Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციას სამხედრო სტრატეგიის შეცვლით უპასუხებს


საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი, რომელსაც აგვისტომდე თბილისი მხოლოდ პოტენციურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა,

ამჯერად საქართველოს მთავარ ეროვნულ საფრთხედ განისაზღვრება. ცვლილებები, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში შევა, ასევე შეცვლის თავდაცვის მიზნებსა და შეიარაღებული ძალების ამოცანებს. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს საერთოდ ახალი ტიპის არმიის აშენება მოუხდეს.

მიუხედავად უკიდურესად გართულებული ვითარებისა, საქართველოს არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთს საფრთხის მთავარ წყაროდ არ აღიარებდა. ასევე ყოველთვის უარყოფდა პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი მხოლოდ პოტენციურ საფრთხედ იყო მიჩნეული და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე შეეხებოდა ”სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობისათვის მოქალაქეობის მინიჭებას.” მაგრამ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რასაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიების ანექსია და მათი ცალმხრივი აღიარება მოჰყვა, საქართველო ვეღარ იცხოვრებს ძველი წარმოდგენებით საფრთხეებსა და მუქარებზე. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ გამოწვევებს საქართველო ახალი სტარტეგიული ხედვით უნდას შეხვდეს:

[დავით დარჩიაშვილი] ”რუსეთიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე ითვლებოდა რისკად, ჰიპოთეტურ საფრთხედ, ნაკლებსავარაუდოდ, მაგრამ ითვლებოდა და იგულისხმებოდა. ეს იყო ნაკლებად სავარაუდო, ნაკლებად წარმოსადგენი არა მარტო ქართული მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მაგრამ მოხდა. შესაბამისად, რამდენადაც ახლა ის [აგრესია] საფრთხეების იერარქიაში მაღლა იწევს, ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყვეს კონცეპტუალური და ინსტიტუციური ცვლილებები.”(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გარდა, მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რაც საქართველოში ხშირად ერევათ დოქტრინაში. მაგრამ, თუ სახელწოდებასთან დაკავშირებულ გაუგებრობას გვერდზე გადავდებთ, ეროვნული სამხედრო სტრატეგია საფრთხეების განსაზღვრის თვალსაზრისით კიდევ უფრო ბუნდოვანია, რიგ შემთხვევაში კი, კომიკურიცო, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში სტრატეგიის საკითხების ექსპერტმა კახა კაციტაძემ:

[კახა კაციტაძე] ”ნუ, ეს სტრატეგია იყო გაშარჟებული, იმიტომ რომ მოჭარბებულ მოწინააღმდეგესთან არც უნდა შევიდეთ, ასე ვთქვათ, გადამწყვეტ ბრძოლაში, იმიტომ რომ მეტი იქნება და დავმარცხდებით და, ამავე დროს, არც უკან დახევა არ უნდა განვახორციელოთ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შეცვლას საქართველოს ხელისუფლება, შესაძლოა, სხვა კონცეპტუალური ლაფსუსების გამოც ცდილობდეს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს არმიას აგვისტოში საერთოდ ეკრძალებოდა უკან დახევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, სულ მცირე, ტრიბუნალს უნდა გადაეცეს ყველა იმ მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსხურის საქმე, ვინც ჯარების უკან დახევის ბრძანება გასცა. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის ის პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ”შეზღუდული რესურსების გამო შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ დაკარგული და მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება”. ეს კი, ექსპერტ კახა კაციტაძის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ან უნდა შეეგუს კოდორის ხეობისა და ახალგორის დაკარგვას, ანდა დახარჯოს უფრო მეტი თანხა სრულიად ახალი ტიპის არმიის შესაქმნელად:

[კახა კაციტაძე] ”მშენებლობის გეგმები არის შესაქმნელი თავიდან, ყველაფერი, იმიტომ რომ რაც იყო, ისინი, გეგმები, არაფერი იყო, მაგ სტრატეგიის ჩათვლით. რა ვქნათ? საშინელებაა ამის თქმა, მაგრამ ნულიდან მოგვიწევს არმიის შექმნა. ეს ოთხი წელი და ამხელა თანხა გადაიყარა წყალში.”(სტილი დაცულია)

ახალი გამოწვევების ფონზე, ცვლილებებს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროგრამებში გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევენ სახელისუფლებო წრეებში:

[დავით დარჩიაშვილი]”ეს უნდა იყოს ცვლილებები ტრენინგის, მომზადების, წვრთნის თვალსაზრისით, ტექნიკის თვალსაზრისით. მთლიანობაში, ეს გავლენას იქონიებს ქართული თავდაცვის სისტემის შემდგომ აღმშენებლობაზე. ის, რაც აქამდე კეთდებოდა, გათვლილი იყო უფრო რეალისტურ საფრთხეებზე, როგორიც არის დაბალი ინტენსივობის კონფლიქტები.”

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არ აკონკრეტებს, უნდა შეეხოს თუ არა ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შეცვლა შეიარაღებული ძალების რაოდენობას და მისი დაკომპლექტების წესს. ”ეს უკვე სამხედრო ექსპერტების და მგეგმავების საქმეა, თუ რა ფორმით უნდა აისახოს ახალი საფრთხეების იერარქია ქართული სამხედრო ინსტიტუტების აღმშენებლობაზეო”,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG