Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი საკუთრების დაცვის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დაჩქარებას ცდილობს


საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საკუთრების ხელშეუხებლობის განმტკიცებაა.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნებამდე მომზადდა. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს გაზაფხულზე მომზადებულ პროექტზე მუშაობის დაჩქარება დაავალა.

საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის განმტკიცება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმების რიგში დააყენა, რომლებმაც საქართველოში დემოკრატია უნდა განამტკიცონ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენი დემოკრატიის და საზოგადოების განვითარების საფუძველია საკუთრების ხელშეუხებლობა და მე ვადასტურებ ჩემს ვალდებულებას საკონსტიტუციო ცვლილების, რათა საკუთრების უფლების ჩამორთმევა გახდეს შესაძლებელი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“(სტილი დაცულია)

გასულ წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა საკუთრების უფლების უხეში დარღვევის რამდენიმე შემთხვევას. მაგალითისთვის თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მესაკუთრეთა გამოსახლება და შენობის დანგრევა გამოდგება. ამ ქმედების სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის გადაწყვეტილება წარმოადგენდა.

მას შემდეგ საქართველოში საკუთრების უფლების გარანტიებისთვის ქონების ლეგალიზების კანონი ამოქმედდა. მომზადებულია კანონპროექტი საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მხოლოდ სასამართლო წესით გაუქმების შესახებ და, მესამე, მომზადებულია საკონსტიტუციო ცვლილება კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ. თუმცა ეს ცვლილებები ჯერჯერობით საპარლამენტო კენჭისყრის საგნად არ ქცეულა.

საქართველოს პარლამენტის 22 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადების დაჩქარება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს დაავალა.

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „კონსტიტუციაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ახლებურად ყალიბდება 21-ე მუხლი, რომელიც ეხება სწორედ საკუთრების უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს. ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა 1 თვის განმავლობაში. შემდეგ საპარლამენტო არჩევნები დაემთხვა და გადმოვიტანეთ საშემოდგომო სესიისთვის.“

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, უკვე მიმდინარე კვირაში იმ კომისიის სხდომა გაიმართება,რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს განიხილავს. მისივე თქმით,მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების შემდეგ განხორციელდება ცვლილებები ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს სრულებით საკმარისია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების შესაქმნელად.

რეფორმების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ახლა კი მთავრობის კანცელარიის უფროსის, კახა ბენდუქიძის კომენტარი:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საკანონმდებლო ნაწილი საკუთრების უფლებისა არის გამყარებული. ახლა არის მეორე ნაწილი. მეორე ნაწილი შეეხება უკვე სახელმწიფო ორგანოების აქტივობას. მაგალითად, ცხადია, თუ ფინანსური პოლიცია შევიდა ბიზნესში და სამი თვით გააჩერა ის, ეს ბიზნესის კონფისკაციის ტოლფასია, იმიტომ რომ ამ ბიზნესისგან აღარაფერი დარჩება. ეს უკვე არის დამოკიდებული საჯარო ინსტიტუტების ხარისხზე.”

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ საჯარო სამსახურის ხარისხი საკმარისი არ არის და რომ საკუთრების უფლების დარღვევას ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კანონიც - მაგალითად, საგადასახადო კოდექსის ზოგიერთი მუხლი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საგადასახადო ორგანოებს ქონების დაყადაღების ან საკუთრების უფლების სხვაგვარი შეზღუდვის საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG