაასაბუთა:


[აზიზი]
”ჩემი ეჭვით, შესაძლოა საქმე ახალი სახის ჯგუფთან გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო პაკისტანში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილას შეეღწია, პარადოქსია, მაგრამ თავდამსხმელი არ ტოვებდა მაინცდამაინც გამოწვრთნილის შთაბეჭდილებას.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე ასახულია როგორ აჩერებენ სატვირთო მანქანას სასტუმროს შესასვლელთან. რამდენიმე წამის შემდეგ მძღოლი ბომბს აფეთქებს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. სატვირთო მანქანა ცეცხლის ალში ეხვევა, რის შემდეგაც ხდება კიდევ უფრო მძლავრი აფეთქება, რომელიც თავად გადამღებ ვიდეოკამერასაც აზიანებს.

ბევრი ექსპერტი შიშობს, რომ ”მერიოტზე” ეს თავდასხმა მორიგი დარტყმა იქნება ქვეყნის ახალ მთავრობაზე, რომელიც უკვე რანდენიმე თვეა ლაპარაკობს მასშტაბური ანტიტერორისტული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე - პოლიტიკის, რომელმაც, სამხედრო კომპონენტის გარდა, პოლიტიკური რეფორმები და ეკონომიკური განვითარებაც უნდა მოიცვას.

მაგრამ ამ პოლიტიკის პრაქტიკული გატარება უკიდურესად რთული აღმოჩნდა. ამას მრავალი მიზეზი აქვს - იქნება ეს მთავრობის სისუსტე თუ შეერთებული შტატების ძალების მიერ საზღვრის გადაკვეთის გზით განხორციელებული თავდასხმები იმ თალიბანისა და ალ-ყაიდის სამიზნეებზე, რომლებიც, გავრცელებული ცნობების თანახმად, პაკისტანში არსებობს.

ორშაბათს საერთაშორისო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ პაკისტანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ორ ამერიკულ ვერტმფრენს, რომლებმაც პაკისტანის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ავღანეთის მოსაზღვრე ნაკლებგანვითარებულ რეგიონში. როგორც ვარაუდობენ, თალიბანსა და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტები თავს სწორედ ამ რეგიონებს აფარებენ - რეგიონებს, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა სრულად ვერ განაგებს.

როგორც პაშტუნთა ნაციონალისტური პარტიის - ”ავამის ეროვნული პარტიის” - ერთ-ერთმა ლიდერმა, ლატიფ აფრიდიმ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ის ფაქტორი, რომ პაკისტანი დამოკიდებულია შეერთებული შტატების სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე, არ მისცემს მას საშუალებას ვაშინგტონს ამ თავდასხმების გამო დაუპირისპირდეს:

აფდირის თქმით, ვითარებიდან რეალური გამოსავალი იქნება თავად პაკისტანელების მხრიდან იერიშის მიტანა ტერორისტთა თავშესაფრებზე:

[აფრიდის ხმა]
”რასაც უნდა აცხადებდეს პაკისტანი ღიად, ის იძულებულია შეერთებულ შტატებს მხარი დაუჭიროს ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ძალიან ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პაკისტანის უშიშროების სააგენტოები შეიარაღებულ ხალხს გზავნიან ავღანეთში და მათი მხრიდან ამერიკელთა მხარდაჭერა ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომში გულწრფელი არ ყოფილა.”

მიმდინარე კვირაში პაკისტანის ახალი პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდება ვაშინგტონში. როგორც ვარაუდობენ, შეხედულება, რომ პაკისტანი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაფერს არ აკეთებს, გაართულებს ზარდარის ამოცანას, ჯორჯ ბუში ისლამაბადის მიერ შემუშავებული ანტიტერორისტული სტრატეგიის სისწორეში დაარწმუნოს.





XS
SM
MD
LG