Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირა საქართველოსთვის


მიმდინარე კვირა საქართველოსთვის

მეტად დატვირთულია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე. აქტიურად გრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წამოწყებული პროცესი. ამ მხრივ, კვირის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენას წარმოადგენს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ჩასვლა საქართველოში. მინდა საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენა შეგახსენოთ.

მიმოხილვა დავიწყოთ გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიით, რომლის ტრიბუნიდანაც მსოფლიოს გავლენიანმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ ახსენეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო და ომის შედეგად წარმოქმნილი კრიზისი. 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა გარკვევით თქვა, რომ შექმნილი მძიმე სიტუაცია არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პრობლემას და რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის მშვიდობას მთელ რეგიონში, ის უპირისპირდება ევროპის უსაფრთხოებას:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”თუ ჩვენ ამ გამოწვევას არ ვუპასუხებთ, ვშიშობ, რომ ძალადობის ტაქტიკა, რაც საქართველომ თავის თავზე გამოსცადა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გავრცელდება. ამიტომ ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ვიმოქმედოთ მთელი თავდაჯერებულობით, ვიმოქმედოთ გადამწყვეტად. საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი: ჩვენი დემოკრატია გახდება უფრო ძლიერი და, საერთო ძალისხმევით, ჩვენ მოვძებნით გზებს - ისევე როგორც ამას საუკუნეების მანძილზე ვაკეთებდით - იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოში ჩვენი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრება, იქნებიან ეს ოსები, აფხაზები თუ ჩვენი უძველესი ქვეყნის სხვა წარმომადგენელები.”

პრეზიდენტი გაეროს მოუწოდებს დაიცვას 4 აუცილებელი პრინციპი: 1. არ გაჩუმდეს, როცა ადამიანის უფლებებს შეიარაღებული აგრესია უპირისპირდება; 2. არ დაუშვას (ამჟამად აგრესორის მიერ ოკუპირებული) საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება; 3. უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკან დახევა ომამდე არსებულ პოზიციებზე და 4. შექმნას კონფლიქტების გადაწყვეტის აზრიანი ქმედითი მექანიზმი, რომელიც მშვიდობიანად გააერთიანებს საქართველოს. ეს არის ის, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, კოლექტიური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უნდა გააკეთოს. და რის გაკეთებას აპირებს თავად საქართველო? ქვეყანა ვარდების რევოლუციას იმეორებს, ოღონდ სულ სხვა მასშტაბით:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”ჩვენ, მოკლედ რომ ვთქვა, შევებრძოლებით აგრესიისა და ავტორიტარიზმის სპექტრს ყველაზე მძლავრი იარაღით, რაც კი არსენალში გვაქვს - კერძოდ, ჩვენს საზღვრებში თავისუფლების გაფართოების პროცესის ხელის შეწყობით. ეს არაფერია სხვა, თუ არა მეორე ვარდების რევოლუცია. თუ პირველი რევოლუცია იყო პასუხი საფრთხეებზე, რომელსაც კორუფციით გაჯერებული, არშემდგარი ქვეყნის ხელახალი აშენება ქმნიდა, მეორე რევოლუცია კიდევ უფრო ფოკუსირებული უნდა იყოს, რადგანაც ჩვენ ამჯერად ახალ გამოწვევებს ვპასუხობთ, გამოწვევებს, რომლებიც გარედან მოდის. პირველი ვარდების რევოლუციის წარმატებამ გადაარჩინა ჩემი ქვეყანა; მეორე ვარდების რევოლუციის შედეგებზე კი, შესაძლოა, მთლიანად საერთაშორისო წესრიგის ჯანმრთელობა იყოს დამოკიდებული. ”

პრეზიდენტი სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ვარდების მეორე რევოლუცია უნდა იყოს პასუხი აგრესიულ სიბნელეზე - ხელისუფლების დაბალანსებით, სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლებით, მედიის მეტი თავისუფლების მიღწევითა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით; ოკუპირებულ საქართველოს შეუძლია, რომ რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა დაუპირისპიროს.

ნაომარ და ოკუპირებულ საქართველოზე გაეროს ტრიბუნიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც ისაუბრა. ჯორჯ ბუშმა საქართველო ახალგაზრდა და თამამი დემოკრატიული ქვეყნების რიგში დაასახელა, ერაყთან, ავღანეთთან და ლიბანთან ერთად, და თქვა, რომ მსოფლიო ამ ქვეყნებს განსაკუთრებით უნდა დაეხმაროს:

(ჯორჯ ბუშის ხმა) ”უნდა გავერთიანდეთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერის საქმეში. გაეროს ქარტია ითვალისწინებს თანასწორ უფლებებს დიდი და პატარა სახელმწიფოებისთვის. რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმა ამ დებულების დარღვევა იყო. მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიები აკვირდებიან იმას, თუ რა პასუხს გავცემთ ამ გამოცდას. შეერთებული შტატები თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროპის კავშირი და ნატო, რათა დაცული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაწეულ იქნეს ჰუმანიტარული დახმარება... და ჩვენი ქვეყნები მომავალშიც განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას.”

რუსეთის დელეგაციისთვის, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ედგა სათავეში, მეტად უსიამოვნო მოსასმენი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა. ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის - პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ სასურველია რუსეთთან ახლო პარტნიორობა, მაგრამ შეუძლებელია კომპრომისზე წასვლა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ქვეყანათა დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა:

(ნიკოლა სარკოზის ხმა)

ნიკოლა სარკოზის სიმკაცრით შეზავებულ ემოციურ გამოსვლაში პოლიტოლოგებმა ამოიკითხეს პრინციპულობა, რომლითაც ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის - პრეზიდენტი თავისივე შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების დაცვას ითხოვს რუსეთისგან. ფოთიდან და სენაკიდან გასვლის შემდეგ, უკან დახევის მეორე და გაცილებით მასშტაბურ ტალღას ნიკოლა სარკოზი ოკუპანტებისგან 1-დან 10 ოქტომბრამდე მოელის. სექტემბერში დაკონკრეტებული აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, სწორედ 1 ოქტომბერს დაიწყება იმ 10-დღიანი ვადის ათვლა, რომლის ფარგლებშიც რუსმა ოკუპანტებმა უნდა დატოვონ საქართველოს მთელი ტერიტორია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. ამისათვის 1 ოქტომბერს რეგიონში მუშაობა უნდა დაიწყოს ევროკავშირის მეთვალყურეთა სამშვიდობო მისიამ. მისიის ხელმძღვანელი, გერმანელი დიპლომატი ჰანსიორგ ჰაბერი მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად გორში 24 სექტემბერს ჩავიდა:

(ჰანსიორგ ჰაბერის ხმა) ”ვაპირებთ ვაწარმოოთ სამოქალაქო მონიტორინგი. ჩვენი მეთვალყურეები იქნებიან შეუიარაღებელნი და განახორციელებენ პატრულირებას ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. გვაქვს შეთანხმება ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რომ 10 ოქტომბრამდე რუსები გავლენ ამ რეგიონიდან, თუკი ეფექტიანად მოვახდენთ მის კონტროლს ჩვენი სამოქალაქო მეთვალყურეების საშუალებით. ადგილზე გვყავს საკმარისი რაოდენობის მეთვალყურეები და მოქმედების დაწყებას დროულად, 1 ოქტომბერს, შევძლებთ. მჭიდრო კონტაქტი გვექნება აქაურ გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ყველაფერი კოორდინირებულად და უპრობლემოდ წარიმართოს და იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ სახლებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ.”

ევროკავშირის სამშვიდობო მისიის მეთვალყურეები საქართველოში კვირის ბოლოსთვის სრულად მოიყრიან თავს. მეთვალყურეთა პირველი ნაკადი, 33-კაციანი ჯგუფი, იტალიიდან 23 სექტემბერს ჩამოვიდა. 25 სექტემბერს მათ მოჰყვა ფრანგების 43-კაციანი ჯგუფი; 26 სექტემბერს კი საქართველოში ჩამოვიდა 40 გერმანელი და 8 ბერძენი მეთვალყურე. უკვე გადაწყვეტილია, რომ თავდაპირველად განსაზღვრული, სულ მცირე, 200-ის ნაცვლად ევროკავშირი საქართველოში სამასზე მეტ მეთვალყურეს გამოგზავნის. მისია მზად არის იმოქმედოს მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ჯერჯერობით კვლავაც პრობლემად რჩება მეთვალყურეთა მიერ არათუ მხოლოდ სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გადალახვა, არამედ ზოგიერთ იმ ტერიტორიაზე შესვლაც, რომლებსაც რუსეთის სამხედრო აგრესიამდე თბილისი აკონტროლებდა. საუბარია დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებზე, ფრონეს ხეობის ზოგიერთ სოფელზე და ახალგორზე, რომელიც ბოლო ომამდე არასოდეს ითვლებოდა კონფლიქტის ზონად. ინფორმაციას ადასტურებს შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი:

(ვლადიმერ ვარძელაშვილის ხმა) ”ხელშეკრულების მოთხოვნით, წესით, ლიახვის ხეობაც უნდა დაბრუნდეს, მაგრამ რუსული მხარე აკეთებს რაღაც თავის საზღვარს, ანუ რაღაც ხაზივით ავლებს ამ ზონას და კომუნისტების დროინდელი ცხინვალის ოლქის საზღვარს აკეთებენ და... ამაში შედის ფრონეს ხეობის რამოდენიმე სოფელი, აი, ავნევი, ნული, მაგალითად... დვანის რაღაცა ნაწილი მიწების... და აქეთ - ახალგორი...” (სტილი დაცულია)

თუკი რუსეთი 10 ოქტომბრამდე ხსენებული ტერიტორიებიდან უკან არ დაიხევს, ეს ფაქტი აუცილებლად აღირიცხება ევროკავშირის მეთვალყურეთა ანგარიშში, რომელიც განხილული იქნება ოქტომბერში ჟენევაში დაგეგმილ ექსპერტთა საგანგებო კონფერენციაზე. რუსეთი საქართველოში ახალ ადმინისტრაციულ, ასე ვთქვათ, წითელ საზღვარს ავლებს, მაშინ როდესაც ევროკავშირმა, შუამავლის როლის ფარგლებში, გამოხატა ამბიცია ხელი შეუწყოს დევნილების დაბრუნებას არათუ მხოლოდ ბოლო ომის შედეგად დაცარიელებულ ტერიტორიებზე, არამედ იქაც, საიდანაც ქართველები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამოდევნეს. პოლიტოლოგები მოელიან, რომ ჟენევის კონფერენციაზე დევნილების თემა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება, თუმცა იგივე პოლიტოლოგები რუსეთისგან ნაკლებად მოელიან ნებაყოფლობით უკან დახევას, თუკი ევროკავშირი მოსკოვს სადამსჯელო სანქციებს არ დაუპირისპირებს. ევროპა რუსეთის დასჯაზე ჯერჯერობით კონკრეტულს არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, აქტიურობს ამერიკა. 26 სექტემბერს გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დენიელ ფრიდის განცხადება იმის შესახებ, რომ თუკი რუსეთი 10 ოქტომბრისთვის ჯარს არ გაიყვანს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ე.წ. ბუფერული ზონებიდან, ვაშინგტონის პოზიცია უმკაცრესი იქნება.
მიმდინარე კვირაში საქართველოში ევროპელი სტუმრების სიმრავლე აღინიშნებოდა. მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შეხვედრებს თბილისში მართავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები. ეს არის დროებითი კომისია, ბელგიელ ლიუკ ვან დენ ბრანდეს ხელმძღვანელობით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებს შეისწავლის. მიმდინარეობს მზადება საგანგებო მოსმენისთვის ”საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების” შესახებ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის ფარგლებში უნდა გაიმართოს. შემოდგომის სესიის მოწვევა იგეგმება სტრასბურგში 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე. დელეგაცია შეხვდა საქართველოს ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები იმყოფებოდნენ ცხინვალშიც. კომისიის დასკვნა ორშაბათს გახდება ცნობილი, მანამდე კი გაკეთდა მხოლოდ ზოგადი ხასიათის კომენტარები. 25 სექტემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ლიუკ ვან დენ ბრანდემ თქვა მხოლოდ ის, რომ აგვისტოს ომის თავიდან ასაცილებლად მხარეებმა არ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. დელეგაციის წარმომადგენლის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლის საქართველოს საკითხებში მათიას ეორშის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს მსოფლიო. მანამდე კი რამდენიმე უტყუარ ფაქტებზე მათიას ეორში ყურადღებას თავად ამახვილებს:
(მათიას ეორშის ხმა) ”ფაქტია, რომ ქართველ ჯარისკაცს ფეხი არ დაუდგამს რუსეთის მიწაზე... ისიც ფაქტია, რომ რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ ქართველების ტერიტორიაზე.... აგვისტოში, როცა აქ ვიყავი, გორში შესასვლელად ჩვენ უნდა გაგვევლო 3 ბლოკ-პოსტი... ამჟამად იქ მხოლოდ ერთი ბლოკ-პოსტია, მაგრამ ეს ერთიც საკმარისზე მეტია... ”

ოკუპირებულ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველოში ამოქმედდება კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის პროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში 26 სექტემბერს შედგა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამოქმედდება შეზღუდვების მრავალმხრივი მექანიზმი:
(დავით ბაქრაძის ხმა) ”ეს არის შეზღუდვა კერძო საკუთრების განკარგვაზე და ბათილია ნებისმიერი გარიგება, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ეს ითვალისწინებს ძალიან სერიოზულ შეზღუდვას ამ რეგიონებში ინვესტიციაზე, ეკონომიკურ თამანშრომლობაზე; ითვალისწინებს იქ უკანონოდ გაცემული მოქალაქეობის ბათილად ცნობას და იქ არსებული არალეგიტიმური სტრუქტურების უკანონოდ და ბათილად ცნობას.” (სტილი დაცულია)
ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება ყველა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, რომელიც კანონის ამოქმედების დღისთვის, ფაქტობრივად, ოკუპანტების კონტროლქვეშ იქნება. ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით, ჩამონათვალში, სულ მცირე, შევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი, ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლები, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG