Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების შეკითხვების უმრავლესობა ქართულ-რუსული ომის დაწყების მიზეზებს ეხება


გასულ კვირაში პარლამენტმა დაამტკიცა

დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, რომელმაც აგვისტოს მოვლენები, უფრო ზუსტად, ქართულ-რუსული ომის დაწყების, მისი მიმდინარეობისა და მარცხის მიზეზები უნდა შეისწავლოს. არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა კი მხარს უჭერს იმ საკითხების დამოუკიდებელ გამოძიებას რომელთა ირგვლივაც შეკითხვები დაგროვდა საზოგადოებაში. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებულ კითხვებს მოვუყარეთ თავი.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში მკრეხელობაა შეკითხვის დასმა, თუ ვინ დაიწყო ომი ცხინვალში. თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დამოუკიდებელ კომისიას, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ შეკითხვაზე უნდა გასცენ დამაჯერებელი და ფაქტებით გამყარებული პასუხი. ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ომის დაწყების მიზეზები უნდა განმარტოს:

[გელა ნიკოლაიშვილი] ”რა მიზნები ჰქონდა ხელისუფლებას, როდესაც ამ ომს იწყებდა ან ამ ხაფანგში თავს ყოფდა? და თუ ჰქონდა რაიმე კონკრეტული, რეალური საფუძველი იმისა, რომ ამ მიზნებს მიაღწევდა, უფრო სწორად, რა საფუძველი ჰქონდა ამ მიზნების მიღწევისა? ვგულისხმობ, ვთქვათ, პოლიტიკურ მხარდაჭერას ამერიკიდან, ან რუსეთისგან თვალის დახუჭვას. შესაძლოა, ვიღაცეებმა ან ყალბი დაპირება მისცეს, ან ხაფანგში შეიტყუეს, მაგრამ არსებობდა თუ არა ამის საფუძველი?”(სტილი დაცულია)


პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძეც, მიიჩნევს, რომ უმთავრესი შეკითხვა ომის დაწყების მოტივაციას შეეხება. თუმცა მას აინტერესებს, თუ რას ურჩევდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყების წინ კოლეგები დასავლეთიდან და გაიზიარა თუ არა მათი რჩევები პრეზიდენტმა სააკაშვილმა:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”მაგრამ უპირველესი და ყველაზე საკვანძო შეკითხვა, მე მეჩვენება, არის ის, რომ როდესაც ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი და გულშემატკივარი გვაფრთხილებდა მოსალოდნელ საფრთხეზე და გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდა აღმოვჩენილიყავით ამ ხაფანგში და პროვოკაციაში ჩართული; როდესაც ყველამ ვიცოდით, რომ ჩრდილო კავკასიაში ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში მათ შორის ჩვენი ტელევიზიებიც გადასცემდნენ, თუ როგორ ხდებოდა მოსახლეობის ევაკუაცია ცხინვალიდან, რა მოტივაცია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას ასეთ სიტუაციაში სამხედრო ქმედებებში ჩართვისა?”(სტილი დაცულია)

აგვისტოს მოვლენების დროს გორში იმყოფებოდა ”ეროვნული ფორუმის” წევრი გუბაზ სანიკიძე. იგი, როგორც ამბობს, ფრონტისპირა ქალაქში ჩავიდა იმისათვის, რომ მორალური მხარდაჭერა გამოეცხადებინა ტერიტორიული მთლიანობის დამცველებისათვის. გუბაზ სანიკიძეს არა აქვს შეკითხვები, თუ რამდენად წარმატებულად იყო დაგეგმილი საქართველოს მხრიდან სამხედრო ოპერაცია. მას აინტერესებს, იყო თუ არა გათვალისწინებული რუსეთის სამხედრო ფაქტორი:

[გუბაზ სანიკიძე] ”უმთავრესი შეკითხვა ეს არის: რატომ გამოირიცხა რუსეთის ჩარევის ფაქტორი, რატომ არ იქნა გათვალისწინებული წმინდა სამხედრო თვალსაზრისით რუსების შემოსვლა. იმიტომ რომ აშკარა იყო, რომ დასაწყისი ამ ოპერაციის იყო შედარებით ნორმალურად დაგეგმილი, მაგრამ მათ გამორიცხული ჰქონდათ დიდი რაოდენობით რუსეთის ძალების შემოსვლა ცხინვალის რეგიონში. ეს არის უმთავრესი შეკითხვა ჩემგან, ჩემი წრის ხალხისგან და ბევრი ადამიანისაგან. რატომ გამოირიცხა რუსეთის ფაქტორი?”


საზოგადოების ერთ ნაწილს კი აინტერესებს, თუ რატომ აკეთებენ ომის დაწყების თაობაზე ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, უშუალოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჟურნალისტმა გიორგი გორგოძემ რამდენიმე ასეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას მოუყარა თავი, თუმცა, როგორც ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, მას, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცების ბედის გარკვევა აინტერესებს:

[გიორგი გორგოძე] ”როცა დღეს არ იცის მშობელმა, მისი შვილი ცოცხალია, საძმო საფლავშია დასაფლავებული, ტყვედ არის თუ სად არის; ის, რომ დღემდე არ გამოქვეყნებულა დაღუპულთა სიები, -სიტყვის მოძებნაც კი გამიჭირდება, თუ როგორი მკრეხელობაა ეს. თანაც, ერთ დღეს ხელისუფლებას შეუძლია თქვას ერთი და მეორე დღეს თქვას სრულიად საწინააღმდეგო და ორივე ამტკიცოს. მაგალითად, სააკაშვილი ამბობდა, მეხვეწებოდა თავდაცვის მინისტრი, დამიჩოქა, რომ შევუტიოთო. მერე შეუძლია თქვას მეორე დღეს, რომ მარბელიაში იყო, სადღაც ესპანეთში, და ვუყვირე, ჩამოდიო. ვამბობთ, რომ ვიცოდით, რომ 58-ე არმია მომდგარი იყო, გადმოსული იყო აქეთ 7 აგვისტომდე, მერე ვიძახით, რომ არ მოველოდით, თუ რუსეთი ასეთ აგრესიაზე წავიდოდა. ფანტასტიური, აბსოლუტურად შეუთავსებელი რაღაცეებია.”(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი საკვანძო საკითხია, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების დაწყების თაობაზე 7 აგვისტოს. ყველას ახსოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მან გასცა განკარგულება არ გახსნან საპასუხო ცეცხლი. ეს მოხდა სადღაც 7 აგვისტოს საღამოს 7 საათზე. მერე კი იყო საარტილერიო სროლები ცხინვალზე და სამშვიდობო ძალების სარდლის გენერალ ყურაშვილის განცხადება, რომ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა სამხრეთ ოსეთში. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გამოძიებას სთხოვს, ყურადღება უფრო მეტად ”პოლიტიკურ ასპექტებზე” გაამახვილოს:

[რამაზ საყვარელიძე] ”რომელი კოლექტიური ორგანოს მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება? - ახლა საომარ ასპექტებზე არ ვლაპარაკობ, მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტებზე ვლაპარაკობ.”

ყველაზე უფრო ხშირად კი საზოგადოება მოითხოვს დასახელდნენ პასუხისმგებელი პირები აგვისტოს მოვლენების გამო, რასაც მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, ეთნიკური წმენდა და ასობით სოფლის დაკარგვა კოდორის ხეობაში, ახალგორში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში. ამ კატასტროფული შედეგებიდან გამომდინარე, კონფლიქტოლოგ გიორგი ხუციშვილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ სამპუნქტიანი შეკითხვა აქვს:

[გიორგი ხუციშვილი] ”ერთი შეკითხვაა სამ ნაწილად გაყოფილი: თვლით თუ არა თქვენ, რომ აგვისტოში ქვეყანაში, საქართველოში, მოხდა კატასტროფა; თვლით თუ არა თქვენ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ამ კატასტროფაში და, მესამე, თვლით თუ არა თქვენ, რომ ამ კატასტროფის გამო ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ქვეყნისა და ხალხის წინაშე?”(სტილი დაცულია)

პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხში საქართველოს ხელისუფლება ურყევია - სამხედრო მარცხისა და მისი თანამდევი შედეგების გამო საქართველოში არც ერთი მაღალი რანგის მოხელე არ დასჯილა. სამაგიეროდ, ქართულ საპატიმროებში იმყოფება მხოლოდ რამდენიმე უმცროსი ოფიცერი და რიგითი ჯარისკაცი, რომლებმაც საბრძოლო პოზიციები თვითნებურად დატოვეს ან საკუთარ სამხედრო ნაწილში დროულად ვერ გამოცხადდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG