Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო


საქართველოში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო

საქართველოში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო
მისიის ხელმძღვანელს ჰანს-იორგ ჰაბერს შეხვდა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპელმა სტუმრებმა მოკლედ გააცნეს ქართულ მხარეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებისთვის გაწეული მოსამზადებელი საქმიანობის შესახებ.
მისია მინიმუმ 200 დამკვირვებლით იქნება დაკომპლექტებული. გარდა ამისა, თბილისში განთავსდება ე.წ. სწრაფი რეაგირების რეზერვი. მისიის მანდატი მოიცავს საქართველოს მთელს ტერიტორიას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. ევროპული სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ სარკოზის 6 პუნქტიანი გეგმის სრულად შესრულება წარმოადგენს.
მხარეები შეთანხმდნენ მისიის სტატუსის შესახებ ხელშეკრულების დროულად გაფორმების მიზნით საჭირო ყველა აუცილებელი პროცედურის მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში უზრუნველყოფის თაობაზე.
ბოკერიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროულად განთავსებისა და მისი მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონების ჩათვლით, სადაც კვლავ მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა და ირღვევა 6–პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერმანელ დიპლომატ ჰანს-იორგ ჰაბერს დღეს სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
"მათ დეტალურად გაგვაცნეს თუ რა ეტაპზე იმყოფებიან. დღედღეზე მოსალოდნელია დამკვირვებელთა ძირითადი ძალების ჩამოსვლა და განლაგება. მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა ჩვენთან ლოგისტიკური პრობლემები, აღმოჩნდა რომ ყველაფერი წესრიგშია. 1-ლი ოქტომბრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სრულფასოვნად შეუდგება თავის საქმიანობას", - აღნიშნა გურგენიძემ.
როგორც ჰანს იორგ ჰაბერმა განაცხადა, საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლები მიმდინარე კვირაში ჩამოვლენ და პირველი ჯგუფი ზუგდიდში, გორში, ფოთში და თბილისში განლაგდებიან.
"3 სექტემბრისთვის ყველაფერი მზად იქნება და 1-ლი ოქტომბრიდან ჩვენი 200 დამკვირვებელი უკვე ადგილზე იქნება, როგორც ამას 15 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს", - აღნიშნა ჰაბერმა.
მისი თქმით, ჩამოსვლისთანავე მისიის წევრები პროგრამას გაეცნობიან და შემდეგ საჭირო ზონებში პატრულირების განსახორციელებლად განლაგდებიან.
ამასთან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემული ინტერვიუს თანახმად, ევროკავშირი საქართველოში სამასამდე დამკვირვებლის გამოგზავნას აპირებს.
გავრცელებული ცნობით, არ არის გამორიცხული მათ კიდევ 40 დამკვირვებელი დაემატოს.
XS
SM
MD
LG