Accessibility links

logo-print

”ოკუპირებულმა” საქართველომ უპილოტო თვითმფრინავი ”მოინადირა”


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოაგდეს რუსეთის უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც, სავარაუდოდ, ბაქო-სუფსის მილსადენის ფოტოს იღებდა.

ეს არის პირველი შემთხვევა ქართულ-რუსული ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ავიაციას ცეცხლი გაუხსნეს. შესაბამისად, იბადება კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო სხვა საბრძოლო ტექნიკის არასანქცირებული გადაადგილების შემთხვევაშიც გამოიყენებს ძალას?

საქართველოს მიერ რუსულ-ქართული ომის დროს განადგურებულ 20-მდე რუსულ თვითმფრინავს 22 სექტემბერს კიდევ ერთი საფრენი აპარატურა დაემატა, თუმცა ამჯერად ის ავტომატის გასროლით და გაცილებით უხმაუროდ იქნა ჩამოგდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომელმა ტერიტორიის დათვალიერების დროს შენიშნა რუსული უპილოტო მზვერავი აპარატი, რომელიც ერთი გასროლით ჩამოაგდო. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო თვითმფრინავი სოფელ წითელუბანსა და ხურვალეთს შორის მოძრაობდა. წითელუბანი რუსული ავიაციის თვალთახედვის არეში ჯერ კიდევ 2006 წელს მოექცა, როდესაც რუსულმა მოიერიშემ ამ სოფელზე საავიაციო ბომბი ჩამოაგდო. იმის დასადგენად, თუ რატომ ამოირჩია მეორედაც რუსულმა ავიაციამ სოფელი წითელუბანი, რადიო ”თავისუფლება” შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა.

[შოთა უტიაშვილი] ”ესე იგი, ეს თვითმფრინავი დაფრინავდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის თავზე და უღებდა სურათებს ბაქო-სუფსას, ზვერავდა მის გარშემო ტერიტორიას.” {სტილი დაცულია]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო უსაფრთხოების ზონის მიღმა რუსული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი და ამას საქართველოს მორიგი ”პროპაგანდისტული გამოხდომა” უწოდა. ჩანს, რომ ჟენევის 15 ოქტომბრის შეხვედრის წინ რუსეთს ძალიან არ აძლევს ხელს ამ საჰაერო ინციდენტის გახმაურება. თუმცა, სინამდვილეში, ეჭვს არ იწვევს, რომ რუსული სამხედრო ავიაცია, საქართველოს საჰაერო სივრცეს ხშირად არღვევს დაზვერვითი მიზნებით, მოწინააღმდეგის სამხედრო სამზადისისა და ჩანაფიქრის დასადგენად, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა 2004-2005 წლებში ამირან სალუქვაძემ:

[ამირან სალუქვაძე] ”დღეს თანამედროვე საფრენ აპარატებზე - როგორც სადაზვერვო, ასევე სტრატეგიულ ბომბდამშენებზე - დამონტაჟებული არის დაზვერვის სხვადასხვა ტიპის საშუალებები - როგორც რადიოლოკაციური, ისე რადიოტექნიკური დაზვერვის ინფრაწითელი, ლაზერული სისტემები და ასე შემდეგ. 435 წუთის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის მიზანი ღამით თავისთავად იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ სადაზვერვო მისია.”(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, 7 სექტემბრის გვიან ღამით, ქართულმა რადარებმა რუსული საფრენი აპარატები ცხინვალისა და შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. თანაც, სამხედრო თვითმფრინავები, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფარგლებში 45 წუთის განმავლობაში ტრიალებდნენ. მაგრამ მაშინ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემას პასუხი არ გაუცია. ამირან სალუქვაძის ინფორმაციით, რუსეთის ავიაცია ინტენსიურად განაგრძობს საქართველოს დაზვერვას, მაგრამ ქართული რადარები მათ ან ვერ აფიქსირებენ, ანდა აფიქსირებენ, მაგრამ შესაძლებლობა მათი განადგურებისა კიდევ უფრო მწირია, ვიდრე ომამდე იყო:

[ამირან სალუქვაძე] ”ჩემი მონაცემებით, დარღვევები გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ ვახმაურებთ. ჩვენი ტექნიკური საშუალებები განახევრებულია, მეოთხედი თუ არაა დარჩენილი, რაც გაგვაჩნდა ომამდე. ეტყობა ყველაფერს ვერ ვხედავთ.”(სტილი დაცულია)

თუ რუსული ავიაციის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს რუსეთის შეჯავშნული სადაზვერვო მანქანების დანახვა, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად მოძრაობენ გორი-ახალგორის გზაზე. თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დააბრკოლოს რუსეთის ჯავშანტექნიკის გადაადგილება ან სცადოს მათი განადგურება. მაგრამ რა განსხვავებაა უპილოტო მზვერავ თვითმფრინავსა და სადაზვერვო მანქანას ან ტანკს შორის? ხომ არ მიანიშნა 22 სექტემბრის სროლით საქართველომ რუსეთს, რომ მომავალში იმავე ბედს სხვა რუსული ტექნიკაც გაიზიარებს? ამ შეკითხვაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ასეთ პასუხს იძლევა:

[შოთა უტიაშვილი] ”კაცო, ჩვენი ტერიტორიაა, წითელუბანი ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა. რა უნდოდა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს ჩვენს ტერიტორიაზე?”
[კობა ლიკლიკაძე] ”ხო, მაგრამ ახალგორშიც დადის რუსული ტანკები და სოფელ პერევშიც(საჩხერე). ”
[შოთა უტიაშვილი] ”ხო, მაგრამ ეს[წითელსოფელი] უსაფრთხოების ზონაც არ არის. კიდევ უფრო გარეთ არის.”


დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებით დიდი საფრთხე აიცილა თავიდან. ამის შესახებ სააგენტო ”მედიანიუსს” საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ განუცხადა, რომელმაც დასძინა, რომ ”ყველა ასეთი სტრატეგიული ობიექტი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.”

უპილოტო რუსული თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-სუფსის მაგისტრალს ზვერავდა, 22 სექტემბერს გამთენიისას ჩამოაგდეს. ინფორმაცია კი ამ ინციდენტის შესახებ მეორე დღეს, 23 სექტემბერს, გავრცელდა.
XS
SM
MD
LG