Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია: ნაციონალისტურად განწყობილი ძალების დასუსტების ფონზე, ტომისლავ ნიკოლიჩის პოლიტიკური მომავალი ეჭვქვეშ დგება


წლის დასაწყისში სერბიის ნაციონალისტი პოლიტიკოსი ტომისლავ ნიკოლიჩი ბევრს ქვეყნის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად ესახებოდა.

დღეს კი მისი პოლიტიკური მომავალი ეჭვქვეშ დგება, ისევე როგორც ზოგადად ნაციონალისტურად განწყობილი ძალების როლი სერბიის დინამიკურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

შვიდიოდე თვის წინ სერბიაში ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ტომისლავ ნიკოლიჩი საკუთარ თავს მოზომილი შეხედულებების მქონე პოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩენდა.

მაგრამ მოვლენებით სავსე წლის ფონზე - იქნება ეს კოსოვოში დამოუკიდებლობის გამოცხადება, რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრება თუ ევროკავშირის მხრიდან ქვეყნისთვის თანდათანობითი, მაგრამ მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება - ყოფილი რადიკალის ცვლილება შესაძლოა დიდად მოულოდნელი არც იყოს.

2008 წლის დასაწყისში ნიკოლიჩი ”ძველი სერბიის” სახელით ცნობილი ფენომენის სახე იყო - მგზნებარე ნაციონალისტი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა რუსეთთან დაახლოების, ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმისა და კოსოვოსთვის სერბიისგან გამოყოფაზე მტკიცე უარის პოლიტიკური პლატფორმით.

იანვარში გამართული არჩევნების პირველ ტურში მან ხმათა 40 პროცენტი მოიპოვა ”ახალი სერბიის” სიმბოლოდ ცნობილ ოპონენტთან, პროდასავლელ მოქმედ პრეზიდენტთან, ბორის ტადიჩთან ბრძოლაში.

პოლიტიკური შეხედულებების დაბალანსების პირველი სიმპტომები ნიკოლიჩმა უკვე მაშინ გამოავლინა. მისი ცნობილი გაბრაზებული რიტორიკა საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას მნიშვნელოვნად შერბილდა. ნიკოლიჩმა ჩაცმის სტილიც კი გამოიცვალა: უარი თქვა დიდი ზომის ნაცრისფერ კოსტიუმებზე და ორდენებით დამშვენებულ მკერდზე - იმიჯზე, რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა მისი პოლიტიკური მასწავლებლის, რადიკალური პარტიის ლიდერის, ვოისლავ შეშელის სტილს. შეშელი ამჟამად ჰააგის ტრიბუნალის წინაშე აგებს პასუხს 90-იან წლებში ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო.

რაც ყველაზე საკვირველი იყო, ნიკოლიჩმა ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე დაიწყო ლაპარაკი - აცხადებდა, რომ სერბიას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარი ხიდის როლის შესრულება შეეძლო. და როგორც პოლიტიკოსი ამბობს, პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო:

[ნიკოლიჩის ხმა]
”პირველად მაშინ გამაკრიტიკეს, როდესაც შუა კამპანიის დროს ვთქვი, რომ როგორც აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის უნდა ვყოფილიყავით ღია. მაშინ მითხრეს, რომ ეს მხოლოდ აღმოსავლეთი შეიძლებოდა ყოფილიყო.”

პირი, რომელმაც ნიკოლიჩს ეს უთხრა, თავად შეშელი იყო, რომელიც, ჰააგის საპატიმროში ყოფნის მიუხედავად, მაინც განაგრძობდა რადიკალური პარტიის ხელმძღვანელობას.

შეშელი და ნიკოლიჩი წლების განმავლობაში უახლოესი მოკავშირეები და მეგობრები იყვნენ. შეშელის ქორწილში ნიკოლიჩი მეჯვარე იყო. საპრეზიდენტო კამპანიის დროს იყო მომენტი, როდესაც ნიკოლიჩი, გამარჯვების შემთხვევაში, შეშელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასაც კი გეგმავდა.

მაგრამ ნიკოლიჩმა მნიშვნელოვნად შეარბილა შეხედულებები მას შემდეგ, რაც ის არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა და ქვეყანაში წარმატებით ამუშავდა პროდასავლური მმართველი კოალიცია (აღსანიშნავია, რომ ამ კოალიციაში ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის, სოციალისტური პარტიაც არის გაერთიანებული, რაც მიუთითებს, რომ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას მარტო ნიკოლიჩი არ განიცდის).

კერძოდ, მან მოუწოდა რადიკალურ პარტიას, რომელიც პარლამენტში მნიშვნელოვან ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, გაეზიარებინათ მმართველი კოალიციის მხრიდან ევროკავშირთან სტაბილიზაციისა და ასოცირებული ურთიერთობის შეთანხმების მხარდაჭერა. ამ შეთანხმებას სერბიის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევენ.

შეშელი ამის წინააღმდეგ წავიდა და პარტიის წევრებს მოუწოდა არ მიეცათ ხმა შეთანხმებისთვის. პროტესტის ნიშნად, 5 სექტემბერს ნიკოლიჩმა და მისმა რამდენიმე მხარდამჭერმა პარტიული პოსტები დატოვეს.

ნიკოლიჩი ახლა თავისი პროევროპული ჯგუფის შექმნას გეგმავს და აცხადებს, რომ რადიკალთა პარტიაზე შეშელის გავლენამ შესაძლოა ამ პარტიის დაშლა მოიტანოს:

[ნიკოლიჩის ხმა]
”ახლა, როდესაც რადიკალურ პარტიას ვუყურებ, მისი ცნობაც კი მიჭირს. შეშელს დაავიწყდა რა მითხრა აეროპორტში, ჰააგაში გამგზავრების წინ. მან მითხრა, პარტიას გავძღოლოდი და მისთვის არ მომესმინა; მითხრა, რომ მის მიერ [ვითარების] აღქმა შესაძლოა დამახინჯებული ყოფილიყო. ახლა კი სწორედ ეს აღქმა უდევს საფუძვლად პარტიის წევრების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებას.”

სერბიის პარლამენტარებმა ევროკავშირთან სტაბილიზაციისა და ასოცირებული წვერობის შეთანხმების რატიფიკაცია წარმატებით შეძლეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არც შეშელის მომხრე რადიკალებს და არც ნიკოლიჩის მხარდამჭერებს არ მიუღიათ.










  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG