Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფორმით მიმდინარეობს კერძო საკუთრების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვა


საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყო საკუთრების უფლების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე მომუშავე სპეციალურმა კომისიამ.


მან საბოლოოდ უნდა შეაჯეროს ის წინადადებები, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა მოამზადეს. პროექტის მიხედვით, დაუშვებელია საკუთრების უფლების გაუქმება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამასთან, აუცილებელი და გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა მოხდეს წინასწარ და იგი უნდა იყოს სამართლიანი.

საკუთრების უფლების გარანტიების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მომზადდა და, პროცედურის მოთხოვნების შესაბამისად, ერთთვიანი საჯარო განხილვაც გაიმართა. ამის შემდეგ მასზე მუშაობა სპეციალურ კომისიას უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებისა და უკანასკნელი მოვლენების გამო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩამოყალიბება ბოლო დრომდე ვერ მოხერხდა. ამ პროცესს ბიძგი მისცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის გაზრდა დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახა.

24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართა. პროექტის არსს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ლიდერი გიორგი ჩხეიძე განმარტავს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „პროექტის არსი გახლავთ ის, რომ...“

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, კერძო საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს სიტყვები უამრავი ინტერპრეტაციისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყო და რეალურად ვერ უზრუნველყოფდა საკუთრების ხელშეუხებლობას. შედეგად, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საქართველოში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლების ხელყოფის რამდენიმე შემთხვევას. ზოგიერთ მათგანს თან ახლდა საზოგადოების მწვავე პროტესტი და დაპირისპირება.

ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და პარლამენტმა უკანონო ქონების ლეგალიზების კანონი დაამტკიცა. ამას საკონსტიტუციო ცვლილებაც დაემატება. მაგრამ პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ამჟამინდელი საკონსტიტუციო ცვლილება ვერ ქმნის საკუთრების ხელშეუხებლობის სრულფასოვან გარანტიებს.
ასეთი დასკვნის საფუძველს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მუხლი იძლევა:

[ლევან ვეფხვაძის ხმა] „რაც შეეხება საკუთრების უფლების შეზღუდვას...“

ამ საკამათო ფორმულირების გარდა, საკუთრების უფლების ხელყოფის სხვა საფრთხეებზე საუბრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი განცხადებით, საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს ხელს უშლის თავად კონსტიტუციის სხვა მუხლები.

[გია ჯანდიერის ხმა] „გაფიცვის შესახებ მუხლი ეს პირდაპირი თავდასხვა არის კერძო საკუთრებაზე...“

ამ მუხლების საფუძველზე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერიოს, მაგალითად, პრივატიზებული ელექტროსადგურებისა თუ გაზგამანაწილებელი ქსლის მუშაობაში. სხვა საკანონმდებლო და პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ...“

მმართველი უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის შინაარსის დეტალურ კომენტირებას ჯერჯერობით ერიდება. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საკუთრების უფლების გარანტიების შესაქმნელად საკმარისია საკონსტიტუციო ნორმის დახვეწა.
XS
SM
MD
LG