Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი: გზა მოზომილი დიპლომატობიდან კრემლის პოლიტიკის გულმხურვალე დამცველამდე


ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე ბევრი რუსეთის და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლას ელის.

პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გამოსვლასა თუ შეხვედრებს. ფართო საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია ლავროვის, მშვიდი დიპლომატის, ბოლოდროინდელი ტრანსფორმაცია კრემლის პოლიტიკის აგრესიულ, უკომპრომისო დამცველად. მინდა რუსი დიპლომატის შეხედულებების ტრანსფორმაციასა და მისი კარიერის ისტორიაზე გესაუბროთ.


გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში სერგეი ლავროვს დაახლოებით 50 ორმხრივი შეხვედრა აქვს დანიშნული.

ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა მან ოთხშაბათს გამართა ამერიკელ კოლეგასთან, კონდოლიზა რაისთან.

რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრა იყო, რომელიც შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პირისპირ გაიმართა.

შეერთებული შტატები რუსეთს აგრესიული ქცევის გამო აკრიტიკებს, მაგრამ თავად ლავროვი, რომელმაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ყოველწლიურ გამოსვლაში 1 სექტემბერს ისაუბრა, აგრესორად ვაშინგტონს აღიქვამს:




[ლავროვი]
”[შეერთებული შტატების მხრიდან] საკუთარ, უნიპოლარულ სამყაროში ცხოვრების მცდელობა ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა. ეს მდგომარეობა ყველასათვის სახიფათოა. ჩვენ ამის გამოვლინებას ანტირუსულ პროვოკაციებში ვხედავთ - მათ შორის თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გატარებულ აგრესიაში. მჯერა, რომ კლიენტი-სახელმწიფოების, მარიონეტი რეჟიმების მხარდაჭერის დისკრედიტირებული პრაქტიკა არ უნდა აღორძინდეს.”

მოსკოვი უკვე გამოეთიშა გაეროში მიმდინარე მოლაპარაკებებს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ. როგორც ჩანს, რუსეთი, რომლის მთავარი წარმომადგენელიც ნიუ-იორკში ლავროვია, აპირებს იქ შეკრებილ 200-მდე ერს აჩვენოს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დომინანტური როლის შესრულება შეუძლია.

საერთაშორისო ასპარეზის გარდა, სერგეი ლავროვი კრემლის დიპლომატიის სახეა რეგიონალურ, ”ახლო საზღვარგარეთად” წოდებულ, სივრცეშიც - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, სადაც რუსეთს საბჭოთა პერიოდის გავლენის აღდგენა სურს:

[ლავროვი]
”ჩვენთვის დსთ-ის სივრცე არ წარმოადგენს ჭადრაკის დაფას გეოპოლიტიკური პარტიების გასათამაშებლად. ეს აქ მცხოვრები ყველა ხალხისთვის საერთო ცივილიზაციური სივრცეა, რომელიც ჩვენს ისტორიულ და სულიერ მემკვიდრეობას ინახავს. ჩვენი გეოგრაფია და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება თანამეგობრობის ყველა ქვეყანას აძლევს ხელშესახებ კონკურენტულ უპირატესობას. გლობალიზაციის ინტეგრაციული იმპერატივები აქ მსოფლიოს სხვა რეგიონებზე ნაკლებად არ იჩენს თავს. მთავარია ხელი არავინ შეგვიშალოს საკუთარი ეგოისტური ინტერესების გამო ხელოვნური ბარიერების შექმნით.”

იმ ფონზე, როდესაც კრემლს ვლადიმირ პუტინი და მისი თანამოაზრეები განაგებდნენ, 58 წლის ლავროვს ხშირად განსხვავებულ ფიგურად აღიქვამდნენ ხოლმე - დახვეწილ და გამოცდილ დიპლომატად, რომელიც საგარეო პოლიტიკის გატარებისას უწინარესად ინტელექტს იყენებდა და არა უხეშ რიტორიკას.

ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი - პრესტიჟული ”მგიმო” – 1972 წელს დაამთავრა. საბჭოთა დიპლომატიაში სამსახური მან შრი-ლანკაში პოსტით დაიწყო.

მას შემდეგ იგი საბჭოთა კავშირის გაეროს დელეგაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მრავალ პოსტზე მუშაობდა. 1994 წელს ის გაეროში რუსეთის ელჩად დაინიშნა.


სერგეი ლავროვი სრულყოფილად ფლობს ინგლისურს, ფრანგულს და სინჰალას, შრი-ლანკის ენას.

2003 წელს ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელიც გაეროს ტრიბუნიდან უპირისპირდებოდა შეერთებული შტატების გეგმას ერაყში სამხედრო ინტერვენციის შესახებ. ეს გეგმა, შეგახსენებთ, ემყარებოდა ეჭვს, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა.

2003 წლის თებერვალში - ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე - ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებაზე უფრო ეფექტიანი გზა შემოწმებების ჩატარება იყო:

[ლავროვი]
”ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ერაყის მშვიდობიანი განიარაღების შესაძლებლობა გაქრა ან ხელიდან იქნა გაშვებული. დარწმუნებული ვართ, რომ, პირიქით, შემოწმება წარმატებით მიმდინარეობს და ერაყი უპასუხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებსა და ზეწოლას, რომელსაც ის განიცდის.”

მაშინ ლავროვი აცხადებდა, რომ ომი არ წარმოადგენდა ადეკვატურ მეთოდს ერაყის საკითხის გადასაჭრელად.

მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ლავროვი, რომელიც პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრად 2004 წელს დანიშნა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ომი ერთადერთ ადეკვატურ მეთოდად შერაცხა იმ აგრესიასთან გასამკლავებლად, რომელსაც, მოსკოვის განცხადებით, თბილისი თავის სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით ავლენდა.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ლავროვი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს ესტუმრა. როგორც ცნობილია, ის პირდაპირ პარალელებს ხედავს მოსკოვის მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობის აღიარებასა და დასავლეთის ძალების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობას შორის, რასაც მოსკოვი დიდი უკმაყოფილებით შეხვდა:

[ლავროვი]
”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ჩვენთვის ერთდროულად იყო განპირობებული სამართლებრივი, ზნეობრივი და პრაგმატული მოსაზრებებით - უწინარესად, ამ ხალხების ეფექტიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ თავს უფლებას ვეღარ მივცემთ - როგორც ამას ბოლო წლებში ვაკეთებდით - დაველოდოთ, როდის დაიწყებს თბილისი კიდევ ერთ ელვისებურ ომს სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის წინააღმდეგ.”

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ლავროვს არაერთი საშუალება მისცა ღიად გამოეხატა უკმაყოფილება იმ ფაქტორების თუ საკითხების მიმართ, რომლებიც მოსკოვს დიდი ხანია აღიზიანებს.

ლავროვი უკომპრომისო და ზოგჯერ აგრესიული რიტორიკით წარმოადგენს თავისი ქვეყნის პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით - იქნება ეს ნატოს გაფართოება, შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა თუ კოლექტიური უსაფრთხოება.

მათთვის, ვისაც ლავროვი დახვეწილ და თავშეკავებულ ფიგურად მიაჩნდა, ერთგვარი შოკი იყო პრესაში გაჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან თავის ბრიტანელ კოლეგას, დევიდ მილიბენდს, საქართველოს შესახებ სატელეფონო საუბარში უცენზურო სიტყვები უთხრა. მოგვიანებით ლავროვმა აღიარა, რომ მან მართლაც გამოიყენა ეს სიტყვები, თუმცა არა მილიბენდთან, არამედ საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით.

შაბათს, 27 სექტემბერს, ლავროვი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მის გამოსვლას პოლიტიკოსებიც და ანალიტიკოსებიც ყურადღებით მიადევნებენ თვალს. ინტერესის საგანი, უწინარესად, მისი გამოსვლის შინაარსი იქნება, თუმცა ბევრი არანაკლები ინტერესით დააკვირდება იმ ტონს თუ რიტორიკას, რომელსაც ლავროვი გაეროს ტრიბუნიდან მიმართავს.
XS
SM
MD
LG