Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მოქმედების პირობებში ზუგდიდის რაიონში კიდევ ერთი პოლიციელი მოკლეს


21 სექტემბერს სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე საქართველოს პოლიციის ბლოკ-საგუშაგოს მიმართულებით რუსეთის ბლოკ-პოსტიდან გახსნილმა ცეცხლმა ქართველი პოლიციელის,

რამაზ კიტიას, სიცოცხლე შეიწირა.. ამას გარდა, სროლის შედეგად, 3 პოლიციელი დაიჭრა.. უკვე 22 სექტემბერს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ისევ სოფელ ხურჩაში, ნაღმის აფეთქების შედეგად, 2 ქართველი პოლიციელი დაიჭრა. მინდა გაუწყოთ, რა მსხვერპლის ფასად უჯდება ზავის პირობებში საქართველოს რუსეთის აგრესია.


სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი, 33 წლის რამაზ კიტია, გავრცელებული ცნობებით, სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. 21 სექტემბრის საღამოს 7 საათზე თავდამსხმელებმა სოფელ ხურჩაში ქართველ პოლიციელებზე იერიში რუსული ბლოკ-საგუშაგოს მხრიდან მიიტანეს. ამასობაში, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, შოთა უტიაშვილი, განმარტავს:

[შოთა უტიაშვილის ხმა] ” როგორც ჩანს, სნაიპერი მოვიდა ახლოს ქართულ საგუშაგოსთან და წინასწარი განზრახვით ესროლა ქართველ პოლიციელს, რომ მოეკლა. იგივე სცენარია, როგორიც თავის დროზე განხორციელდა სოფელ განმუხურში, მანამდე კი სოფელ კარალეთში ქართველ პოლიციელებზე თავდასხმისას. ვინ იყვნენ, ძნელი სათქმელია. იქ ახლოს აფხაზური პოსტი არ რის, არის რუსული პოსტი და სროლა განხორციელდა ამ პოსტიდან. ამიტომ ან რუსები იყვნენ, ან ვინმე, მათი ნებართვით. ასეთია ჩემი აზრი. ”(სტილი დაცულია)

აფხაზთა მხარე რამაზ კიტიას მკვლელობაში აფხაზთა მონაწილეობას უარყოფს. გალის რაიონული პოლიციის უფროსმა ლაურენს კოგონიამ მომხდარზე საუბრისას თქვა, 21 სექტემბერს, საღამოს, ზუგიდის რაიონის სოფელ ხურჩიდან სროლის ხმა გალის რაიონის ტერიტორიამდე აღწევდაო. ” შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე ხდება საქმის გარჩევები, რასაც ახლავს სროლა და იღუპებიან ან იჭრებიან ადამიანები. აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონს საფრთხე არ ემუქრება” - კოგინიას ამ განცხადებას ავრცელებს სააგენტო ”აფსნი-პრესი”.

სცენარით, რომელიც ჩვენთან საუბრისას შოთა უტიაშვილმა ახსენა, ზავის პირობებში უკვე მესამე ქართველი პოლიციელი მოკლეს.. უკანასკნელი რამაზ კიტია იყო.. რუსეთის თავდასხმას ერთ-ერთი პირველები მისი მშობლები შეეწირნენ - ისინი იმ მიკროავტობუსით მზგავრობდნენ, რომელიც გორის ტრასაზე დაბომბვაში მოჰყვა. შეგახსენებთ, რამაზ კიტიაზე თავდასხმის ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი 13 სექტემბერს ასევე ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურში. პოლიციის ქართული საგუშაგოს მიმართულებით რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გახსნილმა ცეცხლა მაშინ 27 წლის ქართველი პოლიციელის, ბესიკ ხულორდავას, სიცოცხლე იმსხვერპლა. უფრო ადრე, 10 სექტემბერს, ქართველი პოლიციელი კახა ცოტნიაშვილი გარდაიცვალა გორის რაიონის სოფელ კარალეთის შესასვლელთან ახლომდებარე რუსული პოსტიდან გახსნილი ცეცხლის გამო.

საქართველოს მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებდა რეაგირება მოეხდინათ ზავის პირობებში ქართველ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რასაც ახლდა და ახლავს მსხვერპლი. ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ქართველ პოლიციელებზე თავდასხმა რუსეთის სამხედრო ოკუპაციის გაგრძელებად შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ . ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველოს მხარე შეეცდება, რაც შეიძლება მძაფრი რეაგირება მოჰყვეს მთელ ამ ფაქტებს ევროკავშირის, როგორც შუამავალი ორგანიზაციისა, და საფრანგეთის მხრიდან. ” რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რათა რუსეთს ასეთი ქმედებები მაღალ პოლიტიკურ ფასად დაუჯდეს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინციდენტებს, რომელთაც ქართველი პოლიციელები ემსხვერპლნენ, ეტაპობრივად საქართველოს იმ ტერიტორიებზე ჰქონდა ადგილი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ზავის შემდეგ ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებში მოაქციეს, როგორც თავად განმარტავდნენ, იმისთვის, რომ ამ ტერიტორიებიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საფრთხე აღეკვეთათ... ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსები და ოსები, ერთი მხრივ, გორის რაიონის სოფლებში შევიდნენ, მეორე მხრივ, ზუგდიდის რაიონისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებში.. ენგურსგაღმა სოფლებში, ფახულონსა და მუჟავეში, ისინი ქართველ პოლიციელებს დღემდე არ უშვებენ... ზუგდიდის რაიონის სოფლებში, განმუხურსა და ხურჩაში, ქართველი პოლიციელების შესვლის შემდეგ აფხაზი ბოევიკები იქ ვეღარ მაროდიორობენ, მაგრამ იერიში პერიოდულად პოლიციელებზე მიაქვთ... სხვა მდგომარეობაა ცხინვალის რეგიონთან, გორის რაიონის ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში, რომლის სიღრმეშიც ქართველ პოლიციელებს დღემდე არ უშვებენ. იქ ადგილობრივი მოსახლეობა ოსი ბოევიკების ანაბარაა დარჩენილი..

მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსები ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებს იქ ეუთოს და ევროკავშირის მონიტორების ჩასვლის შემდეგ დატოვებენ და თან განმარტავენ, რომ ყველაფერი, რაც ხდება საკუთრივ კონფლიქტის ზონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, აღარ უკავშირდება სამშვიდობო პროცესებს . ”იქ იქმნება რუსეთის სამხედრო ბაზები, დგანან რუსეთის სამხედრო შენაერთები, ადგილობრივი - კანონიერად არჩეული - ხელისუფლებების მოთხოვნის საფუძველზე”- ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სიტყვებია..

ევროკავშირის 200 კაციან სადამკვირვებლო მისიას კი საქართველოში 1 ოქტომბრისთვის ელოდებიან.




XS
SM
MD
LG