Accessibility links

logo-print

ჟენევის შეხვედრა ახლოვდება, რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობა იზრდება


აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთმა სამხედრო ბაზა 2001 წლის აგვისტოში დახურა, მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ერთბაშად ორი სამხედრო ბაზა განლაგდეს.

ამის შესახებ აფხაზეთის თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, დე ფაქტო მთავრობა კვლავ უარს აცხადებს თვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობის ნება დართოს ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებლებს, რაც კვლავ დღის წესრიგში აყენებს ევროკავშირის საშუამავლო მისიის ქმედობაუნარიანობის საკითხს.

ზემო აფხაზეთი, სადაც ჯერ კიდევ ორი თვის წინ მძლავრი ქართული საპოლიციო დაჯგუფება არსებობდა, მთლიანად რუსეთის სამხედრო ძალების მიერ კონტროლდება. რუსების ბლოკ-საგუშაგოები არსებობს ჩხალთაში, ომარიშარასა და გენწვისში. თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თქმით, რუსული კონტინგენტის ყოფნა ზემო აფხაზეთში რუსეთთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა. გარდა ამისა, ორი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება გუდაუთასა და ოჩამჩირეში, ხოლო დანარჩენ საქართველოსთან ნამდვილი საზღვარი დაწესდება. ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის აგება და გუდაუთის ბაზაზე დაბრუნება რუსეთის ოცნებაა, რომლის ასრულებაც კრემლისთვის რუსეთ-საქართველოს ომში გამარჯვების შედეგად გახდა შესაძლებელი. თუმცა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დარწმუნებულია, რომ რუსეთი საწადელს ვერ მიაღწევს:

[შოთა მალაშხია] ”იქ სანაოსნო სტრუქტურის მოწყობა, იქ შემდეგ ბაზის ამოქმედება, ეს საკმაოდ სერიოზულ საერთაშორისო პრობლემებთან, საკმაოდ სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. თუ ამას რუსეთი მაინც განახორციელებს, მე იუმორით შემიძლია გითხრა, რომ ეს ბაზები ორივე შემთხვევაში დაგვრჩება ჩვენ. ეს რეალურ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ, სანამ რუსები აქ ბაზებს ააშენებენ, მანამდე დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს.”

რუსეთი აცხადებს, რომ ასევე ორმხრივი მოლაპარაკების დროს გადაწყდება სამხედრო ბაზის განთავსება კრემლის მიერ ცალმხრივად აღიარებულ სამხრეთ ოსეთში. გაუქმებული რუსული ბაზები და აეროდრომი იქაც საკმარისად არის საამისოდ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად იძულებული გახდება ხელი აიღოს სამხედრო ბაზების მშენებლობაზე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ქავთარაძე ამბობს, რომ სამხედრო ბაზების მშენებლობით რუსეთი დაარღვევს ნიკოლა სარკოზის ინიციატივით შემუშავებულ 6 პუნქტიან შეთანხმებას:

[ირაკლი ქავთარაძე] ”აქ საუბარია პირდაპირ იგნორირებაზე და ერთმნიშვნელოვან დარღვევაზე იმ შეთანხმებისა, რომელიც მიღწეული იქნა და სადაც ერთმნიშვნელოვნად შავით თეთრზე ეწერა, რომ ჯარები უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებს. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გადაინაცვლონ ჩრდილოეთისკენ, პირიქით, ამყარებენ პოზიციებს სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან მიმართებაში. რუსეთმა განაცხადა, რომ 3800-მდე აპირებს გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი თითოეულ ამ რეგიონში. ეს არის დარღვევა და კონფრონტაციის ის ფონი, რომელსაც მიზანმიმართულად ქმნიან.”

თუმცა, გარდა 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმებისა, არსებობს კიდევ 8 სექტემბრის მემორანდუმი. მასში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა გავიდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ, რაც მათ ადგილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაიკავებს. მაგრამ უნდა განლაგდნენ თუ არა ევროკავშირის დამკვირვებლები უშუალოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან, თუნდაც, 6 აგვისტომდე არსებულ ე.წ. კონფლიქტის ზონაში, ამის შესახებ არანაირ გარანტიას ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება და მემორანდუმი არ იძლევა. ერთადერთი ვალდებულება, რისი გარანტირებული შესრულებაც 8 სექტემბრის მემორანდუმით ევროკავშირმა კისრად იღო, საქართველოს ხელისუფლებას შეეხება და მდგომარეობს იმაში, რომ ”საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.”
XS
SM
MD
LG