Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ დებატებს დღეს მხოლოდ ”24 საათი” გამოეხმაურა.


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ დებატებს დღეს მხოლოდ ”24 საათი” გამოეხმაურა. მიზეზი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის დრო იყო.

”რეზონანსი” დღევანდელ ნომერში 16 აგვისტოს ბათუმში მომხდარი მკვლელობის შესახებ წერს: ”ომიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცი - უფროსი სერჟანტი როინ (რომა) შავაძე 16 აგვისტოს ბათუმში ნიღბიანმა სპეცნაზელებმა დააკავეს. შავაძის ცხედარი იმავე დღეს, გვიან საღამოს, ბათუმის საავადმყოფოს პროზექტურიდან სახლში მიასვენეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ ოფიციალური სტრუქტურები კომენტარს არ აკეთებენ”, - წერს ”რეზონანსი”, რომელიც აქვეყნებს როგორც როინ შავაძის მეუღლის, ციცინო შავაძის, მონათხრობს, ასევე იმ ექიმის ჩვენებას, რომელმაც, ოჯახის თხოვნით, როინ შავაძის ცხედარი დაათვალიერა. ექიმი დაწვრილებით აღწერს უმძიმეს დაზიანებებს, რომლებიც შავაძეს ჰქონდა მიყენებული მთელ სხეულზე. ნაწყვეტი ექიმის მონათხრობიდან: ”დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი. ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი - შორიდან. ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხრილული”. აღნიშნულ ფაქტზე სახალხო დამცველმა საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო ორგანიზაციები. სოზარ სუბარის კომენტარი: ”ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ როინ შავაძე არის სასტიკად ნაწამები და, ამავე დროს, აქვს ნატყვიარები. მართალია, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ხელთ არა გვაქვს, მაგრამ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის მოკლული და ნასროლი აქვს წინა მხრიდან.” ”რეზონანსი” წერს, რომ სამართალდამცავები პირად საუბრებში შავაძის ნარკოტიკებთან დაკავშირებით დაკავებაზე საუბრობენ, რასაც მისი მეუღლე გამორიცხავს.”რეზონანსისთვის” აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ მახარაძეს უთქვამს: ”არ ვიცი, თითქოს, ეჭვი მიიტანეს, რომ შავაძე მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობდა. ის დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას, დაიღუპა”, - ამბობს მახარაძე. სახალხო დამცველი აპირებს ბოლომდე მისდიოს როინ შავაძის საქმეს.

სოზარ სუბარი დღეს გაზეთ ”ვერსიის” ერთ-ერთი პუბლიკაციის გმირიც არის. აქ უკვე საუბარი ეხება ქუთაისიდან 30 წლის დავით ცინდელიანის გატაცებას. ის მამასთან ერთად სატყეო დეპარტამენტში მუშაობდა და 16 აგვისტოს ჭუბერიდან ქუთაისში თათბირზე დასასწრებად მიდიოდნენ. ქუთაისში თათბირზე მისვლამდე დავით ცინდელიანი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამმა პირმა გაიტაცა. მამას, ზაურ ცინდელიანს კი უთხრეს, რომ ქალაქის პოლიციის სამმართველოში მიეკითხა შვილისთვის. თუმცა მან იქ შვილის შესახებ ვერაფერი შეიტყო. ”სახალხო დამცველის აპარატის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით”, - წერს ”ვერსია” – ”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ არც ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე არც ერთ დროებითი მოთავსების იზოლატორში დავით ზაურის ძე ცინდელიანი არ მოუთავსებიათ.”

რაც შეეხება სხვა თემებს, ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევთან, რომელიც ამბობს: ”საქართველოს ჩეჩნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მისწრაფებისთვის მხარი რომ დაეჭირა, გარწმუნებთ, რომ რუსეთი სხვაგვარად მოიქცეოდა”. საქართველოს მთავარ შეცდომად ზაკაევი იმას მიიჩნევს, რომ თბილისმა თავის დროზე კონფედერაციის შექმნის შესახებ ხელშეკრულებები არ გააფორმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ”ხელი რომ მოეწერა, - ამბობს ზაკაევი, - მათთან ერთად ნატოსა და ევროსაბჭოში შესულიყო, რუსეთის გავლენა კავკასიაში ძალიან შესუსტდებოდა. კავკასიაში რუსეთი არა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დაელაპარაკებოდა, არამედ საქართველოსა და ევროკავშირს. საქართველო ჩაიციკლა ტერიტორიული ერთიანობის პრინციპზე, საქართველომ ანგარიში არ გაუწია რეალობას, აჰყვა რუსეთს. რუსებმა კი გაააქტიურეს საომარი მოქმედებების ფაზები, ქართული ხელმძღვანელობა ამაზე წავიდა და, როგორც შედეგი, ”დაკარგა ეს ორი ტერიტორია, მგონი, სამუდამოდ”, - ინტერვიუს ახმედ ზაკაევთან ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.

”სულაც არ არის დღეს ტრაგედია მიხეილ სააკაშვილის გადადგომა ქვეყნისთვის. პირიქით, ტრაგედია იქნება მისი დარჩენა ხელისუფლებაში”, - ეუბნება ”ახალი თაობის” კორესპონდენტს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია და განაგრძობს: ”რას ითხოვდა გადამწყვეტ, კრიტიკულ სიტუაციაში პრეზიდენტისგან ქვეყანა? - სწორ გადაწყვეტილებას. დღეს ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი ყველაზე აქტიური მხარდამჭერებიც კი - კონდოლიზა რაისის თანაშემწეები და მთელი ის გუნდი, რომელიც ლობირებას უწევდა სააკაშვილს - დღეს საუბრობენ მის გაუთვლელ ნაბიჯებსა და მის შეცდომებზე. თუ რეალურად აღვიქვამთ სიტუაციას, საქართველოს ბევრად უფრო რთული მდგომარეობა დაუდგება მომავალში და ბეწვის ხიდზე იქნება გასავლელი. ვისი ხელმძღვანელობით გვინდა ეს ბეწვის ხიდი გავიაროთ? იმ გუნდის, ვინც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა?” - კითხულობს ნაჭყებია.

”24 საათი” ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს სთხოვს ხელისუფლების მიმართ აგვისტოს მოვლენების გამო დაგროვილი შეკითხვები დასვას. რამდენიმეს გთავაზობთ. არჩილ გეგეშიძე: ”ყველაფერი ერთ მთავარ კითხვას უკავშირდება: რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროვოკაციის (პროვოკაცია და ხაფანგი რომ იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება) თავიდან აცილება?”; ფიქრია ჩიხრაძე: ”მრავალ საკითხთა შორის გაუგებარია, რამდენად ორგანიზებული იყო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რატომ ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ოპერაციას სამოქალაქო პირები? მიუხედავად ყველა ჩვენი პარტნიორის გაფრთხილებისა, რატომ ჩერთო საქართველოს ხელისუფლება საომარ მოქმედებებში?”; თინა ხიდაშელი: ”მე ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს: როდის გაათავისუფლებს ხელისუფლება მედიას, რათა ყველა იმ საჭირბოროტო შეკითხვას, რომელიც აგვისტოს მოვლენების შესახებ გაჩნდა, საჯაროდ, ტელეეთერში, გაზეთების ფურცლებზე გაეცეს პასუხი?”; გია თორთლაძე: ”აგვისტოს მოვლენები ჩემთვის არის სრულიად ნათელი და არანაირი შეკითხვა არ გამაჩნია”; ზურაბ ტყემალაძე: ”საკითხავია, ჩვენ როგორ ვემზადებოდით? რატომ არ დავცალეთ კონფლიქტის ზონაში არსებული სოფლები? რისი გაკეთება შეძლო თავდაცვის სამინისტრომ? ვინ შეიმუშავა გეგმა, რომლითაც ხელისუფლება ხელმძღვანელობდა? რატომ მოჰყვა ამ გეგმას წარუმატებელი შედეგები?”; დავით დარჩიაშვილი: ”ერთადერთი შეკითხვა ჩნდება რეზერვის შესახებ. ვფიქრობ, რეზერვის მომზადებაში გარკვეული ხარვეზები იყო. ომის დროს აღმოჩნდა, რომ რეზერვში მეთაურების ნაკლებობაა.” - ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეკითხვებს ხელისუფლებისადმი ”24 საათი” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG