Accessibility links

logo-print

დევნილები პირველადი მოთხოვნილების პრობლემების დაძლევასაც ვერ ახერხებენ


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბაზაზე საქართველოს რეკონსტრუქციისა და რეგიონალური განვითარების სააგენტო შეიქმნება.



სააგენტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს და საქართველოსთვის რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოებშიც ჩაერთვება. ზიანის დასაძლევად საქართველოს მთავრობა
საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა აგვისტოს მოვლენების შედეგად საკუთარი სახლებიდან საფრთხეს გარიდებული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

რუსული ოკუპაციის ზონებიდან დევნილი მოსახლეობა ამ დროისათვის, მხოლოდ თბილისში, 372 ობიექტშია განთავსებული. მათ შორის ბევრია ისეთი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის ელემენტარული ნორმების დაცვაც კი ჭირს. ერთ-ერთია ყოფილი გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა.

[დევნილის ხმა]“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ვიყავით და ვთხოვეთ, რომ სანიტარული პირობები მოეწესრიგებინათ ჩვენთვის. პირდაპირ, რომ შევდივარ, აღარც დავმალავ, უფრო სწორად, ვეღარ დავმალავ, რომ შევდივარ საპირფარეშოში, მეშინია რაიმე დაავადება არ გავრცელდეს მალე. ეს არის რაღაც ანტისანიტარია. მე მგონი, რომ აქ სულ მალე ან დიზენტერია იფეთქებს, ან რაღაცა უბედურება დაგვატყდება თავს.“

ამბობს ქურთიდან დევნილი ნანა კახნიაშვილი. ყოფილი გამომცემლობის შენობაში განთავსებულ დევნილებს საპირფარეშოებში კანალიზაციის მილებიდან წყალი თავზე დასდით. ჩვენი ინფორმაციით, 24 სექტემბრიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყო. თუმცა პირველადი მოთხოვნილების საჭიროებათა დეფიციტს დევნილები მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით არ განიცდიან. ისინი უკმაყოფილებას კვების მწირი რაციონის გამოც გამოთქვამენ:

[დევნილის ხმა]“ საკვები ძალიან ცუდია, იმიტომ რომ, როგორია ბავშვს მთელი 10 დღე აჭამო მარტო მაკარონი და ლობიო. ცხიმსაც კი გვაძლევენ, მაგრამ ცხიმი რა არის.საკვები სხვა არაფერი არ შემოაქვთ. ადრე რძის ნაწარმიც შემოჰქონდათ, ხორცისაც, მაგრამ... რავი, დილასაც აჯანყება ჰქონდათ მაგის გულისთვის, რომ გზებს გადავკეტავთო და მთავრობას მივაკითხავთო და აპირებენ მაგის გაკეთებას.“(სტილი დაცულია)

დევნილებს საკვები პროდუქტებით გაეროს სასურსათო პროგრამა ამარაგებს. მოქმედებს საკვების მიწოდების 10 დღიანი ციკლი, რომლის განმავლობაშიც დევნილები სულზე ღებულობენ კილო-ნახევარ მაკარონს, 300 გრამ ზეთს, ნახევარ კილო ლობიოს, 200 გრამ შაქარს და მარილს.

[ვალერი კოპალეიშვილის ხმა]“ მე მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ცხადია, ჩვენ შეუძლებელია ცენტრალიზებულად დავაკმაყოფილოთ ყველა. ჩემთვის პირადად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოზარდებისათვის, ვთქვათ, ცილების დამატებითი რაოდენობით შეტანის აუცილებლობა არსებობს. ეს საკითხი დაყენებულია და როგორც კი საშუალება და შესაძლებლობა იქნება, დაკმაყოფილდებიან.“(სტილი დაცულია)

გვითხრა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანაშემწემ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ვალერი კოპალეიშვილმა. საქართველოს მთავრობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას რამდენიმე მიმართულებით განაგრძობს. ესენია დაზარალებული სახლების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროგრამა, დევნილი მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარების პროგრამა და სხვ. დევნილი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის ანაზღაურებისა და მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგების გადაწყვეტილების შემდეგ, 24 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსწავლეები ერთჯერად ფულად დახმარებასაც მიიღებენ:

[კობა სუბელიანის ხმა]“ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის ანექსიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სკოლის მოსწავლე ბავშვები სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მიიღებენ ფულად დახმარებას, ერთ სულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. ამ თანხას ბავშვები სახალხო ბანკის წარმომადგენლისაგან მიიღებენ სკოლებში გაკვეთილების შემდეგ, დირექტორისა და კლასის დამრიგებლის მეთვალყურეობის ქვეშ.“(სტილი დაცულია)

დეპუტატ კობა სუბელიანის განმარტებით, თანხის გაცემა 25 სექტემბრიდან დაიწყება. ფულად დახმარებას 4000–მდე დევნილი ბავშვი მიიღებს. ამას გარდა, გრძელდება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ერთი ნაწილისათვის ახალი სახლების მშენებლობის პროცესი. წეროვანში, მაგალითად, სამშენებლო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. დაკმაყოფილდებიან ძირითადად ამჟამად კარვების ქალაქში განთავსებული ოჯახები, სულ - 1500 ოჯახი.

[ვანო მერაბიშვილის ხმა]“მას შემდეგ, რაც ბუფერულ ზონებში შევლენ ის ადამიანები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან და ცხოვრობენ თბილისში ან გორში, ან სხვაგან, ჩვენ ანალოგიურად დავიწყებთ უკვე მათი დაზიანებული სახლების აღდგენას და, ვთქვათ, ტყვიავის, ვარიანის, შინდისის ან ერგნეთის და ნიქოზის სოფლებისათვის ჩვენ იქ უკვე დავიწყებთ არა ასეთი სოფლების მშენებლობას, არამედ მათი კუთვნილი სახლების აღდგენას.“ (სტილი დაცულია)


განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. იგი 24 სექტემბერს რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ტყეშელაშვილთან ერთად გაეცნო წეროვანში დევნილთა სახლების მშენებლობის მდგომარეობას. მთავრობის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ დევნილებს ყოველმხრივ კეთილმოწყობილ ბინებში შეასახლებენ.
XS
SM
MD
LG