Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობა სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს


ეს ბოლო დღეებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქია მძვინვარებს. კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, აჭარა წყალდიდობამ და მეწყერმა, თბილისი კი ღვარცოფმა დააზარალა.

ჭარბი ნალექი და სტიქიური უბედურება საქართველოს სხვა რეგიონებსაც შეეხო. დაზიანდა ვენახები და სხვა ფერმერული მეურნეობები, გზები და საცხოვრებელი სახლები, არის მსხვერპლიც. მოსახლეობა მიყენებული ზარალის დასაძლევად ხელისუფლებისგან დახმარებას მოითხოვს. რას აკეთებს მთავრობა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და რა დახმარებას ჰპირდება მოსახლეობას?

კახეთის რეგიონში ძლიერი წვიმა და სეტყვა იმ დროს მოვიდა, როდესაც მოსახლეობა ყურძნის მოსავლის ასაღებად ემზადებოდა. მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სეტყვამ დააზიანა. რაც გადარჩა, მისი ჩაბარებაც ჭირს. კახელი მევენახეები ღვინის ქარხნებთან შექმნილ გრძელ რიგებს უჩივიან:

[მევენახეების ხმა] „არ იბარებენ. გუბერნატორიც მოვიდა, გამგებელიც და პრობლემები მაინც არის.“

„პრობლემა ის არის, რომ რიგებია, გაფუჭდება ყურძენი და ჩვენ ვზარალდებით.“

ადგილობრივი ხელისუფლება თავის მოსახლეობას იმით აიმედებს, რომ მთავრობა ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას ახდენს.

ძლიერმა წვიმამ მოსავალი გაუნადგურა გარდაბნის რაიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამ რაიონში სტიქიამ სამი მოქალქე იმსხვერპლა. ნიაღვარმა და მეწყერმა სერიოზულად დააზიანა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ქონება. წყალდიდობამ და მეწყერმა მსხვერპლი გამოიწვია აჭარის რეგიონშიც. ქობულეთი ბოლო დღეების მანძილზე უკვე მეორედ დაიტბორა. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას მოითხოვს.

[მოსახლეობის ხმა] ”დატბორილია მთელი პირველი სართული. ქონება, ავეჯი გაფუჭებულია. რაც მოვასწარით, მეორე სართულზე ავიტანეთ.“

„ყოველ წვიმაზე ასეა ხალხი გამწარებული. აქ საჭიროა მძიმე ტექნიკა, რათა გაიწმინდოს არხები.“

ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლება მათ მხოლოდ სამაშველო შამუშაოებით ეხმარება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ჯერჯერობით ზარალის მოცულობაზე საუბარი ნაადრევია:

[ლევან ვარშალომიძის ხმა] „ზარალის მოცულობაზე ჯერ რთულია ლაპარაკი, რადგან წყალი ჯერ დგას და მთელი მთავრობა, მთელი სამაშველო სამსახურები აქ არის, რათა მოსახლეობიდან გამოიტუმბოს წყლის მასა.“

ზარალის დათვლას როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე სტიქიით დაზარალებულ სხვა რეგიონებში სპეციალური კომისია ცდილობს. მას შემდეგ, რაც ზარალის დადგენა მოხერხდება, ხელისუფლება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას დაიწყებს. თუ როგორ და რა ფორმით, რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ტყეშელაშვილისგან შეიტყობთ:

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] „მიყენებული ზარალის დათვლის პროცესი გრძელდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში დავამთავრებთ და შემდეგ დადგება ანაზღაურების საკითხი. ანაზღაურების ფორმებზე ახლა გამიჭირდება პასუხის გაცემა. ფაქტი ერთი არის, რომ, მაგალითად, ცაგერის და ლენტეხის რაიონში ჩანგრეული ხიდების აღდგენა უნდა მოხდეს. მოსახლეობას, ვისაც დაენგრა საცხოვრებელი სახლი, მის აღდგენაში დახმარება უნდა გაეწიოს და ასე შემდეგ.“(სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობა სტიქიით მიყენებული ზარალის მოცულობის დადგენას უახლოეს დღეებში დაასრულებს. შესაბამისად, გამოიყოფა საბიუჯეტო სახსრები და, პირველ ყოვლისა, მოშლილი ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება.
XS
SM
MD
LG