Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმოხილვას დავიწყებთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუთი, რომელიც მან აშშ-ის ჟურნალ "ნიუსუიკს" მისცა.

ინტერვიუ ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ომის დაწყებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, საქართველოს აღმშენებლობის უახლოეს გეგმებს.

ინტერვიუში სააკაშვილმა გაიმეორა, რომ რუსეთი გასული წლის ნოემბრიდან ემზადებოდა ომისთვის და საქართველოს ხელისუფლება მის დაწყებას შემოდგომაზე ვარაუდობდა.

ჟურნალისტ ლალი უეიმაუთის შეკითხვაზე, როგორ გეგმავს ის რუსეთთან ურთიერთობების აწყობას, სააკაშვილმა განაცხადა:

"მე ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, კრემლში ნაციონალისტურ ელემენტებს ვაჩვენოთ, რომ მათი ორი სტრატეგიული მიზნის მიღწევა - საქართველოს მთავრობის ჩამოგდება და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ხელში ჩაგდება - ვერ მოხერხდება. ჩვენ ვერასოდეს ვაჯობებთ რუსეთს სამხედრო აღჭურვილობის თვალსაზრისით, მაგრამ მასთან შეჯიბრი შეგვიძლია პრინციპების, ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების თვალსაზრისით და შეგვიძლია ვაჩვენოთ მათ თავისუფლებისა და დემოკრატიის უპირატესობები."

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში, შეიძლება გამეორდეს უკრაინაში, ყირიმთან დაკავშირებით.

"ვლადიმირ პუტინი არ მალავს, რომ განსაკუთრებით ესაჭიროება ორი ადამიანის თავი: ვიქტორ იუშჩენოკოსი და ჩემი. ყოველთვის ამაყობს ხოლმე იმით, რომ არასოდეს თმობს თავის მოთხოვნებს. უკრაინა ჭეშმარიტი დემოკრატიაა და ამითაა ის გამორჩეული და რუსეთისგან განსხვავებული."

შეკითხვაზე, რა სურს მას ამჟამად დასავლეთისგან, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის პირველ რიგში ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მოელის:

"ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ მას ხანმოკლე ეფექტი ექნება. ყველაზე უფრო მეტად გვჭირდება ბაზრებისკენ გზის გახსნა და პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენ ჯერაც შეგვიძლია წარმატების მიღწევა, თუკი ხალხს არ შეეშინდება ჩემს ქვეყანაში ფულის დაბანდება."

"ნიუსუკი" დაინტერესდა, მართლაც ცდილობს თუ არა რუსეთი მის ჩამოგდებას და როგორია მისი შანსები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს მართლაც ასეა, მაგრამ რუსეთი თავის მიზანს ვერ მიაღწევს. "მათ საუკეთესო შანსი აგვისტოში ჰქონდათო", დასძინა მან.

ახლა გაგაცნობთ კიდევ ერთ ინტერვიუს, რომელიც გერმანიის გაზეთმა "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგმა" აიღო ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ სტუბისგან.

როცა 8 აგვისტოს რუსეთის ჯარები საქართველოში შევიდნენ, სტუბმა თქვა, რომ ეს იყო შემოტრიალების წერტილი მსოფლიო პოლიტიკაში. ჟურნალისტის შეკითხვაზე, საით წაგვიყვანა ამ შემოტრიალებამ, სტუბმა უპასუხა:

"მანამდე მსოფლიო მხოლოდ ე.წ. ახალი საფრთხეებისკენ იყურებოდა. ვსაუბრობდით კლიმატის ცვლილებაზე და ტერორიზმზე. კავკასიის ომმა გვაჩვენა, რომ კონვენციური კონფლიქტები - პროვოცირებულია ისინი თუ არა - ევროპის პოლიტიკისთვისაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამ კონფლიქტის უარყოფითი მხარეების გვერდით ორი დადებითი რამ გამოიკვეთა: ევროპის კავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავა. ამასთან, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მომავალში ის ერთი ხმით უნდა ლაპარაკობდეს."

გერმანელი ჟურნალისტი შეეხო ეუთოსთვის საკმაოდ მტკივნეულ თემას იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციამ ვერ მოახერხა სამხრეთ ოსეთში ასი მეთვალყურის გაგზავნის შესახებ შეთანხმება.

"ჩემი წინადადებაა, მეთვალყურეები პროვინციაში მხოლოდ დღისით შევიდნენ და ღამით კვლავ დატოვონ მისი ტერიტორია. უნდა დაველოდოთ მოლაპარაკებების შედეგებს. ამის შემდეგ ორ კვირაში ჟენევაში ევროპის კავშირთან და გაეროსთან ერთად წარმოვადგენთ ერთობლივ პრინციპებს: ჩვენი მიზანია, სტაბილიზაციისა და ნდობის აღდგენის გზით შორეული პერსპექტივით მოხერხდეს კონფლიქტის მოგვარება. რაც შეეხება ლტოლვილთა დაბრუნებას, ვშიშობ, ამას კიდევ ბევრი დრო დასჭირდება.

დაბოლოს, გაზეთი დაინტერესდა სტუბის აზრით, ვინ დაიწყო ომი.

"არ ვიცი, რუსეთმა დაიწყო ომი თუ საქართველომ. მე, როგორც ეუთოს თავმჯდომარეს, არ მაინტერესებს დამნაშავის გამორკვევა. ამის გარკვევა სხვებს შეუძლიათ. ჩვენ კი მხოლოდ ახალ უკმაყოფილების პროვოცირებას გავაკეთებდით ამით. პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 50 წლის შემდეგაც დაობდნენ, თუ ვინ იყო დამნაშავე."

ეს გახლდათ ინტერვიუ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ სტუბთან. ინტერვიუ გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში" გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG