Accessibility links

logo-print

თომას ჰამარბერგის მორიგი ვიზიტი და ვიზიტის შედეგები


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა თომას ჰამარბერგმა ამჯერად ვიზიტი თბილისიდან დაიწყო, შემდეგ მოინახულა კასპის რაიონის სოფლები, ახალგორის რაიონი,

გორი, ცხინვალი და დღეს ევროსაბჭოს ოფისში პრესკონფერენცია გამართა. ახლანდელი ვიზიტის მიზანი იყო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული უსაფრთხოების იმ ექვსი პრინციპის განხორციელების შეფასება, რომლებიც ჰამარბერგმა ერთი თვის წინანდელი ვიზიტის შემდეგ წარმოადგინა და რომელთა მიზანი ომის შედეგად დაზარალებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაა.


ჰამარბერგის მიერ წარმოდგენილი პირველი პრინციპი შეეხება ყველა იძულებით გადაადგილებული პირის დაბრუნების უფლების უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, მასთან საუბარში ადასტურებს ამ პრინციპისადმი მხარდაჭერას. გუშინ ცხინვალში ვიზიტისას ჰამარბერგს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც განუცხადეს, რომ ისინი ემხრობიან დევნილთა დაბრუნებას. თუმცა მნიშვნელოვანია დაბრუნების მსურველთათვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და მატერიალური დახმარების გაწევა.

მეორე პრინციპი, რომელსაც ჰამარბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, არის იმ ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომლებმაც ვერ შეძლეს დაუყოვნებლივ დაბრუნება თავიანთ სახლებში და დღესაც დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ:

[ჰამარბერგის ხმა]
”ჩემი ანგარიში ამ საკითხზე ერთობ კრიტიკული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ახერხებდნენ ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერჯერობით ვერ ბრუნდება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ საკითხში პროგრესი შესამჩნევია. არსებობს გეგმა იმათ დასახმარებლად, ვინც ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს დაბრუნებას. მთავრობის გათვლით, სულ ცოტა, 17000 ადამიანი იქნება ასეთი.”

თომას ჰამარბერგი აცხადებს, რომ დევნილებზე ზრუნვის პარალელურად არ უნდა შესუსტდეს ძალისხმევა ყველა დევნილის დაბრუნების მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანია ბუფერული ზონის საკითხი. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამის თაობაზე საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს:

[ჰამარბერგის ხმა]
”რუსებთან, სამხრეთ ოსეთში და თბილისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დავრწმუნდი, რომ ბუფერული ზონის გადაცემა მოხდება. ოქტომბრის დასაწყისში რუსები გავლენ. ჩემი აზრით, საკითხი აღარ დგას ასე: გავლენ თუ არა რუსები. საკითხი დგას ასე: როგორ მოხდება ეს.”

მესამე მნიშვნელოვან საკითხად ჰამარბერგი განაღმვას ასახელებს. ახლანდელ ვიზიტამდე მას არც კი წარმოედგინა, თუ რა მასშტაბის პრობლემას ქმნის ნაღმები და ჭურვები, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი საფრთხეა მოსახლეობისთვის. ევროსაბჭოს წარმომადგენლის თქმით, თავად რუსმა სამხედროებმა მარტო ბუფერულ ზონაში 26500 ნაღმი ამოიღეს. ჰამარბერგის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მეთვალყურეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ განაგრძონ ტერიტორიის განაღმვა.

მეოთხე პრინციპი უკავშირდება მართლწესრიგის უზრუნველყოფას. ეს მწვავე პრობლემად რჩება, განსაკუთრებით, ბუფერული ზონის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებში. ბუფერული ზონის სამხრეთი ნაწილი, ზონის დაახლოებით ერთი მესამედი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და იქ მოსახლეობის თითქმის 90%-ია დაბრუნებული, მის შუა ნაწილში დაბრუნებულია დაახლოებით 50%. ჩრდილოეთ ნაწილში კი გაცილებით ნაკლებია ასეთი ადამიანების რაოდენობა. იქ გრძელდება ყაჩაღური თავდასხმები, ძარცვა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აქტიურად მუშაობენ ბუფერულ ზონაში დაბრუნებულთა უსაფრთხოების მეტ-ნაკლებად უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ევროკავშირის მეთვალყურეებს.

მეხუთე საკითხად თომას ჰამარბერგი გამოყოფს სამხედრო ტყვეების, გატაცებული ადამიანებისა და გარდაცვლილთა გაცვლას. ჰამარბერგი თავადაც მონაწილეობდა ამ პროცესში. საქართველოს ხელისუფლება დღემდე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სახალხო დამცველთან გაცვლის პროცესის დასასრულებლად. ჰამარბერგის ვარაუდით, თუკი ვინმეს გაცვლა და რაიმეს გარკვევაა შესაძლებელი, მომავალ ორ თვეში გაიცვლება და გაირკვევა, რის შემდეგაც პროცესი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.

[ჰამარბერგის ხმა]
”იმ დროისთვისაც დარჩება გამოურკვეველი შემთხვევები, ვინაიდან ზოგიერთ ადამიანზე საერთოდ არ არის ინფორმაცია. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა დღეისათვის.”

ბოლო პრინციპია საერთაშორისო ორგანიზაციების - განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების - წარმომადგენელთა თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ ვითარების მონიტორინგი და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა.

ახლანდელი ვიზიტის შესახებ ანგარიშს ადამიანის უფლებათა კომისარი მომავალ კვირაში წარუდგენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
XS
SM
MD
LG