Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატები დაიწყო: აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი მკაცრად გმობს საქართველოში რუსეთის ქმედებას


შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი თემა, რომელზეც ჯონ მაკკეინსა და ბარაკ ობამას შორის წუხანდელი დებატის დროს ერთსულოვნება სუფევდა, საქართველო იყო.

აშშ-ის პრეზიდენტობის ამ ორივე კანდიდატმა გადაჭრით დაგმო საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია.

შეკითხვას, როგორ აფასებს ამერიკა-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ბარაკ ობამამ ასე უპასუხა: [ობამას ხმა] “იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო რამდენიმე კვირასა და თვეში მოხდა, მთლიანად უნდა გადაისინჯოს რუსეთთან ჩვენი მიდგომა, რადგან გაძლიერებული და ძალიან აგრესიული რუსეთი საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. მისი მოქმედება საქართველოში მიუღებელი იყო”.

ობამამ გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია რუსეთის ლიდერების არასწორად შეფასების გამო. მან გაიხსენა ჯორჯ ბუშის გამონათქვამი 2001 წელს, მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ: “პუტინს თვალებში ჩავხედე” და დავრწმუნდი, რომ სანდო კაციაო. ამ გამონათქვამის - “პუტინის თვალებში ჩახედვის” - პერიფრაზი მოისმინეს დებატის მაყურებლებმა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ ჯონ მაკკეინისაგან.

[მაკკეინის ხმა] “რუსეთი გახდა ქვეყანა, რომელსაც ნავთობდოლარები ამოძრავებს და ძირითად კაგებეს აპარტჩიკების მიერ მართული მთავრობა ჰყავს. მე ბატონ პუტინს თვალებში ჩავხედე და მათში სამი ასო დავინახე - K G B (კა-გე-ბე). რუსეთის აგრესია საქართველოში - მიუღებელი მოქმედებაა”.

მაკკეინმა გამოთქვა ასევე შეფასება, რომ ამ აგრესიის შემდეგ აშშ ყურადღებით უნდა დააკვირდეს ვითარებას უკრაინაში. მაკკეინმაც და ობამამაც მხარი დაუჭირეს ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას.

ამდენად, ამ საკითხში კამათი, ფაქტობრივად, არ გამართულა - განსხვავებით ირანთან და ერაყთან დაკავშირებული საკითხებისაგან.

ობამას შეფასებით, შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტია არ დაუშვას ირანის ხელში ატომური იარაღის ჩავარდნა. საამისოდ ობამა მიზანშეწონილად მიიჩნევს ირანთან პირდაპირ კონტაქტს: [ობამას ხმა] “ჩვენ ასევე, ჩემი აზრით, ირანთან მტკიცე, პირდაპირ დიპლომატიაში უნდა ჩავებათ და ამ მხრივ ჩემი პოზიცია ძირეულად განსხვავდება სენატორ მაკკეინის პოზიციისაგან. იდეამ - როცა ხალხს არ ველაპარაკებით, ამით მათ ვსჯით - არ გაამართლა. არ გაამართლა ირანში, არ გაამართლა არც ჩრდილოეთ კორეაში. ორივე შემთხვევაში, მათი იზოლაციისაკენ მიმართულმა ძალისხმევამ, სინამდვილეში დააჩქარა მათი ძალისხმევა, შექმნან ატომური იარაღი. ეს შეიცვლება, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვიქნები.”

როგორც ობამამ მიანიშნა, მაკკეინის პოზიცია განსხვავებულია: მართლაც, მაკკეინი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, პრეზიდენტის რანგში მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს ირანთან, რომელიც ისრაელის განადგურებას გეგმავს. მისი რწმენით, ირანთან კონტაქტები უფრო დაბალი რანგის წარმომადგენლების დონეზე შეიძლება გაიმართოს - ანუ, გარკვეული პირობების დაცვით.

[მაკკეინის ხმა] “იცით, ნებისმიერ ადამიანთან დავჯდები და დაველაპარაკები, მაგრამ აქ პირობებია საჭირო, და ასეთა პირობაა, არ მოვახდინოთ პირისპირ შეხვედრით ისეთი პირის ლეგიტიმაცია, როგორიც აჰმადინეჟადია. სენატორი ობამა კი ამბობს, “პირობების გარეშეო”.

სულ დებატებმა მისისიპის უნივერსიტეტში 90-მდე წუთი გასტანა და პირდაპირ ტელეეთერში გადაიცა. საუბარი შეეხო აგრეთვე ერაყში აშშ-ის სამხედრო სტრატეგიას, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ საფინანსო პოლიტიკაზე მსჯელობა თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული არ იყო. დებატების წუხანდელი, პირველი რაუნდი, წესით, საგარეო პოლიტიკას უნდა დათმობოდა, მაგრამ აშშ-ში მწვავე საფინანსო კრიზისის გამო პრეზიდენტობის კანდიდატებს ამ თემაზე დიდხანს, როგორც იუწყებინ, ნახევარი საათი მაინც მოუწიათ საუბარი.

ორივემ გააკრიტიკა ბანკები, რომელთა მოქმედებამაც დიდწილად განაპირობა საფინანსო კრიზისი, თუმცა არც მაკკეინს და არც ობამას არ დაუჭერია მხარი კრიზისის მოგვარების რომელიმე გეგმისთვის. ამ საკითხზე მოლაპარაკება როგორც ცნობილია გრძელდება. და გაგრძელდება ობამა-მაკკეინის დებატებიც. შემდეგი რაუნდი 2 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG